მთავარი,სიახლეები

პირველი საქმე, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ – 21 პირიდან 16-მა მსაჯულობა არ ისურვა

28.03.2019 • 2466
პირველი საქმე, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ – 21 პირიდან 16-მა მსაჯულობა არ ისურვა

“მძევლად ხელში ჩაგდების საქმეზე” ნაფიც მსაჯულებს პროკურორები და ადვოკატები დღევანდელ პროცესზე არჩევენ. პროცესი დღის სამ საათზე დაიწო და ამ დრომდე გრძელდება.

არჩევანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული 150 კანდიდატიდან კეთდება, თუმცა სასამართლო პროცესზე მხოლოდ 21 მოვიდა. აქედან 16-მა მსაჯულობაზე უარი თქვა და მათი მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა.

“თქვენ ხართ, ფაქტობრივად, მოსამართლე. მადლობა, რომ მოხვედით სასამართლოში,” – მიმართა ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს მოსამართლე ლევან გელოვანმა, ვიდრე ისინი უარს იტყოდნენ მსაჯულობაზე. ეს მოსამართლე ხელმძღვანელობს დღევანდელ სხდომას სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში, რომელიც 2013 წელს მოაწყვეს  ნაფიცი მსაჯულებისთვის, თუმცა აქამდე ამ მიზნით იგი არავის გამოუყენებია – ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქმეზე განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გამოიტანონ.

საუბარია „მძევლად ხელში ჩაგდების საქმეზე“ – შემთხვევა 2018 წლის დეკემბერში მოხდა.

პროკურატურის დადგენილების მიხედვით, მძევლად ხელში ჩაგდების ამბავი ქობულეთის ერთ-ერთ ქუჩაზე 20 დეკემბერს დაიწყო. რეზო მ. შეხვდა გიგა ბ.-ს და თანხის – 18 ათასი ამერიკული დოლარის დაბრუნება მოსთხოვა. გიგამ მას უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა და ვალს ვერ უბრუნებდა. დაზარალებულად ცნობილი გიგა ბ. ბრალდებულებმა თავდაპირველად შუახევში, სოფელ ნენიაში იძულებით წაიყვანეს, ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძის სახლში. გამოძიების ვერსიით, გატაცებულს ფიზიკურადაც შეურაცხყოფდნენ და მას დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალება არ ჰქონდა. მეორე დღეს გატაცებული ქობულეთში წაიყვანეს ისევ ახლობლის სახლში. მესამე დღეს კი, გიგა ბ. ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში მიიყვანეს.

24 დეკემბერს ერთ-ერთ ბრალდებულს, ირაკლი დ.-ს, შეხვდა გატაცებული კაცის ცოლი და მას 900 ლარი გადასცა. ამ ბრალდებულს გამოძიება ახლა ძარცვის მუხლითაც ედავება, რადგან დაზარალებულის ცოლი ამბობს, რომ შეხვედრის დროს მას ძვირადღირებული მობილური ტელეფონი „აიფონი“ წაართვეს. იმავე დღეს გატაცებული გიგა ბ.-ს ცოლმა პოლიციას მიმართა. 25 დეკემბერს სამართალდამცველებმა კობალაძის ქუჩაზე ბინაში გამოკეტილი გიგა იპოვეს.

დღევანდელ პროცესზე მსაჯულობის 21 კანდიდატს აცილების შესახებ ჰკითხა მოსამართლემ. კანონი კონკრეტულ შემთხვევებს განსაზღრავს, როცა კანდიდატად შერჩეულ პირს შეუძლია მსაჯულობაზე უარი თქვას. 16-მა პირმა თქვა, რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

“პირადი საკითხის მოტივით” თვითაცილების შემთხვევები ინდივიდუალურად განიხილა მოსამართლემ პროკურორებთან და ადვოკატებთან ერთად ისე, რომ დარბაზში მყოფ პირებს საუბრის შინაარსი არ გაუგიათ – ისინი მოსამართლის ტრიბუნასთან შეიკრიბნენ.

მსჯელობის შემდეგ პროკურორებმა მსაჯულობის კანდიდატების თვითაცილებას მხარი დაუჭირეს.

“ჩემი აზრით, თვითაცილების მოთხოვნა უსაფუძვლოა, გარდა იმ ერთი შემთხვევისა, როცა კანდიდატი, რეალურად, ბრალდებულის ახლობელია,” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.

მოსამართლემ კანდიდატების თვითაცილება დააკმაყოფილა თუ არა, მსაჯულობის მსურველმა თექვსმეტივე კანდიდატმა ერთად დატოვა სასამართლო სხდომის დარბაზი.

მხარეები ამჯერად კითხვებს უსვამენ ნაფიცი მსაჯულობის ხუთ კანდიდატს, ვინც დარბაზში დარჩა. გასაუბრების შემდეგ შესაძლოა პროკურორმა ან ადვოკატმა რომელიმე კანდიდატის აცილება მოითხოვოს და ეს დაასაბუთოს.

მხარეებს კანონის მიხედვით ასევე შეუძლიათ დამატებით 6-6 კანდიდატის აცილება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

“ისევ შეირჩევა 150 კაცი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და იქედან  შევარჩევთ კანდიდატებს,” – განმარტავს პროკურორი, რამაზ შავაძე.

შენიშვნა: დღეს, 28 მარტს, სასამართლო სხდომა ისე დასრულდა [20:00 საათი], რომ მხარეებმა მსაჯულობის ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეარჩიეს.

ამ თემაზე:

კაცმა $18 ათასისთვის დეიდაშვილი გაიტაცა – ნაფიცი მსაჯულების პირველი საქმე ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: