განათლება,მთავარი,სიახლეები

აუდიტი: უფასო ფაკულტეტების დაფინანსება შრომის ბაზრის საჭიროებებთან თანხვედრაში არ არის

25.03.2019 • 2505
აუდიტი: უფასო ფაკულტეტების დაფინანსება შრომის ბაზრის საჭიროებებთან თანხვედრაში არ არის

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმაღლესი განათლების პროგრამებისა და შრომის ბაზრის თავსებადობის ეფექტიანობის კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტებად გამოცხადებული მიმართულებების დაფინანსება არ არის თანხვედრაში შრომის ბაზრის საჭიროებებთან.

დასკვნის მიხედვით, პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებისას, განათლების სამინისტროს შესაფერისი კვლევები არ ჩაუტარებია. „შესაბამისად, არ არის გამოკვლეული შერჩეული მიმართულებების თავსებადობა ქვეყნის საჭიროებებთან“, – წერია აუდიტის დასკვნაში.

ანალიზის მიხედვით, არის შემთხვევები, როცა პრიორიტეტულ სასწავლო პროგრამებად ისეთი მიმართულებებია აღიარებული, რომლებიც ისედაც გამოირჩევა სტუდენტების მაღალი რიცხოვნობით, ხოლო ისეთი დარგები, რომლებიც ქვეყნისთვის გამოწვევაა და სტუდენტების დაბალი რიცხოვნობით გამოირჩევა, არ მიიჩნევა პრიორიტეტად.

მაგალითად, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ლიმიტების მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსებით პირველ ადგილზე [698] ეკონომიკის მიმართულებაა; 633 ადგილით – ქართული ენა და ლიტერატურა, 615-ით – მშენებლობა, 445 ადგილი შეხვდა დაწყებით განათლებას, 417 ადგილი – ისტორიას.

ხოლო მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და აგრონომია, რომლებიც გამოწვეაა ქვეყნისთვის, შედარებით ნაკლებად არის მხარდაჭერილი – დაბალია ლიმიტები.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული შრომის ბაზრის ტენდენციები და ყველაზე დეფიციტური პროფესიები იკავებს ბოლო ადგილს, ხოლო ეკონომიკა, სადაც ისედაც ბევრი სტუდენტია, პრიორიტეტების შკალის პირველ ადგილზეა დასახელებული.

სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ლიმიტი სპეციალობების მიხედვით

სახელმწიფო აუდიტი მიიჩნევს, რომ პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევისა და მისაღები სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის პროცესში სამინისტრო და უმაღლესი დაწესებულებები არ ითვალისწინებენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს – „ეს ქმნის სტრუქტურული უმუშევრობის გაზრდის რისკებს“.

2018 წლის ივლისის მდგომარეობით,  პრიორიტეტული მიმართულებების კურსდამთავრებულთა მხოლოდ 41 პროცენტია დასაქმებული, მათ შორის საკუთარი პროფესიით – მხოლოდ ნახევარი.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ თითოეული მიმართულების მიხედვით არ არის შეფასებული შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების ხარისხის მქონე სპეციალისტების საჭიროება, რაც გამოწვეულია სამინისტროებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის არასაკმარისი კოორდინაციით. „შედეგად, არ არის გამოკვლეული რამდენად თანხვედრაშია დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა რეალურ საჭიროებებთან“, – ნათქვამია დასკვნაში.

კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი სპეციალობების მიხედვით.

სახელმწიფო ფინანსების არაპროდუქტიულ ხარჯვა

დაფინანსების მოდელი დაფუძნებულია მხოლოდ ერთ კრიტერიუმზე – სტუდენტების რაოდენობაზე, განსხვავებით საერთაშორისო პრაქტიკისგან, რომელიც ითვალისწინებს ხარისხობრივ ინდიკატორებსაც. აუდიტის ანალიზის მიხედვით, 2013-2017 წლებში პრიორიტეტული მიმართულებების დასაფინანსებლად გათვალისწინებული იყო დაფინანსების ორმაგი წყარო. პროგრამული დაფინანსება განსაზღვრული იყო  129 534 325 ლარით, სახელმწიფო სასწავლო გრანტი კი – 15 960 438 ლარით.

„აღნიშნულმა მოდელმა 23 პროცენტით გააძვირა ხარჯი ერთეულთან მიმართებაში, რაც მიუთითებს მოდელის არაპროდუქტიულობაზე“, – წერს აუდიტის სამსახური.

ამავე დასკვნის მიხედვით, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების მობილობა, ბოლო წლების მიხედვით, საშუალოდ 11 პროცენტია, საიდანაც სტუდენტთა უმრავლესობა გადადის ისეთ პროგრამებზე, სადაც მაღალია სტუდენტების რიცხოვნობა.

ასევე 2013 წელს ჩარიცხული სტუდენტების მხოლოდ 53-მა  პროცენტმა დაასრულა სწავლა შესაბამის ვადაში. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას, პრიორიტეტულ სასწავლო პროგრამებს აბიტურიენტები საშუალოდ მე-11 რიგის პრიორიტეტად ირჩევენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მიმართულებები მაინც ვერ გახდა პოპულარული. შესაბამისად, ამ მიმართულებებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებაც ყოველწლიურად მცირდება. „რაც მიუთითებს  არჩეული პრიორიტეტების ეფექტიანობის დაბალ მაჩვენებელზე“, – წერია დასკვნაში.

აუდიტის ანალიზი აჩვენებს, რომ განათლების სამინისტროს და უნივერსიტეტებს არ შეუფასებიათ პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები. „შესაბამისად, არ ხდებოდა ამ მიმართულებების კორექტირება არსებული გამოწვევების გათვალისწინებით“.

2013-2017 სასწავლო წლებში უმაღლეს საგანმანათლებლო პრიორიტეტულ პროგრამებზე გახარჯულია 145 494 763 ლარი, სადაც პროგრამულ დაფინანსებაზე გაწეული ხარჯი 129 534 325 ლარია, ხოლო სახელმწიფო სასწავლო გრანტის წილი არის 15 960 438 ლარი.

2013-2017 წლებში პრიორიტეტული პროგრამების დაფინანსება 2017 წლამდე პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსების ოდენობის კალკულაცია ხდებოდა შემდეგი პრინციპით: თითოეული პრიორიტეტული პროგრამის მიხედვით წლიური დაფინანსების ოდენობა შეადგენდა 33 750 ლარს, რომელიც უნივერსიტეტს ერიცხებოდა 1-დან 15-ის ჩათვლით ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის მიხედვით, ხოლო 15 სტუდენტის შემდგომ, ჩარიცხულ ყოველ ექვს სტუდენტამდე, პროგრამული დაფინანსების ფარგლებში, ყოველწლიურად გაიცემოდა 11 250 ლარი.

როგორია სახელმწიფო დაფინანსების საერთაშორისო პრაქტიკა

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ევროპული სახელმწიფოების გამოცდილება აჩვენებს, რომ განათლების დაფინანსების დროს ისინი სულ უფრო ხშირად იყენებენ ხარისხობრივ ინდიკატორებს. მაგალითად, მინიჭებული ხარისხის (გაცემული დიპლომების) რაოდენობა გვხდება შემდეგ ქვეყნებში: ბელგია, ჩეხეთი, ფინეთი, ჰოლანდია, პორტუგალია და ესპანეთის ზოგიერთი რეგიონი.

სტუდენტების მიერ დაგროვებული კრედიტების რაოდენობა და სწავლის საშუალო ხანგრძლივობა გამოყენებულია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ბელგია, ესპანეთის ზოგიერთი რეგიონი, შვედეთი, შვეიცარია. სამხრეთ კორეა, გარდა ზემოხსენებული ფაქტორებისა, ახორციელებს უნივერსიტეტების ინოვაციური მცდელობების შეფასებას. ავსტრალიაში გათვალისწინებულია სტუდენტების კმაყოფილების კვლევა, სტუდენტების პროგრესი და დასაქმების მაჩვენებლები. იაპონია სახელმწიფო უნივერსიტეტებზე დაფინანსების გასაცემად იყენებს შეფასების კომისიის მიერ გაკეთებულ ხარისხის შეფასების დასკვნას.

„ჰოლანდიის მაგალითი იმ სისტემის კარგი ილუსტრაციაა, რომელიც იყენებს როგორც გამოყენებული რესურსების (input), ასევე მიღწეული შედეგების (output) საზომებს“, – წერს აუდიტი.

ევროპულ ქვეყნებში განათლების დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია განსახორციელებელ აქტივობებზე, რაც უნივერსიტეტის მიხედვით ინდივიდუალურად თანხმდება სამინისტროსთან.

„დაფინანსების დროს ითვალისწინებენ ისეთ ინდიკატორებს, როგორებიცაა: სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, წარმატებული სტუდენტების მაჩვენებლის გაზრდა, ინსტიტუციური პროფილის შექმნა და საგანმანათლებლო პროგრამების მრავალფეროვნების გაზრდა. თითოეული უნივერსიტეტი ხელშეკრულებაში მიუთითებს, როგორ აპირებს მოცემული მაჩვენებლების გაუმჯობესებას“.

2013 წელს დადგინდა 7 პრიორიტეტული მიმართულება, სადაც ერთიანდებოდა 16 სასწავლო პროგრამა, ხოლო 2018 წლის მონაცემებით, იმავე 7 მიმართულების მიხედვით – 52 სასწავლო პროგრამა.

აუდიტის ანალიზის მიხედვით, პრიორიტეტული მიმართულებიდან ერთ-ერთია განათლების  მეცნიერებები. ინკლუზიური განათლების სასწავლო პროგრამაზე ირიცხებოდა 50 სტუდენტი, რაც განათლების მიმართულების სხვა პროგრამებთან შედარებით საშუალოზე დაბალი მაჩვენებელია. „მიუხედავად ამისა, ინკლუზიური განათლების პროგრამა არ ხვდება პრიორიტეტული სასწავლო პროგრამების ჩამონათვალში, ხოლო ამავე პერიოდში განათლების მიმართულებით პრიორიტეტად მიჩნეულია ისეთი პროგრამა, როგორიცაა, მაგალითად დაწყებითი განათლება, სადაც 2012 წელს 290 სტუდენტია ჩარიცხული“.

 აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები სახელმწიფოს:

  1. აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებები თანხვედრაში უნდა იყოს ქვეყნის საჭიროებებთან და არსებულ გამოწვევებთან, მათი აქტუალობა კი ყოველწლიურად უნდა შეფასდეს.
  2. ქვეყნის საჭიროებებთან შეუსაბამო გადაწყვეტილების რისკის თავიდან ასაცილებლად საჭიროა განათლების სამინისტრომ შეიმუშაოს მექანიზმი, რომლის მიხედვით უმაღლესი სასწავლებლები დასაბუთებული საფუძვლით შეძლებენ პრიორიტეტული პროგრამების შერჩევას.
  3. უმუშევრობის რისკების შესამცირებლად კი საჭიროა გაიზარდოს კოორდინაცია სამინისტროსა და დამსაქმებლებს შორის, შეფასდეს შრომის ბაზრისა და უნივერსიტეტებს შორის ურთიერთკავშირი ხარისხობრივი ინდიკატორების გათვალისწინებით. განისაზღვროს დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: