ექიმმა უფლებამოსილება შეიჩერა – გარდაცვლილი გოგოს ახლობლებმა აქცია შეწყვიტეს



ექოსკოპისტმა ეკა ფუტკარაძემ ბათუმის რეფერალური კლინიკა დატოვა. მან ექიმის უფლებამოსილება საკითხის გამოკვლევის დასრულებამდე საკუთარი სურვილით შეიჩერა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ზაალ მიქელაძემ დაუდასტურა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

გუშინწინ გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლები ამ ექიმის კლინიკიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ, ასევე იმ სამედიცინო პერსონალის, ვინც მელანოს მკურნალობდა.

„ექიმმა საკუთარი სურვილით შეიჩერა უფლებამოსილება. ჩვენ ვპირდებით ოჯახს, რომ საკითხს სრულად გამოვიკვლევთ და არც ისაა გამორიცხული, საბოლოოდ, სხვების დასჯა მოგვიწიოს. ამ საქმეს ნადვილად მივიყვანთ ბოლომდე,“ – აცხადებს ზაალ მიქელაძე.

გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა საპროტესტო აქცია უკვე შეწყვიტეს. ისინი ისევ აანონსებენ აქციას, თუკი გამოძიება ობიექტურად არ ჩატარდება.

საპროტესტო აქცია დღეს, 23 მარტს, თავდაპირველად რეფერალური საავადმყოფოს ეზოში დაიწყო. შეკრებილებმა იმ ექიმების გათავისუფლება მოითხოვეს, ვინც მელანო ფუტკარაძეს მკურნალობდნენ. მათ საავადმყოფოს დირექტორი მას შემდეგ შეხვდა, როცა ბაგრატიონის ქუჩა აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს.

გარდაცვლილი გოგოს ახლობლებს საავადმყოფოს დირექტორმა უთხრა, რომ თვითონ რომელიმე ექიმს სამსახურიდან ვერ გაუშვებდა და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა შესაბამისი მოკვლევის შემდეგ დადგებოდა.

შეკრებილებს ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას ადგილზე მისული კონსტანტინე ანანიაშვილი დაჰპირდა, აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი. „თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ საქმე, როცა პაციენტი მოკვდა და ამის შემდეგ ექიმი დასაჯეს?“ – ჰკითხა  პოლიციის უფროსს ერთ-ერთმა მოქალაქემ.

მოგვიანებით საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე გზაჯვარედინი გადაკეტეს, შემდეგ კი, თამარის გზატკეცილი. პოლიციამ აქ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება სცადა, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. საბოლოოდ, გარდაცვლილი გოგოს ახლობელმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ექიმს, ვის გათავისუფლებასაც ითხოვდნენ, უფლებამოსილება შეუწყდა. საპროტესტო აქციის მონაწილეების ამ განცხადების შემდეგ დაიშალნენ.

მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით 21 მარტს ღამით ბათუმის „მედცენტრში“ გარდაიცვალა. ოჯახი ბრალს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს სდებს, სადაც მელანო ფუტკარაძე თავდაპირველად მივიდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად გრძელდება, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

 

აჭარის პოლიციის უფროსი, კონსტანტინე ანანიაშვილი, აქციის მონაწილეებთან 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი