მთავარი,სიახლეები

ბათუმში რესტორანმა „მიუნჰენმა“ ტროტუარზე რკინის კონსტრუქცია დადგა

30.03.2019 • 4253
ბათუმში რესტორანმა „მიუნჰენმა“ ტროტუარზე რკინის კონსტრუქცია დადგა

ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე, რესტორანმა „მიუნჰენმა“ ტროტუარი რკინის კონსტრუქციით მთლიანად აითვისა. ბათუმის მერიამ ძველ ბათუმში, მათ შორის ამ ქუჩაზეც, ერთი თვის წინ რეიდი ჩაატარა და კაფე-ბარების მეპატრონეებს სარეკლამო აბრები ჩამოახსნევინა, ასევე, ტროტუარზე გამოტანილი სკამები და მაგიდებიც აალაგებინა.

ერთი თვის წინ, როცა მერიამ ქუთაისის ქუჩაზე არსებულ დაწესებულებების წინ გამოტანილი სკამები აალაგებინა, კაფე-ბარების მფლობელი მეწარმეები აცხადებდნენ, რომ ბათუმის მერია ყველა მეწარმეს თანაბარ მდგომარეობაში არ აყენებდა. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ნებართვა მარტის თვის ბოლომდე ჰქონდათ, მაგრამ მერიამ მაინც აალაგებინა სკამები.

ახლა ქუთაისის ქუჩაზე თუ გაივლით, დაინახვათ, რომ რესტორან „მიუნჰენს“, ობიექტის წინ, ტროტუარზე რკინის კონსტრუქცია აქვს დადგმული. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ მალე სკამებსა და მაგიდებსაც განთავსებენ. შესაბამისად, აქ ფეხით მოსიარულეებისთვის სივრცე შეიზღუდება.

ჰქონდა თუ არა ნებართვა ტროტუარის ათვისებაზე „მიუნჰენს“ და რა ზომების გატარებას აპირებს მერია? ამ საკითხთან დაკავშირებით „ბათუმელები“ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოს ხელმძღვანელი ჯუმბერ კობალაძე ამბობს, რომ „მიუნჰენმა“ რკინის კონსტრუქციის დადგმაზე ნებართვა გასულ წელს მიიღო მერიისგან.

ქუთაისის ქუჩაზე რესტორანმა „მიუნჰენმა“ ტროტუარი რკინის კონსტრუქციით მთლიანად აითვისა.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

რესტორნის მენეჯერმა ლანა მურვანიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რკინის კონსტრუქციის დადგმაზე ნებართვა მერიისგან როდის მიიღეს არ ახსოვს. „შარშან იყო თუ 2019-ში არ ვიცი, აღარ მახსოვს“-გვეუბნება ის.

„ჩვენ არ ვაპირებთ ტროტუარის მთლიანად გადაკეტვას, ნაწილში დაიდგმება მაგიდები და ფეხით მოსიარულეებისთვისაც უკეთესი იქნება, რადგან წვიმისგან დაიცავს“, – გვითხრა მენეჯერმა.

 

ამავე თემაზე:

ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარები გაფართოვდება – მერია ახალ რეგულაციაზე მუშაობს 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: