მთავარი,სიახლეები

რა მოხდა 22 წლის წინ ბათუმში „აუტსაიდერის” პირველ კონცერტზე [ფოტო]

25.03.2019 • 4094
რა მოხდა 22 წლის წინ ბათუმში „აუტსაიდერის” პირველ კონცერტზე [ფოტო]

მუსიკათმცოდნე ლაშა გაბუნია 1997 წელს გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. კადრებზე  ჯგუფ „აუტსაიდერის“ პირველი კონცერტია ასახული ბათუმში. ფოტოების ავტორი ზურა ზენაიშვილია, კადრების ელექტრონული ვერსია ცოტა ხნის წინ ლაშა გაბუნიამ შექმნა და სოციალურ ქსელში გაავრცელა. „აუტსაიდერის“პირველ კონცერტზე ბათუმში უამრავი მსმენელი მოვიდა, სამი სიმღერის შესრულების შემდეგ ჯგუფს პოლიციამ დაშლისკენ მოუწოდა და აპარატურა აალაგებინა. ჯგუფმა მეორე დღეს ქალაქი დატოვა. კადრებზე 1997 წელია.

ბათუმში „აუტსაიდერის“ პირველი კონცერტის ორგანიზატორი, ხვიჩა დოღონაძე, ხუთი აგვისტოს კონცერტს იხსენებს.

„1996 წელს თბილისში როკფესტივალი „მარგარიტა“ ჩატარდა, „აუტსაიდერი“ ამ კონცერტზე საუკეთესო ალტერნატიულ ჯგუფად აღიარეს საქართველოში. ასე გაიცნო საქართველომ რობი კუხიანიძე. იმ დროს აჭარაში ჩამოსასვლელად ჩოლოქის საზღვარი უნდა გადმოგელახა.

ლაივკონცერტები ბათუმში არ ტარდებოდა. აჭარის მაშინდელ კულტურის მინისტრს ქუთაისიდან წერილი ჩავუტანე და ვთხოვე, ბათუმის საზაფხულო თეატრი დაეთმო ერთი დღით ,,აუტსაიდერისთვის“ კონცერტის ჩასატარებლად. დაგვთანხმდნენ, მაგრამ ზუსტად იმ პერიოდში  აბრამ ბაზელი ჩამოვიდა ბათუმში და მას დაუთმეს თეატრის სცენა. ჩვენ დაგვირეკეს და ბოდიში მოგვიხადეს“.

აპარატურისთვის სასტუმრო „ინტურისტის“ მაშინდელ მენეჯერს მიაკითხეს, რომელიც ირაკლი ჩარკვიანის მეგობარი და ,,აუტსაიდერის“ მსმენელი აღმოჩნდა.

5 აგვისტოს კონცერტი მაინც ჩატარდა, თუმცა ღია ცისქვეშ, ბულვარის კოლონადებთან. კონცერტზე ბევრი ხალხი მივიდა, აშკარა იყო, რომ 1996 წლის როკფესტივალის „მარგარიტას“ შემდეგ „აუტსაიდერს“ ბევრი მსმენელი გაუჩნდა.

ჯგუფმა კონცერტზე სულ სამი სიმღერა შეასრულა. დასრულებულიც კი არ ჰქონდა რობი კუხიანიძეს სიმღერა – „თქვენს ქალაქში ბნელა“ და შუქიც ჩაქრა.

„პოლიცია მოვიდა და გვითხრა, რომ დროზე დავშლილიყავით. მოგვიწოდეს, რომ თუ ყველაფრის მშვიდობით დასრულება გვინდოდა, აპარატურა უნდა აგველაგებინა და ქალაქი დაგვეტოვებინა. მეორე დილით ქალაქი დავტოვეთ“, – იხსენებს კონცერტის ორგანიზატორი.

გადაბეჭდვის წესი