მთავარი,სიახლეები

სააგენტო, რომელიც აპირებს ბათუმში ჩამოსულ ტურისტებს შინაურად აგრძნობინოს თავი

04.04.2019 • 4221
სააგენტო, რომელიც აპირებს ბათუმში ჩამოსულ ტურისტებს შინაურად აგრძნობინოს თავი

„შინაური გამოცდილების სააგენტო“ – ასე ეწოდება სააგენტოს, რომლის მიზანია ტურისტებს არა ტურისტულად შეფუთული, არამედ ნამდვილი ბათუმი აჩვენოს, ბათუმელებით, ბათუმური შიდა ეზოებით, ამ ეზოებში მზეს მიფიცხებული კატებით, გასაშრობად გაფენილი ჭრელა-ჭრულა სარეცხის მწკრივებით, მეწაღეებით, მესაათეებით და ნაცნობი ქუჩის ძაღლებითაც კი. ერთი სიტყვით, ეს არასტანდარტული ტურისტული სააგენტოა, რომელსაც ერთი მიზანი აქვს – ბათუმში ჩამოსულ ადამიანებს შინაურად, „ჩუსტებში“ აგრძნობინოს თავი და აჩვენოს ქალაქის ხასიათი. სწორედ ამ „შინაურობის“ ხაზგასასმელად სააგენტოს ლოგო ჩუსტებია.

„შინაური გამოცდილების სააგენტოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი ბათუმელი გაბრიელ ღვინიანიძეა, სტუდენტი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. გაბრიელი ამბობს, რომ სააგენტო მეგობრებთან ერთად დაარსა, მარკეტინგული კომპანია „შინდის“ მხარდაჭერით. მისი თქმით, „შინაური გამოცდილების სააგენტოში“ იერარქიული დაყოფა არ აქვთ  – მეგობრები ვართ, ზოგი დიზაინს აკეთებს, ზოგი ტექსტებს და საბოლოო ჯამში ერთობლივად გამოგვდის პროდუქტიო, – ამბობს გაბრიელი.

„ბოლო დროს მსოფლიოში არის მზარდი ტენდენცია ე.წ. გამოცდილების ტურიზმის. ტურისტები ეძებენ უფრო ღრმა, ემოციურ დონეზე დატვირთულ აქტივობებს. ბათუმელმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ყოველდღიურობის კომერციალიზაცია იქნებოდა ძალიან საინტერესო და ასე შევძლებდით ჩვენი ქალაქის უნიკალური გარემოს ტურისტებისთვის გაზიარებას. ბათუმი გვაძლევს ამის საშუალებას, ისევე როგორც ნებისმიერი ქალაქი, რადგან ნებისმიერ ქალაქში არიან უნიკალური პერსონაჟები, არის ტრადიციები, რაც იქნება ტურისტისთვის საინტერესო. სტანდარტულ ტურისტულ რუკებზე, ბროშურებში, ასეთი ინფორმაცია ნაკლებად გვხვდება“, – ამბობს გაბრიელი.

„შინაური გამოცდილების სააგენტო“ ამ ზაფხულიდან გეგმავს მუშაობას, მანამდე კი რამდენიმე არასტანდარტული, შინაურული ტური უკვე მოამზადეს. ერთ-ერთ ტურს „გიზო“ ჰქვია და მისი გიდი ბათუმელი ფოტოგრაფი გიზო ჩიგოგიძე იქნება.

„ბატონ გიზოს შეჰყავს ტურისტები ეზოში, სადაც თავად ცხოვრობს. ეზოში იქნება მიმოფანტული მის მიერ სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოები, არა როგორც საგამოფენო დარბაზში, არამედ ძალიან შინაურულ გარემოში. ამ სივრცეში, ტრადიციულ ბათუმურ ეზოში, სადაც ვიღაც „კოფეს“ ადუღებს, სადაც ისმის სახასიათო ბათუმური დიალოგები, ბატონი გიზო ყვება თავის ფოტოებზე, ისეთ ამბებზე, რომელსაც ვერ წაიკითხავთ ვერსად, ეს ამბები მხოლოდ მას ახსოვს. ამ ტურის უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ ყოველ ჯერზე, ყოველ ტურისტულ ჯგუფთან, ეს სხვა ტური იქნება, რადგან ყველა ტურისტს ექნება სხვადასხვა კითხვა, სხვადასხვა კითხვას კი მოჰყვება სხვადასხვა ისტორია“ – ამბობს გაბრიელი.

ფოტო: შინაური გამოცდილების სააგენტო FB

„შინაური გამოცდილების სააგენტოს“ ექნება უფასო ტურიც: „ყველა ქალაქში მოიძებნება ადამიანი, რომელიც თუნდაც ენთუზიაზმზე თანახმაა თავისი ქალაქის სტუმრებს ჩაუტაროს უფასო ტური და მოკლედ გააცნოს ტურისტებს ქალაქის ისტორია. გიდი იქნება ბათუმელი ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქალაქი და გააჩნია გარკვეული ცოდნა და გამოცდილება“, – ამბობს გაბრიელი.

ბათუმელი ახალგაზრდების სააგენტოს კიდევ ერთი პროექტია „შინაურის“ რუკა, ერთგვარი გზამკვლევი იმ ტურისტებისთვის, რომელთაც უნდათ, რომ ბათუმი უფრო კარგად გაიცნონ.

„ამ რუკაზე არ იქნება დატანილი ისეთი ობიექტები, რომლებსაც ტურისტები თავისით პოულობენ. რუკაზე იქნება, მაგალითად, ერთ-ერთი ძველი ბათუმელი მეწაღის მისამართი და ისტორია, ანუ რას ნიშნავდა ბათუმისთვის მეწაღეები, რატომ იყვნენ მნიშვნელოვანი, იგივე მესაათე, ასევე სიგარეტების ღერებით გაყიდვის ფენომენი, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები, დაბომბვის საწინააღმდეგო თავშესაფრები, რომელიც საბჭოთა დროიდან შემოგვრჩა ქალაქში… ასევე, ამ რუკაზეა ჩვენი ცნობილი ბათუმელი ჯონსონა და ძაღლიც კი, რომელიც ევროპის მოედანზე გვხვდება ხშირად და რომელსაც ყველა ბათუმელი ლამის მისალმებით იცნობს.

რუკა თავიდან ალბათ არ გაიყიდება და ცნობადობის გაზრდის მიზნით დარიგდება. როცა ნახავს მეწაღის მისამართს ტურისტი რუკაზე, მხოლოდ ის კი არ არის მიზანი, რომ მივიდეს მეწაღესთან, უბრალოდ, ამ ობიექტებზე წაკითხვის შემდეგ მას ექმნება წარმოდგენა, რომ ამ ქალაქში არსებობს ისეთი ადგილები, ისეთი სანახაობები, რომელიც მისთვის შეიძლება საინტერესო იყოს“, – გვიყვება გაბრიელი.

„შინაური გამოცდილების სააგენტოს“ უკვე აქვს ვებგვერდი – shinauri.ge, სადაც ტურების შესახებ ინფორმაციის გარდა ძველი ბათუმის შესახებ მოკლე, საინტერესო ცნობებსაც ნახავთ. „შინაურს“ ტურები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე აქვს მომზადებული, თითოეული ტურის ფასი დამოკიდებული იქნება ტურისტული ჯგუფის წევრების რაოდენობაზე.

ფოტო: შინაური გამოცდილების სააგენტო

სააგენტოს უკვე ჰქონდა საცდელი ტურები, ტურების დასახვეწად რეკომენდაციები რომ მიეღოთ. გაბრიელი ამბობს, რომ შეფასება დადებითი იყო და ახლა ზაფხულს ელიან, რომ დაინტერესებულ ტურისტებს „შინაურმა“ ბათუმი გააცნოს.

ჩვენ მოგვწონს და გვიყვარს, რასაც ვაკეთებთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანიაო, ამბობს გაბრიელი და იმედოვნებს, რომ სეზონი წარმატებული იქნება მათთვის.

___________________________

მთავარ ფოტოზე: გაბრიელ ღვინიანიძე. ფოტო FB

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: