მთავარი,სიახლეები

ბათუმელი ექიმები: არავის მივცემთ უფლებას, ექიმს სახელი გაუტეხოს დაუმსახურებლად

25.03.2019 • 5894
ბათუმელი ექიმები: არავის მივცემთ უფლებას, ექიმს სახელი გაუტეხოს დაუმსახურებლად

დღეს, 25 მარტს, „აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოების“ ოფისის წინ ბათუმში არსებული სხვადასხვა კლინიკის მედპერსონალმა აქცია გამართა. ისინი აცხადებენ, რომ პაციენტის გარდაცვალების ან სხვა პრეტენზიების შემთხვევაში, დაცული უნდა იყოს უდანაშაულობის პრეზუმფცია და სამედიცინო პერსონალს არ უნდა ადანაშაულებდნენ.

ექიმთა საზოგადოების წარმომადგენლებმა ამ საკითხზე განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსაც გადაუგზავნიან.

„ჩვენ მომავალში შევძლებთ თავის დაცვას და არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ექიმის უფლებები შეილახოს და ექიმს სახელი გაუტყდეს დაუმსახურებლად. სანამ არ იქნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ვინმე ბრალეულობაზე ან ექიმის ეთიკის დარღვევაზე საუბარი არ უნდა იყოს. უნდა შემუშავდეს ისეთი კრიტერიუმები, რომელიც ექიმს დაიცავს დაუმსახურებელი თავდასხმისგან,“ – ამბობს რამაზ სურმანიძე.

აქციაზე იმყოფებოდა ექიმი აკაკი ბერიძეც. „რა თქმა უნდა, ჩვენც ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ამ ფაქტის [მელანო ფუტკარაძის გარდაცვალება] გამო, მაგრამ გარკვეული წყენა გვაქვს მასმედიის მისამართით ექიმებს, რადგან ჟურნალისტების ნაჩქარევმა განცხადებებმა გული ატკინეს სამედიცინო საზოგადოებას. ასეთი რამეები ხდება, რას ვიზამთ“, – ამბობს ის.

ვლადიმერ მახარაძემ ექიმების მიმართვის ტექსტიც წაიკითხა, სადაც წერია:

„მოვითხოვთ, გამოძიებული იქნას აღნიშნული ტრაგიკული ფაქტი და ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში ყველა პირი კანონის ფარგლებში დაისაჯოს. აქვე გულისტკივილით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ დღეებში პრეტენზიები და აგრესია არასწორად იყო პერსონიფიცირებული, რითაც უხეშად დაირღვა ექიმ-რადიოლოგის უფლებები.“

ექიმების აქცია საკუთარი უფლებების დასაცავად ბათუმში

ტექსტში ასევე საუბარია იმაზე, რომ, 21 მარტს, 29 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე რადიოლოგის ბრალეულობა ჯერ დამტკიცებული არ არის და, შესაბამისად, ექიმის უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა.

„ყველას ვთხოვთ, გამოძიების დასრულებამდე, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

„არ არის გამოკვლეული, დადგენილი რაიმე სახის ბრალეულობა, ამის მიუხედავად ასახელებენ კონკრეტულ პიროვნებებს და მკვლელის ძახილი მიუღებელია,“ – ამბობს აქციის მონაწილე ერთ-ერთი ექიმი „მედცენტრიდან“.

„სანამ არ დამტკიცდება კონკრეტული პირის დანაშაული, არ უნდა მოხდეს კონკრეტული ექიმის და კლინიკის მიზანმიმართული დისკრედიტაცია“, – ამბობს რეფერალური საავადმყოფოს ენდოსკოპოსტი თამარ ხაჟალია.

ექიმებმა სამძიმარი გამოუცხადეს მელანო ფუტკარაძის ოჯახს. მელანო ფუტკარაძე ორი დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას არასწორ დიაგნოზს და მკურნალობას უკავშირებენ. პაციენტმა მუცლის ტკივილით 11 მარტს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს მიმართა, თუმცა იგი მეორე დილას სახლში გაუშვეს.

ტკივილის გამეორების შემდეგ მეორე დღეს პაციენტმა „მედცენტრს“ მიმართა. როგორც გაირკვა, პაციენტს „ბრმა ნაწლავი“ ჰქონდა გახეთქილი, რამაც ორგანიზმის ინტოქსიკაცია გამოიწვია.

ოჯახის წევრებმა გამოძიების დაწყების და დამნაშავის დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გამართეს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: