მთავარი,სიახლეები

„ორივე კლინიკაში დღეს შევლენ შესასწავლად“ – 29 წლის ქალის გარდაცვალების საქმე

26.03.2019 • 2863
„ორივე კლინიკაში დღეს შევლენ შესასწავლად“ – 29 წლის ქალის გარდაცვალების საქმე

როდის გაარკვევს სამედიცინო რეგულირების სააგენტო ახალგაზრდა ქალის – მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე ექიმების პასუხისმგებლობის საკითხს? – კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საქმის შესასწავლად საბჭოს, რომელიც მსგავს შემთხვევებს სწავლობს, განხილვის ვადა დადგენილი არ აქვს. სააგენტოს პრესცენტრის განმარტებით, განხილვის დროს დამოკიდებულია დოკუმენტაციის რაოდენობაზე.

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ორივე კლინიკაში, ბათუმის „მედცენტრსა“ და რეფერალურ ჰოსპიტალში რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები დოკუმენტაციის შესასწავლად დღეს, 26 მარტს, შევლენ.

მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიებაც, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.

დაკრძალვამდე მელანო ფუტკარაძის ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრის თქმით, ექსპერტიზის დასკვნები ამ დროისთვის უცნობია.

29 წლის მელანო ფუტკარაძე 21 მარტს ღამით მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით გარდაიცვალა „მედცენტრში“. გარდაცვლილის ახლობლებს პრეტენზია რეფერალურ საავადმყოფოსთან აქვთ, სადაც მელანო ფუტკარაძე სამკურნალოდ თავდაპირველად მივიდა.

საპროტესტო აქციების შედეგად, ოჯახის მოთხოვნით რეფერალური საავადმყოფოს ერთ-ერთ ექიმს პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება.

გუშინ ექიმებმა გამართეს ბათუმში საპროტესტო აქცია, სადაც აცხადებდნენ, რომ „ექიმის სახელის გატეხვას დაუმსახურებლად არავის შეარჩენდნენ“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: