მთავარი,სიახლეები

რა საფრთხეს უქმნის ბავშვებს სილამაზის კონკურსები

25.03.2019 • 6233
რა საფრთხეს უქმნის ბავშვებს სილამაზის კონკურსები

სამოდელო სააგენტოები ხშირად აცხადებენ საბავშვო სილამაზის კონკურსებს. რამდენიმე დღის წინ სამოდელო სააგენტო „ნიუ-ლუქ მოდელმა“, სოცქსელში საბავშვო კონკურს დაანონსა, რომელიც „მის და მისტერ ბეიბი“ 2019-ს გამოავლენს 6-დან ათ წლამდე ბავშვებში.

ამ კონკრეტულ კონკურსში მონაწილეობა 140 ლარი ღირს, სამოდელო სააგენტოებისთვის სილამაზის კონკურსები ფინანსურად მომგებიანია: საქართველოში მსგავს კონკურსებში შვილების ჩართვის მსურველი ბევრი მშობელია.

„ბათუმელები“ რამდენიმე კითხვის დასმას აპირებდა ბავშვთა სილამაზის კონკურსის ორგანიზატორისთვის, მაგრამ მითითებულ ტელეფონზე როდესაც მოისმინეს, რომ ჟურნალისტს კონკურსის შესახებ აინტერესებდა, ტელეფონი გათიშეს.

საბავშვო შოუებისა და სილამაზის კონკურსების კრიტიკოსები კი აღნიშნავენ, რომ აშშ-ში, სადაც 1993 წლის ოფიციალური სტატისტიკით 450 000 ბავშვი იყო დარეგისტრირებული, როგორც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, მსგავსი კონკურსები ძალადობის მაპროვოცირებელი საშუალებაა და უხეშად არღვევს მათ უფლებებს.

საფრანგეთის სენატმა 2013 წელს აკრძალა 16 წლამდე ასაკის ბავშვების სილამაზის კონკურსები. კონკურსების ორგანიზებისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 30 000 ევროა დაწესებული.

აზიანებს თუ არა ბავშვის ფსიქიკას ის, რომ გარეგნობა იქცევა კრიტერიუმად, რითაც მას სხვებს ადარებენ. არღვევს თუ არა სილამაზის კონკურსები ბავშვთა უფლებებს და როგორ უყურებენ მსგავს კონკურსებს ბავშვთა უფლებების დამცველები. ამ და სხვა კითხვებით „ბათუმელებს“ უფლებადამცველი ანა არგანაშვილი პასუხობს.

ანა არგანაშვილი

  • ანა, ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით, არღვევს თუ არა სილამაზის კონკურსები ბავშვთა უფლებებს?

ბავშვი არ უნდა იყოს ჩაბმული ისეთ საქმიანობაში, სადაც მას გაუჩნდება შეგრძნება, რომ სხვაზე რამით ნაკლები, სხვასთან შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი ან უპირატესია. ჩემთვის ამ ტიპის კონკურსებით ეს მთავარი პრინციპი ირღვევა.

ბავშვი შეიძლება იყოს ჩართული ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში ან დასასვენებელ და სარეკრეაციო საქმიანობაში, რომ გაერთოს, განიტვირთოს. არცერთ ამ ჩარჩოში საბავშვო სილამაზის კონკურსები არ ჯდება. ეს არის იმგვარი შეჯიბრის სახე, რის შემდეგაც ძალიან ბევრი ტრავმირებული ბავშვი და გაბრაზებული მშობელი მინახავს. ისინი მსჯელობენ, ვისი ბავშვი უფრო იმსახურებდა სილამაზის კონკურსში გამარჯვებას და ვისი არა. ამ ყველაფრის შემსწრეები არიან ბავშვები და სადავოც არ არის, რომ ეს ბავშვს ანგრევს.

  • არეგულირებს თუ არა საქართველოს კანონმდებლობა ბავშვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართულ პირებს, იმოქმედონ ბავშვთა უფლებების მოთხოვნების შესაბამისად და დაიცვან ეს უფლება?

ჩვენს კანონმდებლობაში ეს არ არის მოწესრიგებული, მაგრამ სხვა ქვეყნის კანონმდებლობაში მინიმუმ ის მაინც არის დარეგულირებული, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რაშიც ბავშვი ერთვება იმ ადამიანების მიერაა წარმართული, ვისაც ბავშვთა უფლებების შესახებ გარკვეული ინფორმაცია აქვს. მათემატიკისა და ცოდნის განმსაზღვრელი კონკურსებიც კი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ბავშვს არ ვუბიძგოთ თვითშეფასების დაცემისკენ.

  • არის თუ არა სარისკო ბავშვებისთვის სილამაზის კონკურსები – მედიაში გავრცელებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, პედოფილიის შემთხვევები საქართველოში იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს.

ყველამ ვიცით, რომ არსებობს სექსუალური ძალადობის საფრთხე. როცა ბავშვები იწყებენ ასაკის შეუსაბამოდ მაკიაჟის გამოყენებას, ჩაცმასა და პოზირებას, თავისი არსით ეს სექსუალიზებული ქცევაა, რაც ჩვენთვის, ბავშვთა უფლებების დამცველებისთვის ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, ხომ არ ხდება მომავალში ამით ბავშვი რაიმე სახის ძალადობის სამიზნე. კონკურსების შემდეგ ბავშვების ფოტო-ვიდეოები უკონტროლოდ ვრცელდება ინტერნეტით. ცხადია, ბავშვი ვერ ხვდება, მისი რა ინტერესი ზიანდება, მაგრამ 18 წლის შემდეგ შესაძლოა კითხვები გაუჩნდეს.

  • რა ღირებულებებისკენ ვუბიძგებთ ბავშვს, როცა კონკურსში ვრთავთ და ვეუბნებით, რომ სილამაზე არის კრიტერიუმი, რითაც მას წარმატების მოპოვება შეუძლია?

ყველანი ვცდილობთ ბავშვს გავუღვივოთ თანასწორობის ღირებულებები, რომ წარმატება მიიღწევა შრომით, სწავლით და განათლებით. ამ დროს როცა გეუბნებიან, რომ არა შრომა, სწავლა და განათლება, არამედ გარეგნობა შეიძლება იყოს წარმატების საწინდარი, ეს საფრთხეს ქმნის კონკურსების ,,გამარჯვებულებისა“ და ,,დამარცხებულებისთვისაც“. ამ დროს შესაძლოა შეირყეს ბავშვის თვითშეფასება, იქცეს ბულინგის მსხვერპლად და ბავშვს მივაყენოთ ტრავმა, რასთანაც მთელი ცხოვრება მოუწევს ბრძოლა.

როცა ბავშვის შეფასების კრიტერიუმი არის სილამაზე, აქ პირდაპირ იკვეთება სრული აცდენა მის უფლებებთან.

მსგავსი კონკურსების ორგანიზატორებს არ აქვთ ბავშვთა უფლებებზე დიდი ცოდნა და ინფორმაცია. სამწუხაროდ, არც სახელმწიფოს აქვს რეგულაციები.

  • რით არის გამოწვეული საქართველოში საბავშვო სილამაზის კონკურსებისადმი მშობლების ცხოველი ინტერესი?

მშობლების მოტივაცია ჩემთვის გაუგებარია. ეჭვიც არ მეპარება, რომ მათ შვილებისთვის მხოლოდ კარგი სურთ. მაგრამ, მშობლებს, რომლებსაც ბავშვების ამგვარ კონკურსებში ჩართვა აქვთ გადაწყვეტილი, ალბათ კარგად არ აქვთ გააზრებული, რას ნიშნავს ბავშვისთვის პოზიტიური გამოცდილება. ვერც იმას აცნობიერებენ, რამხელა ზიანი შეიძლება მოუტანონ ამით შვილებს.

დისკურსი საბავშვო კონკურსების მავნებლობაზე უფრო ხშირი და ინტენსიური უნდა იყოს. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ არავის გვსურს გარეგნობის გამო ბავშვი ითრგუნებოდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: