მთავარი,სიახლეები

სოცმუშაკი ხელვაჩაურიდან: 623 ლარიდან ნახევარი საწვავში მეხარჯება

25.03.2019 • 1448
სოცმუშაკი ხელვაჩაურიდან: 623 ლარიდან ნახევარი საწვავში მეხარჯება

„ჩემი ხელფასიდან ნახევარი საწვავში მეხარჯება, ხელფასი კი 623 ლარია,“ – გვიყვება სოციალური მუშაკი, მალვინა ზაქარაძე. იგი უკვე 10 წელია სოციალური დაცვის სააგენტოს ხელვაჩაურის განყოფილებაში მუშაობს. მალვინა დღეს, 25 მარტს, სოციალური მუშაკების საერთო გაფიცვას შეუერთდა.

სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, ასევე კონკრეტული სერვისების შექმნას სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის. ხელვაჩაურში მომუშავე მალვინა ზაქარაძეს ვთხოვეთ მოეყოლა, რა სირთულეს აწყდება სოცმუშაკი, როცა მას დღის განმავლობაში რამდენიმე სოფელში უწევს მისვლა.

„მთავარი სირთულე გადაადგილებაა, – გვიყვება მალვინა ზაქარაძე. – თავიდან მარშუტკით დავდიოდი, მაგრამ ინტერვიუს აღებას დაახლოებით ერთი საათი მაინც სჭირდება, ამდენ ხანს მარშუტკა ხომ ვერ დაგელოდება? მერე სხვაგან გაგვიანდება. ამიტომ ახლა საკუთარი ავტომანქანით დავდივარ სოფლებში, ხელფასის ნახევარს საწვავში ვხარჯავ და ნახევარი ხელფასი მიმაქვს ოჯახში, რა ვქნა?

ტრანსპორტი მხოლოდ მაშინ გვემსახურება, თუ ღამით პოლიციაში არასრულწლოვანია დასაკითხი. ამ დროს პოლიცია მანქანით მაკითხავს… შაბათ-კვირასაც გვიწევს მუშაობა. ესეც ჩვეულებრივი ამბავია უკვე ჩვენთვის.

აქამდე სულ ორი სოცმუშაკი ვიყავით. ერთი დეკრეტულში გავიდა და დროებით აიყვანეს მეორე. მას შემდეგ, რაც პეტიციას მოვაწერეთ ხელი, ერთი შტატი დაუშვეს. დაახლოებით 100 საქმე მაქვს თვეში… ფერიის ბავშვთა სახლიც ჩვენს ტერიტორიაზეა და ჩვენ ვართ მათი კანონიერი წარმომადგენელი, როცა სადმე წასვლა სჭირდებათ ან პროფესიულში სწავლის გაგრძელება.

ჩვენ ვერ ვასრულებთ ჩვენს სამუშაოს, ვერ ვეხმარებით… მაგალითად, ღარიბ ოჯახს, რომელსაც კვების ვაუჩერი სჭირდებოდა, ოქტომბერში შევუვსე განაცხადი და დღემდე არაა პასუხი. ოთხი არასრულწლოვანია იქ… კრიზისული და გადაუდებელი დახმარების პროგრამა ჰქვია ამას. თუ ჩამოვა დახმარება, ჩამოდის 5 და 6 თვის შემდეგ, მანამდე რა ქნას მშობელმა?

მერე ჩვენ გვსაყვედურობენ… ჰგონიათ, რომ ყველაფერს ჩვენ ვწყვეტთ.

ბოლოს 12 წლის ბავშვთან ვიყავი, რთული ქცევის ბავშვია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. ის ოჯახში ძალადობის მსხვერპლიც გახდა… გვინდოდა გადაგვეყვანა კოჯრის ბავშვთა სახლში, მაგრამ იქ ადგილი არ არის. მიმღებმა ოჯახებმა უარი მითხრეს, რადგან აგრესიული ბავშვია, თანატოლებს ერჩის. ბოლოს, ერთი მიმღები ოჯახი შევარჩიეთ და ახლა დროებით იქ არის, არ ვიცი, როდემდე…

მე ვითხოვ, ბენეფიციარებისთვის მოქნილ სისტემას. მჯერა, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია. შეუძლებელს არაფერს ვითხოვთ. პირიქით, ეს საჭიროა და გადაუდებელი. “

სოცმუშაკების საპროტესტო აქცია ბათუმში, ვარდების სკვერში გრძელდება. გაფიცვა სოცმუშაკებმა ერთდროულად დღეს ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში დაიწყეს.

„დაშინების გამო ყველა ვერ მოვედით“ – სოცმუშაკებმა გაფიცვა დაიწყეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: