მთავარი,სიახლეები

„დაშინების გამო ყველა ვერ მოვედით“ – სოცმუშაკებმა გაფიცვა დაიწყეს

25.03.2019 • 2026
„დაშინების გამო ყველა ვერ მოვედით“ – სოცმუშაკებმა გაფიცვა დაიწყეს

„ზრუნვა ცარიელი ხელებით“, „ერთად სისტემური ცვლილებებისთვის“ – ბათუმის ვარდების სკვერში სოციალურმა მუშაკებმა ეს და სხვა ტრანსპარანტები გამოფინეს და გაფიცვა დაიწყეს. სოცმუშაკები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე ხელისუფლება სისტემური ცვლილებებისთვის ნაბიჯებს არ გადადგამს.

„მოვედით აქამდე, რადგან წლების განმავლობაში არავინ მოისმინა ჩვენი პრობლემა… ჩვენ ვითხოვთ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, არ შეიძლება 30 მიმართულებით ერთდროულად მუშაობდე, გიწევდეს ღამით გასვლა და ტრანსპორტი არ გყავდეს… არ შეიძლება მიდიოდე დაჩაგრულ ადამიანთან, უბრალოდ ანკეტას ავსებდე და ვერ სთავაზობდე მომსახურებას“, – ამბობს სოციალური მუშაკი მარინე ჭანტურია.

ბათუმში მომუშავე ყველა სოცმუშაკი გაფიცულია. საპროტესტო აქციაზეა უფროსი სოცმუშაკი ნინო ცეცხლაძეც.

„წლებია ვითხოვთ კრიზისულ თავშესაფარს ბავშვებისთვის… იგივე ქცევითი აშლილობის ბავშვებისთვის მომსახურება არ გვაქვს. რა სერვისიც გვაქვს, იმასაც აგვიანდება. ამას წინათ, სოციალურად დაუცველ ოჯახში მყოფ ბავშვს ვიდრე კვების ვაუჩერი დაენიშნა, ბავშვი ერთი წლის გახდა…“ – გვიყვება ნინო ცეცხლაძე.

სოცმუშაკების თქმით, მუნიციპალიტეტებში სოცმუშაკები განყოფილების უფროსებმა სამსახურიდან გაშვებით დააშინეს. ერთ-ერთი სოცმუშაკი, ვინც ამის შესახებ ღიად გუშინ, 24 მარტს, ისაუბრა, თამარ ღუნაშვილია ქობულეთიდან. ის დღეს საპროტესტო აქციაზეც მივიდა. ქობულეთის სოცმუშაკებიდან აქციაზე მხოლოდ ის გამოვიდა.

„სოცმუშაკები მასობრივად დააშინეს ბათუმის გარდა ყველგან… მე მესმის მათი. მათ პეტიციას ხელი მოაწერეს და ისინი ჩვენს მოთხოვნებს უერთდებიან. ჩვენ ველით სოცმუშაკს ხელვაჩაურიდან, ხულოდანაც. ყველა ვერ გამოვიდა ამ ზეწოლის გამო,“ – ამბობს ნინო ცეცხლაძე.

სოცმუშაკებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების შესწავლა 6-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაიწყო. მათ 25 მარტის დილით ასევე მოუწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს „დაუყონებლივ დაიწყოს სოციალურ მუშაკებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის შემთხვევების შესწავლა“.

სოცმუშაკები ასევე ეხმიანებიან სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის, თემურ ქარცივაძის მიერ „ბათუმელებთან“ გაკეთებულ კომენტარს. მან თქვა, რომ სოცმუშაკებს სხვა თანამშრომლები ჩაანაცვლებენ.

„როგორ ჩაანაცვლებს, ეს არის ძალიან სენსიტიური სამუშაო. შესაძლოა, ჩვენც არ ვართ განათლებით სოცმუშაკები, მაგრამ გავიარეთ უამრავი გადამზადება, ასევე, საუნივერსიტეტო ტემპუსი. მოთხოვნა არის კატეგორიული, რომ სოცმუშაკი უნდა მუშაობდეს ამ ურთულეს შემთხვევებზე,“ – აცხადებს უფროსი სოცმუშაკი, ნინო ცეცხლაძე.

სოცმუშაკები ამ დროისთვის გაფიცულები არიან სამ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. ბათუმის ვარდების სკვერში ჯერ არ გამოჩენილან სოცმუშაკები აჭარის მაღალმთიანეთიდან.  ბათუმში სოცმუშაკებს გახსნილი აქვთ ჩანაწერის წიგნიც, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს სოცმუშაკების მოთხოვნების მიმართ მხარდაჭერის საჯაროდ დაფიქსირება შეუძლია.

„კარავსაც გავშლით და მორიგეობით დავრჩებით, არ ვიცით, სადამდე,“ – გვითხრა სოცმუშაკმა, ინგა დავითაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სოცმუშაკებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების შესწავლა, ჯერჯერობით, არ დაუწყიათ. უცნობია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია სოცმუშაკების ქვეყნის მასშტაბით გაფიცვაზე.

„ვარდების სკვერში“ მოქალაქეებს ხელმოწერით შეუძლიათ სოცმუშაკების მხარდაჭერის დადასტურება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: