მთავარი,სიახლეები

ბათუმში 29 წლის გოგოს გარდაცვალებაზე გამოძიება დაიწყო

22.03.2019 • 3616
ბათუმში 29 წლის გოგოს გარდაცვალებაზე გამოძიება დაიწყო

ბათუმში 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია. მელანო ფუტკარაძე გუშინ ღამით ბათუმის „მედცენტრში“ გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებს პრეტენზია „რეფერალურ ჰოსპიტალთან“ აქვთ, სადაც პაციენტი თავდაპირველად მივიდა.

„მას არასწორი დიაგნოზი „რეფერალურში“ დაუსვეს, ვერ მიხვდნენ რა იყო და სახლში გამოუშვეს, საგანგაშო არაფერია, გაუარა ტკივილმაო,“ – ამბობს გარდაცვლილი გოგოს ბიძია, ნოდარ ქათამაძე. მისივე თქმით, მელანო სახლში დაბრუნებულა და რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ისევ ცუდად გახდა, „მედცენტრს“ მიმართა.

მელანო ფუტკარაძეს ოპერაცია მწვავე აპენდიციტზე 18 მარტს ბათუმის „მედცენტრში“ ჩაუტარდა. „ოპერაციის შემდეგ პაციენტი გადიოდა მკურნალობას, მაგრამ მისი მდგომარეობა დამძიმდა, იგი გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე, პროგრესირებადი უკმარისობის გამო სეპტიური შოკის ფონზე გარდაიცვალა,“ – გვითხრეს „მედცენტრის“ პრესცენტრში.

ამავე კლინიკის ინფორმაციით, მელანო ფუტკარაძემ კლინიკას 18 მარტს მიმართა და უთხრა, რომ მუცლის არეში ტკივილი ბოლო  5 დღის განმავლობაში აწუხებდა. კლინიკის ინფორმაციით, გარდაცვლილის ახლობლებმა გუშინ ღამით უარი თქვეს ცხედრის პროზექტურაში გადასვენებაზე.

„მედცენტრში“ ოპერაციის გაკეთებამდე მელანო ფუტკარაძე ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში 11 მარტს მივიდა. ამ ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორი, თამარ მხატვარი ამბობს, რომ  დიაგნოზი – მწვავე აპენდიციტი ექიმებს არ დაუსვამთ.

„მისი დიაგნოზი იყო ტკივილი მუცლის და მენჯის არეში. მას ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა გამოკვლევა, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები და გადაიყვანეს ქირურგიულ განყოფილებაში. მეორე დილით მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და გაწერეს, ის აღარ გრძნობდა ტკივილს…“ – აღნიშნავს თამარ მხატვარი.

„რეფერალურ ჰოსპიტალში“ ასევე გვითხრეს, რომ მელანო ფუტკარაძეს ხელმეორედ ჰოსპიტლისთვის აღარ მიუმართავს. „ყველა დანარჩენ კითხვას ექსპერტიზა გასცემს პასუხს…“ – ამბობს თამარ მხატვარი. მისივე თქმით, ჰოსპიტალი თავად შეისწავლის გაწეულ სამედიცინო მომსახურებას და სამედიცინო რეგულირების სააგენტოსაც მიაწვდის ინფორმაციას, თუკი საქმეზე მოკვლევა დაიწყება.

მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: