მთავარი,სიახლეები

აჭარაში ბავშვის ადრეულ განვითარებაზე ზედამხედველობის სისტემა ამოქმედდა

30.03.2019 • 1214
აჭარაში ბავშვის ადრეულ განვითარებაზე ზედამხედველობის სისტემა ამოქმედდა

დღეს, 30 მარტს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, იუნისეფმა ბავშვის ადრეულ განვითარებაზე ზრუნვის ახალი სისტემის პროექტი წარმოადგინა. პროექტი საპილოტეა და ის პირველად აჭარაში ხორციელდება.

გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე  „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში უკვე დაიწყო 650 ახალშობილი ბავშვის ზრდა-განვითარებაზე დაკვირვება და გადამზადდა 120 მედპერსონალი, რომელიც პროექტშია ჩართული. ექიმებისთვის შეძენილია 170 პლანშეტი, სადაც ახალი სისტემაა ჩატვირთული.

„ბავშვის ადრეული განვითარების სისტემა აქამდე არ არსებობდა,  ეს სისტემა, ფაქტობრივად, ჩამოშლილია, მაშინ როცა ბავშვის განვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ პირველი ხუთი წელია, რადგან ბავშვის ტვინის 80 პროცენტი სწორედ ამ პერიოდში ვითარდება და ეს არის ფუნდამენტი, რომელსაც ბავშვის შემდგომი განვითარება ეფუძნება,“- გვეუბნება მაია ქურციკიძე.

მისი თქმით, თუკი პრობლემა ამ პერიოდში იჩენს თავს და არ მოხდება მისი დროული მოგვარება, შემდეგ წლებში მისი გამოსწორება თითქმის ვერ ხერხდება.

ბავშვის ადრეულ განვითარებაზე ზრუნვის მონიტორინის სისტემის პრეზენტაცია „რედისონში“.

„შეიქმნა ელექტრონული მოდული, როგორც ბავშვის ზრდისა და განვითარების, ასევე, დაბადების რეესტრი, სადაც აღირიცხება ყველა ახალდაბადებული ბავშვის შესახებ ინფორმაცია და ეს ინფორმაცია გადაეცემა ბავშვის ზრდისა და განვითარების მოდულს, რის საფუძველზეც პირველადი ჯანდაცვის რგოლი იწყებს ბავშვის აღრიცხვას და მას განვითარებაზე ზედამხედველობას.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმი აღჭურვილია პლანშეტით, სადაც ჩატვირთულია ბავშვის განვითარების მოდულები და როცა ის მიდის ოჯახში, ამონიტორინგებს ზომას, წონას, კვებას, დედის ჯანმრთელობას, კონსულტაციას უწევს დედას და ოჯახს. გარდა ამისა, თუკი რაიმე პრობლემას ან დარღვევას შეამჩნევს ბავშვის განვითარებაში, ხდება დაუყოვნებლივ რეაგირება,“-ამბობს, მაია ქურციკიძე.

თუ ოჯახი სოციალურად შეჭირვებულია, ასევე, მის შესახებ ინფორმაციას გადაამისამართებენ სოციალურ სამსახურში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: