მთავარი,სიახლეები

რიჟვაძე ამბობს, რომ „შარლატანებს“ ორ წელიწადში 2 მილიარდი ლარის მოზიდვით უპასუხებენ 

29.03.2019 • 1189
რიჟვაძე ამბობს, რომ „შარლატანებს“ ორ წელიწადში 2 მილიარდი ლარის მოზიდვით უპასუხებენ 

დღეს, 29 მარტს, აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში მთავრობა ორი მილიარდი ლარის ინვესტიციის მოზიდვას აპირებს.

„ბოლო რვა თვის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით და ყოველ მომდევნო თვეში იქნება ამ მუშაობის შედეგი. გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები რეპუტაციულ ინვესტორთა ჯგუფებთან და შემდეგი ორი წლის განმავლობაში უნდა გავაოთხმაგოთ საინვესტიციო პორტფელი აჭარაში და მოვიზიდოთ არანაკლებ ორი მილიარდი ლარი“, – განაცხადა მან.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ეს იქნება ძირითადად ევროპული კაპიტალი. „ეს ნიშნავს, რომ გაჩნდება ექვსი ათასი ახალი სამუშაო ადგილი. გვაქვს ზუსტი გეგმა და ხედვა, როგორ უნდა შევძლოთ ინვესტიციების გაოთხმაგება.

ასე, რომ ის შარლატანები (გულისხობს ენმ-ს), რომლებიც აკეთებენ კომენტარებს და ქმნიან გარკვეულ მითებს, რომ თითქოს აჭარა კარგავს მიზიდულობას, ჩვენ ვუპასუხებთ საქმით“, – ამბობს თორნიკე რიჟვაძე.

მან თქვა, რომ მთავრობა წარმატებით მუშაობს და ამის მაგალითად დაასახელა ქობულეთში „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა. ასევე, მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის „ფონდ ქართუს“ ბათუმის დრამატული თეატრის რეაბილიტაციისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: