მთავარი,სიახლეები

მოქალაქე: ბავშვის კვების ვაუჩერისთვის მოვედი და განცხადებას ვერ ვტოვებ

25.03.2019 • 2335
მოქალაქე: ბავშვის კვების ვაუჩერისთვის მოვედი და განცხადებას ვერ ვტოვებ

„ვაუჩერის მისაღებად მოვედი და განცხადებას ვერ ვტოვებ. გაიფიცნენო,“- გვითხრა მოქალაქე ვეფხვია ბერიძემ ბათუმელი სოცმუშაკების სამუშაო ოთახთან. ასეთი რეალობა დაგვხვდა სოცსააგენტოს ბათუმის ორგანიზაციაში. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით კი, სოციალური მუშაკების გაფიცვის მიუხედავად, სოციალურად დაუცველები სახელმწიფოსგან სერვისებს შეუფერხებლად იღებენ.

სოცმუშაკების უმრავლესობა ქვეყნის მასშტაბით დღეს, 25 მარტს, გაიფიცა. ბათუმის ორგანიზაციის ყველა სოციალური მუშაკიც დილიდან საპროტესტო აქციაზეა „ვარდების სკვერში“.

სოცმუშაკების ფუნქციას სააგენტოს სხვა თანამშრომლები რომ შეასრულებდნენ, ეს გუშინ თემურ ქარცივაძემაც გვითხრა, სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა. თუმცა გაფიცვის პირველ დღეს სოციალურ სამსახურში მხოლოდ ერთი პიროვნება დაგვხვდა, რომელმაც გასაუბრებაზე უარი გვითხრა. მან მხოლოდ მოქალაქეს მიმართა, რომ სოცმუშაკებს უნდა დაელოდოს, რომლებიც გაფიცულები არიან და კარი დახურა.

ვეფხვია ბერიძე ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. მას მეხუთე შვილი გუშინ შეეძინა და კვების ვაუჩერის მისაღებად განცხადების შევსება სურდა.

„წინა ოთხ ბავშვზე დამინიშნეს დახმარება, აგვიანდებოდა ვაუჩერს მოსვლა, მაგრამ ვიღებდი საბოლოოდ… ესენი ყველას კარგად ემსახურებოდნენ. საჭირო იყო ალბათ და გაიფიცნენ. მე ამ გოგოების მჯერა,“ – გვითხრა ვეფხვია ბერიძემ.

სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის კვების ვაუჩერის დანიშვნა ერთ-ერთი საკითხია, რომლის მოგვარებასაც სოცმუშაკები სისტემური ცვლილების ფარგლებში ითხოვენ. სოცმუშაკების თქმით, ვაუჩერს ხანდახან 5-6 თვეს ელიან მშობლები, ხოლო პროგრამას „კრიზისული ოჯახების დახმარება“ ჰქვია.

„განცხადებებს იტოვებს თანამშრომელი… მინისტრის ბრძანების მიხედვით, ასევე გამოიყოფიან პირები, რომლებიც გადაუდებელ სიტუაციაში იმუშავებენ,“ – განმარტავს რუსუდან სალუქვაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილე.

რუსუდან სალუქვაძე გაფიცვაზე გასული სოცმუშაკების მოთხოვნებს ეთანხმება, თუმცა არ იზიარებს ფორმას. „მოთხოვნები მისაღებია, მაგრამ არ ვიზიარებ გაფიცვის ფორმას… ნამდვილად ძალიან მძიმე შემთხვევები შემოდის და თავდაუზოგავად მუშაობენ ჩვენი სოცმუშაკები,“ – დასძინა მან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: