საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 17.8 მლრდ აშშ დოლარი [47.5 მლრდ ლარი] შეადგინა [2018 წლის მშპ-ს 109.6 პროცენტი].
2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საგარეო ვალი 17.2 მილიარდი აშშ დოლარი [45.1 მლრდ ლარი] იყო.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის მეოთხე კვარტალში ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 616.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო სხვა ცვლილებების გამო – 7.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად 65.7 და 25.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს სახელმწიფო [სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი] და კერძო სექტორის [საბანკო და სხვა სექტორები] საგარეო ვალს.
მთლიანი საგარეო ვალიდან, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.4 მლრდ აშშ დოლარი [19.9 მლრდ ლარი], რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალი 5.4 მლრდ აშშ დოლარია [14.4 მლრდ ლარი], ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 369.2 მლნ აშშ დოლარი [988.2 მლნ ლარი], ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 790.6 მლნ აშშ დოლარი [2.1 მლრდ ლარი] და 874.0 მლნ აშშ დოლარი [2.3 მლრდ ლარი].
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.3 მლრდ აშშ დოლარი [11.4 მლრდ ლარი;], სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 5.3 მლრდ აშშ დოლარი [14.3 მლრდ ლარი] და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.4 მლრდ აშშ დოლარი [6.4 მლრდ ლარი]. მთლიანი საგარეო ვალის 90.0 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
ამ თემაზე: