მთავარი,სიახლეები,სპორტი

ბათუმელი ექიმი მეთერთმეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი მკლავჭიდში

28.03.2019 • 8457
ბათუმელი ექიმი მეთერთმეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი მკლავჭიდში

29 წლის ბათუმელი ექიმი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი დარინა ცეცხლაძე მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონი მეთერთმეტედ გახდა.

2019 წლის 20-24 მარტს გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში დარინამ ტრავმების მიუხედავად იასპარეზა და აბსოლუტურ წონაში გახდა ჩემპიონი.

„ტრავმები მქონდა ვარჯიშის და გადატვირთული გრაფიკის გამო. ექიმი ვარ, ძალიან დატვირთული რეჟიმი მქონდა, იმდენს ვერ ვვარჯიშობდი, რამდენიც საჭირო იყო, რაც სამ-ოთხ თვეში იყო გასაკეთებელი, მინდოდა ერთ თვეში მიმეღწია და ამან გამოიწვია ტრავმები“, – გვითხრა დარინამ.

დარინა მკლავჭიდით უნივერსიტეტში სწავლის დროს დაინტერესდა, პირველად საქართველოს ჩემპიონი 2009 წელს გახდა და იქედან მოყოლებული დღემდე ეს ტიტული არ დაუთმია.

„თავის დროზე უნივერსიტეტში ჩატარდა შეჯიბრი, თვითმმართველობის სახელით მივიღე მონაწილეობა და ჩემპიონი გავხდი. დღევანდელი ჩემი ტრენერი უყურებდა შეჯიბრს, მოვეწონე და მითხრა, რომ ერთ კვირაში უნდა წავსულიყავით საქართველოს ჩემპიონატზე. პირველად ოთხი ოქრო ჩამოვიტანე მარჯვენა-მარცხენაში გამოვდიოდი, 60 კგ.წონით კატეგორიაში და აბსოლუტურ წონაში. მას შემდეგ სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი არ გამნელებია. მეუღლეც მიწყობს ხელს“, – გვითხრა დარინამ.

2014-2016 წლებში დარინა უკრაინაში სწავლობდა და სწავლის პარალელურად საერთაშორისო ტურნირებშიც მონაწილეობდა, სადაც ხუთი ოქრის მედალი მოიპოვა.

დარინა ამჟამად ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მუშაობს, მისი კოლეგებისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ იგი საქართველოს ჩემპიონია მკლავჭიდში.

_______

მთავარ ფოტოზე: დარინა ცეცხლაძე, ფოტო FB

გადაბეჭდვის წესი


ასევე: