განათლება,მთავარი,სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილი: ყველა პედაგოგს ყოველწლიურად გაეზრდება საბაზისო ხელფასი

22.03.2019 • 11883
მიხეილ ბატიაშვილი: ყველა პედაგოგს ყოველწლიურად გაეზრდება საბაზისო ხელფასი

დღეს, 22 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ „ყველა პედაგოგს ყოველწლიურად გაეზრდება საბაზისო ხელფასი, ხოლო წარმატებული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან“.

მისი თქმით, დღეს არსებული სისტემა პრობლემებს იწვევს, რადგან არ არის წახალისებული თანამშრომლობა მოსწავლისა და სკოლის განვითარების მიმართულებით, არ ხდება მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობა და სხვა.

„მასწავლებელი ორიენტირებულია მხოლოდ საგაკვეთილო საათების ჩატარებაზე, რაც განაპირობებს ნაკლებად საინტერესო საგაკვეთილო პროცესებს, სკოლის აღმზრდელობითი ფუნქციის შესუსტებას, სწავლების ხარისხის ვარდნას და ნეგატიურად აისახება ერთიან სასკოლო განათლებაზე“.

ბატიაშვილის განცხადებით, მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკა უნდა მოიცავდეს  შემდეგ კომპონენტებს:  „მასწავლებლის საბაზო ხელფასი, რომელიც შედგება მასწავლებლის განათლების, კომპეტენციის, სტაჟისა და საგაკვეთილო დატვირთვისგან; მიღწევებზე დაფუძნებული კომპონენტი, –  რა საქმიანობას ეწევა მასწავლებელი საკუთარი მოსწავლეებისა და სკოლის განვითარებისთვის, რა წვლილი შეაქვს მოსწავლის აღზრდასა და პიროვნულ განვითარებაში. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ვალდებულებასა და სამუშაოს, რომლებშიც მასწავლებლები, მათი სტატუსიდან გამომდინარე, ჩაერთვებიან“.

მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინსების მიღმა მიიღებს დამატებით ანაზღაურებას იმ სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სკოლის განვითარებაზეა ორიენტირებული და დაფინანსდება სკოლის განვითარების ფონდიდან.

„მასწავლებლის სახელფასო სქემა დაუკავშირდება სკოლების განვითარების ფონდის სისტემას“ – განაცხადა მინისტრმა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: