მთავარი,სიახლეები

პროტესტის მიუხედავად, საკრებულომ ჩაქვის პლაჟი „დრიმლენდ ოაზისს“ გადასცა

29.03.2019 • 1346
პროტესტის მიუხედავად, საკრებულომ ჩაქვის პლაჟი „დრიმლენდ ოაზისს“ გადასცა

მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ქობულეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ ჩაქვის პლაჟი შპს „დრიმლენდ ოაზისს“ ათწლიანი იჯარით გადასცა. საკითხის განხილვას სხდომაზე დღეს მოქალაქეები ესწრებოდნენ. ისინი ითხოვდნენ, საკრებულოს წევრებს გაეთვალისწინებინათ მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნა და პლაჟი ინვესტორისთვის არ გადაეცათ. მანამდე მათ ამ მოთხოვნით მოსახლეობამ რამდენჯერმე საპროტესტო აქციაც გამართა.

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს პლაჟის „დრიმლენდ ოაზისისთვის“ გადაცემის აუცილებლობა მისი მოვლა-პატრონობის აუცილებლობით ახსნა. მოსახლეობამ დავით მჭედლიშვილს შესთავაზა, რომ მორიგეობას დააწესებდნენ და თავად მოუვლიდნენ პლაჟს, „ოღონდაც ინვესტორს არ გადასცეთ“.

ამ წუთებში მოსახლეობა საკრებულოს შენობის ეზოშია შეკრებილი: „მაინც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ამიტომ ჩვენ შევიკრიბეთ და გვაქვს მოლაპარაკება, თუ როგორ მოვიქცეთ ამის შემდეგ.“

„დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვის პლაჟს, 12 320 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას, ათწლიანი იჯარით ითხოვდა. ამ კომპანიას უკვე ეკუთვნის პლაჟის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. პლაჟის კომპანიაზე გადაცემას ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება, ისინი მიიჩნევენ, რომ პლაჟის ინვესტორზე გადაცემის შემდეგ მათთვის ზღვაზე გასასვლელი  ჩაიკეტება და ისინი ზღვის სეზონზე დამსვენებელს დაკარგავენ.

„დრიმლენდ ოაზისი“ პლაჟზე ითხოვს ერთ ჰექტარზე მეტ ტერიტორიას – მერი თანახმაა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: