რეკლამა,სიახლეები

ქალის როლის გაძლიერება საზღვაო სფეროში – წლის მთავარი გზავნილი

25.03.2019 • 2493
ქალის როლის გაძლიერება საზღვაო სფეროში – წლის მთავარი გზავნილი

ბუსს „ანრი“ საერთაშორისო საზღვაო კამპანიას უერთდება

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებმა 2019 წელი საზღვაო სფეროში ქალის როლის გაძლიერების წლად გამოაცხადეს. ქართული ზღვაოსნობის ისტორია 4 შტურმან ქალს იცნობს.

1936 წელს ბათუმის საზღვაო ტექნიკუმში შტურმანის სპეციალობაზე 4 გოგონა ჩაირიცხა-ნინო კალანდაძე, იულია ფაილოძე, შუშანა თუმანიშვილი და ვაიდე გვარიშვილი. აქედან იწყება ქართული ნაოსნობის ისტორიაში ქალის მონაწილეობა.

შუშანა თუმანიშვილი

შუშანა თუმანიშვილი

ვაიდე გვარიშვილი

ვაიდე გვარიშვილი

იულია და ნინო შორეული აღმოსავლეთის სანაოსნოში დასაქმდნენ. ვაიდე გვარიშვილი და შუშანა თუმანიშვილი კასპიის ზღვაში გაანაწილეს.

იულია ფაილოძე

იულია ფაილოძე

1942 წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ პორტში ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ იულია ფაილოძე და ნინო კალანდაძე. ქალი შტურმანების დანახვამ ისე აღაფრთოვანა ამერიკელი ჟურნალისტები, რომ გაზეთებმა მეორე დღესვე დაბეჭდეს ქართველი მეზღვაური ქალების სურათები.

ნინო კალანდაძე ბარენცის ზღვაში გერმანელების საჰაერო შტურმის დროს დაიღუპა. იულია ფაილოძემ კი ომი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ უდიდეს გემ „ვოიკოზე“ კაპიტნის მეორე თანაშემწის რანგში დაასრულა. დღემდე ეს არის უდიდესი თანამდებობა, რომელიც ქართველ მეზღვაურ ქალს ეკავა.

ნინო კალანდაძე

ნინო კალანდაძე

„ჩემი კაპიტნობის პერიოდში ორი გამოჩენილი კაპიტანი ქალი ცურავდა – ანა შეტენინა და ირინა საბიროვა. ქართველი ქალები იმ ოპერიოდში ნაკლებად ინტერესდებოდნენ საზღვაო ოფიცრობით. მაშინ ხმელეთზე უფრო კარგი ცხოვრება იყო, ვიდრე ზღვაში,“-იხსენებს შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის დამაარსებელი ანზორ დიასამიძე. „თუმცა, საზღვაო სფეროში ყოველთვის იყვნენ ქალები. ერთ გემზე მინიმუმ 2 ქალი მუშაობა. ამდენად, საქართველოს სანაოსნოს გემებზე ერთდროულად 100-150 ქალი მუშაობდა. საზღვაო სფერო მარტო მცურავი ობიექტებით არ შემოიფარგლება. ქალები იყვნენ დასაქმებული პორტებში, ტვირთების გადაზიდვების მართვაში,საზღვაო  სასწავლო დაწესებულებებში… წლების განმავლობაში ქალი ხელმძღვანელობდა რადიოსადგურს… ასე, რომ ქალის როლი საზღვაო საქმეში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და მე ამ როლის გაძლიერების მომხრე ვარ. მით უმეტეს, დღეს, როცა ზღვა გაცილებით უკეთეს პირობებს გვთავაზობს, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს“.

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი იყო პირველი, სადაც გემწამყვანის სპეციალობაზე ქალმა ჩააბარა. ხატია მენაბდემ და თებრონე აბულაძემ 2012 წელს აირჩიეს გემწამყვანის სპეციალობა. ხატია მენაბდემ ოჯახი შექმნა და ჯერ პატარას ზრდის, თუმცა „ანრიმ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხატია საზღვაო სფეროში დარჩენილიყო და სასწავლებლის ადმინისტრაციაში დაასაქმა.

ხატია მენაბდე

ხატია მენაბდე

სამი წლის წინ კი, ამავე სასწავლებლის პროფესიული განათლების კურსი – საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია (მატროსი)- დაასრულა მარიამ მიქელაძემ. იგი ახლა საბუთებს ამზადებს და მალე გემზე პირველ კონტრაქტს გააფორმებს.

მარიამ მიქელაძე

მარიამ მიქელაძე

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი მხარს უჭერს საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივას საზღვაო საქმეში 2019 წლის  ქალის როლის გაზრდის შესახებ და იწყებს აქციას, საზღვაო სფეროს წარმატებული ქალები გააცნოს ფართო აუდიტორიას.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: