მთავარი,სიახლეები

„მარტივად არ ვბულინგდები“ – თორნიკე რიჟვაძე ბათუმში ახალი მეჩეთის აგებაზე

03.04.2019 • 3422
„მარტივად არ ვბულინგდები“ – თორნიკე რიჟვაძე ბათუმში ახალი მეჩეთის აგებაზე

კონსენსუსი – ამ სიტყვას ისევ აქტიურად იყენებს თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის თემაზე საუბრის დროს. რატომ უნდა იყოს დამოკიდებული მუსლიმი თემი კონსენსუსზე, თუკი რელიგიის თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებულია? – „ბათუმელები“ თორნიკე რიჟვაძესთან ინტერვიუს იმ მონაკვეთს გთავაზობთ, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეჩეთის აგების თემაზე საუბრობს.

ბატონო თორნიკე, ბათუმის მეჩეთზე თქვენი თავდაპირველი განცხადების გამო ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდით. რამდენიმე დღეში შეცვალეთ პათოსი და თქვით, რომ საზოგადოება უნდა შეთანხმდეს ახალი მეჩეთის აგებაზე. რატომ მოიქეცით ასე – ფეისბუქრეაქციის გამო, თუ მრჩევლების რეკომენდაცია იყოს ეს?

პირველი, რომ ეგრე მარტივად არ ვბულინგდები, ეს ერთი. რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, ეს არის სიღრმისეული მსჯელობის საგანი და მე ვრჩები იმავე აზრზე, რაც მაშინ განვაცხადე. ყველა გადაწყვეტილება იქნება ისე, როგორც ამ სახელმწიფოს ეკადრება, ისე, როგორც ამას საზოგადოებრივი კონსენსუსი მოითხოვს. რიგი საკითხები, როგორიცაა სამართლებრივი და სანებართვო, რა თქმა უნდა, ეს პროცედურების მიხედვით უნდა გადაწყდეს.

მერიასა და მუსლიმ თემს შორის სასამართლო განხილვა შეჩერებულია გაურკვეველი ვადით… თქვენ რატომ მიიჩნევთ, რომ კონსენსუსზე უნდა იყოს დამოკიდებული მუსლიმი თემი? ასე საზოგადოება შესაძლოა ვერასდროს შეთანხმდეს იმაზე, რომ ბათუმს ახალი მეჩეთი სჭირდება. 

მე გავუწიე ერთადერთ ფაქტორს ანგარიში და მას ყოველთვის გავუწევ, რადგან მე სხვა პასუხისმგებლობა მაქვს. ამ განცხადებით პრევენცია გავუკეთე იმ სპეკულაციებს, რომელიც გარკვეულ ჯგუფებს სურდათ… საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში ყველა აღმსარებლობის ადამიანის უფლება არის დაცული. თუ არსებობს კონკრეტული პრობლემა, შეზღუდვა, ეს არის იმ კონკრეტულ კონფესიებთან განსახილველი. ამაში აქტიურადაა ჩართული იგივე რელიგიის სააგენტო. სანებართვო ამბები, ეს არის სასამართლოს კომპეტენცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია და პატივსაცემია, რომ ყველა რწმენის ადამიანს ჰქონდეს აღმსარებლობის და რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის საშუალება.

როცა ამბობთ, რომ მუსლიმმა ჯგუფმა კონსენსუსს უნდა მიაღწიოს, ეს არ ნიშნავს უკვე იმას, რომ ამ ჯგუფის უფლება ირღვევა? 

მე ვთქვი ადრე და ახლაც ვამბობ, რომ თუ აშენდება, უნდა აშენდეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე, ისე, როგორც ამ სახელმწიფოს ეკადრება. თუ ეს შეეხება კონკრეტულ საკულტო ნაგებობას, რომელიც შენდება ამ ქვეყანაში დადგენილი წესების შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არის მუსლიმი მრევლის უფლება. ეს უფლება არის რეალიზებადი ჩვენს ქვეყანაში. თუ არსებობს ნებართვასთან დაკავშირებული პრობლემა, არსებობს ამაზე მიმდინარე სასამართლო დავა.

იცით თუ არა, რომ თვითონ მუსლიმ მრევლშიც არსებობს კონსენსუსის საჭიროება კონკრეტულ საკულტო ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებით? ეს არის კონსენსუსის სტანდარტი, თუ როგორ და რა ფორმით უნდა შენდებოდეს საკულტო ნაგებობა. ნებართვის გაცემის გარეშე ამ ქვეყანაში საკულტო ნაგებობის აგების პრაქტიკა არსებობს? კონკრეტული საკულტო ნაგებობა, იქნება ეს ტაძარი მართლმადიდებლური, მეჩეთი, სინაგოგა თუ სხვა საკულტო ნაგებობა, ამ ქვეყანაში უნდა შემოწმდეს იმ დადგენილი წესების შესაბამისად, რაც ამ ქვეყანაში მოქმედებს.

ეს წესები ხომ საერთოა ყველასთვის? 

ეს წესები საერთოა, რა თქმა უნდა.

როცა, მაგალითად, მართლმადიდებლები აგებენ ახალ ტაძარს, რატომ არ ამბობთ იმავეს, რომ კონსენსუსია საჭირო, იქნებ წინააღმდეგია ვინმე? 

მუსლიმ თემსაც ჰყავს სამუფთო სამმართველო, ალბათ, იცით ამის თაობაზე. ტაძრების მშენებლობის დროსაც ხდება შესაბამისი პროცედურების დაცვა. მე აქ სანებართვო საკითხებში არ შევალ. ამ შემთხვევაში არსებობს სამუფთო სამმართველო… როცა ვამბობ კონსენსუსს, ვგულისხმობ, რომ თუნდაც შიგნით უნდა იყოს კონსენსუსი, რომ ეს დადგენილი წესის შესაბამისად აშენდეს. ეს განსაკუთრებით ფაქიზი თემაა. აქ ხომ ვერ გამოვა პოლიტიკოსი და არ მიიღებს გადაწყვეტილებას, აქ არის დადგენილი წესები…

მთავარი ფოტო: პარასკევის ლოცვა ბათუმის ორთა ჯამესთან, მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

თორნიკე რიჟვაძესთან ვრცელი ინტერვიუ „ბათუმელებმა“ პირველ აპრილს ჩაწერა. ინტერვიუს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: