მთავარი,სიახლეები

სოცმუშაკებს ვარდების სკვერში გაშლილ კარავთან მოქალაქეები ჩანაწერებს უტოვებენ – დღე 2

26.03.2019 • 2324
სოცმუშაკებს ვარდების სკვერში გაშლილ კარავთან მოქალაქეები ჩანაწერებს უტოვებენ – დღე 2

„ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარები უკვე ასამარებს არა მხოლოდ სოციალურ მუშაკებს, არამედ მთლიანად სოციალურ სამსახურს. ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ,“ – ეს რეაქცია აქვს სოცმუშაკს ინგა დავითაძეს მისი უშუალო უფროსების – მინისტრ დავით სერგეენკოს და მისი მოადგილეების ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარებზე. მათი განმარტებით, სოცმუშაკების გაფიცვით სააგენტოს მუშაობა არ შეფერხდება და სხვა თანამშრომლები შეასრულებენ სოცმუშაკის ფუნქციებს.

სოცმუშაკების გაფიცვა გრძელდება. გაფიცვის მეორე დღეს მათ ბათუმის „ვარდების სკვერში“ კარავიც გაშალეს.

„თუკი სხვებს ასე მარტივად შეუძლიათ ჩვენი ჩანაცვლება, მაშინ რატომ გვიტარებდნენ ამდენ გადამზადებასა და ტრენინგს, ან ასე იოლი თუა სოცმუშაკის სამუშაო, რატომ არ გვიმატებდნენ სოცმუშაკებს? ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა ზუსტად ეს არის, რომ სოცმუშაკების რაოდენობა გაიზარდოს,“ – ამბობს სოცმუშაკი ქობულეთიდან თამარ ღუნაშვილი.

„მინისტრმა თქვა, მეც მინდა ხელფასი მომემატოსო… მე ამას ვერ დავარქმევდი მინისტრის პასუხს. არც ვიცი, რა დავარქვა ამას. თუკი ის ან ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ მხოლოდ ხელფასის მომატებისთვის ვდგავართ აქ, ეს არის დარტყმა არა კონკრეტულად სოცმუშაკებზე, არამედ სოციალურ სამსახურზე მთლიანად,“ – დასძენს ინგა დავითაძე.

„საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რას ნიშნავს ასეთი დამოკიდებულება, როცა ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს ასეთი დამოკიდებულება აქვს საკუთარი თანამშრომლების მიმართ… აქ უკვე ჩანს, როგორ უყურებს სახელმწიფო სოციალურ სამსახურს,“ – გვითხრა სოცმუშაკმა ნინო ტყეშელაშვილმა.

სოცმუშაკების მხარდასაჭერად მოქალაქეები სპეციალურ ანკეტებს ავსებენ და წერენ, რატომ უჭერენ მხარს სოცმუშაკებს. „მე მოვედი თქვენთან იმიტომ, რომ გამძლეობა გისურვოთ…“ „ბევრ გახარებულ ბავშვს გისურვებთ,“ – ვკითხულობთ ჩანაწერებში.

„უცხოელმაც დაგვიტოვა ჩანაწერი, ამერიკიდან ვარო,“ – სოცმუშაკი ნინო ტყეშელაშვილი ინგლისურ ენაზე შევსებულ ანკეტას გვაჩვენებს, სადაც აღნიშნულია, რომ სოცმუშაკების გარეშე ღარიბი ადამიანები უფრო დიდი პრობლემა გახდება სახელმწიფოსთვის.

სოცმუშაკის მხარდასაჭერად ჩანაწერი ბათუმში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქესაც დაუტოვებია.

სოცმუშაკების გაფიცვის მეორე დღე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: