განათლება,მთავარი,სიახლეები

სამინისტრო: ატესტატი მომავალ წელსაც ნიშნების საფუძველზე გაიცემა

26.03.2019 • 4674
სამინისტრო: ატესტატი მომავალ წელსაც ნიშნების საფუძველზე გაიცემა

„დამამთავრებელი გამოცდების ჩატარებას თავად სკოლა უზრუნველყოფს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, 23 აპრილს, პარლამენტში მორიგი გამოსვლის დროს.

მეტი ინფორმაციისთვის „ბათუმელები“ დაუკავშირდა განათლების სამინისტროს და განმარტება ითხოვა გამოცდების ფორმატსა და სხვა დეტალებთან დაკავშირებით. როგორც სამინისტროში გვითხრეს, დამამთავრებელი გამოცდების ჩატარება სკოლას შეუძლია, თუმცა ამ გამოცდაზე არ იქნება დამოკიდებული, მიიღებს თუ არა მოსწავლე ატესტატს.

სამინისტროს ინფორმაციით, ატესტატს ყველა ის მოსწავლე აიღებს, ვინც ეროვნულ სასწავლო გეგმას დაძლევს, ანუ თუკი ყველა საგანში ექნება 5 და მეტი ქულა.

განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ ასევე უთხრეს, რომ გამოცდების ჩატარება თითოეულ სკოლას ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლია და ამაში სამინისტრო არ ჩაერევა. „თუმცა ამის შესახებ სკოლამ წლის დასაწყისში უნდა განუცხადოს მოსწავლეებს“, – გვითხრეს სამინისტროში.

„ბათუმელების“ კითხვაზე, სკოლის მიერ ჩატარებულ გამოცდაზე მიღებული შედეგი აისახება თუ არა ატესტატის გაცემაზე? სამინისტროში ამბობენ, რომ სკოლამ თვითონ უნდა განაცხადოს ამის შესახებ.

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე კი გვეუბნება, რომ სკოლის გამოცდების საფუძველზე არ გაიცემა ატესტატი. „ატესტატს მოსწავლე მიიღებს წლის განმავლობაში მიღებული შეფასების საფუძველზე. თუკი სკოლა გამოცდას მაინც ჩაატარებს, ეს იქნება მხოლოდ იმისთვის, რომ მოსწავლემ შედეგი გაიუმჯობესოს“.

რა რისკებს ხედავს სკოლა ნიშნებით ატესტატის გაცემაში და ხომ არ გაზრდის ეს მოთხოვნას მაღალ ნიშნებზე? – ვკითხეთ დირექტორს. მარიზა აბაშიძის თქმით, 5 ქულა არის ის ბარიერი, რომელიც ყველა მოსწავლემ უნდა გადალახოს.

რაც შეეხება მე-6 და მე-10 კლასებში სამინისტროს მიერ დაგეგმილ გამოცდებს, სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ამ გამოცდებთან დაკავშირებით ჯერ სკოლებს დეტალური ინფორმაცია არ მიუღიათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: