მთავარი,სიახლეები

ათი წარმატებული ქალი საქართველოს პირველი რესპუბლიკიდან

22.03.2019 • 3945
ათი წარმატებული ქალი საქართველოს პირველი რესპუბლიკიდან

გასული საუკუნის წარმატებულ ქალებზე დღეს, 22 მარტს, ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძემ და ისტორიკოსმა ირაკლი ირემაძემ ისაუბრეს. მათ  მსმენელებს გააცნეს საუკუნის წინ, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოღვაწე ქალები, ზოგადად მიმოიხილეს მათი საქმიანობა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკა ქალთა საკითხებისადმი.

გთავაზობთ სალომე ჭანტურიძის პრეზენტაციას მცირე შემოკლებით:

„მინდა გესაუბროთ ქალებზე, რომლებიც კულტურულ ცხოვრებაში იყვნენ ძალიან აქტიურები. წარმოვაჩენთ მათ სახელებს, რომლებიც სამწუხაროდ ერთი საუკუნის შემდგომ დაიკარგა. ამ ქალების წარმოჩენისთვის ჩვენ ასევე მოვამზადეთ პოსტერი, სადაც არის ათი ქალი გამოსახული და იქვე არის ამ ათი ქალის შესახებ მოკლე ისტორიები.

1920 წლამდე ბათუმში რთული პოლიტიკური ვითარება იყო, კულტურულ ცხოვრებაში ნაკლებად იყო სიახლეები. თუმცა ბევრად უფრო ადრე, 1900- იან წლებში ძალიან აქტიური თეატრალი ქალები გვყავდა ამ სივრციდან. სანამ უშუალოდ ბათუმზე ვილაპარაკებთ, მინდა გავიხსენო ცოტა უფრო ადრეული პერიოდი, თუ როგორ მივედით საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკამდე, რა ფაქტორები განაპირობებდა იმას, რომ საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც დემოკრატული სახელმწიფო.

ძალიან ბევრი ინფორმაცია დევს  სოციალურ სივრცეში კატო  მიქელაძეზე, რომელიც პირველ ფემინისტ ქალად ჩამოყალიბდა. როდესაც ქალებზე , ქალთა უფლებებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება მის ბიოგრაფიას ავუაროთ გვერდი.  მას უკავშირდება გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა,“ რომელიც 1917 წლის ხუთი აპრილიდან გამოდიოდა კატო მიქელაძის რედაქტორობით. ქუთაისში დაიწყო ამ გამოცემის გამოშვება.

ეს იყო ყოველკვირეული პოლიტიკური და სალიტერატურო გაზეთი.  იმ პერიოდში მოღვაწე ძალიან ბევრი ქალი ბეჭდავდა პოლიტიკურ მოწოდებებს, წერილებს, ლექსებს და მათი ძირითადი საქმიანობა მიმართული იყო იქეთკენ, რომ ადამიანები,  განსაკუთრებით ქალები, გამოეფხიზლებინათ, რომ ისინი ყოფილიყვნენ არა მხოლოდ დედები, არამედ ფართო საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსულიყვნენ.

ეს არის პერიოდი, როდესაც ევროპის ბევრ ქვეყანაში არ არსებობს ქალებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა კი არა, არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი. კატო მიქელაძემ ეს იდეები სწორედ ამ გაზეთის მეშვეობით გაავრცელა, უამრავი ქალი იყო  მისი მოწოდებებით აჟიტირებული. გაზეთის ძირითადი მოთხოვნა იყო ის, რომ ქალები პოლიტიკურად მამაკაცის უფლებებთან გათანაბრებულიყვნენ, მათ ჰქონოდათ ხმის მიცემის უფლება, ასევე საკანონმდებლო საქმიანობასა და თვითმმართველობაში  გათანაბრებულიყო მათი სახელფასო სარგებელი, რა თქმა უნდა, თანასწორი შრომითი დროის განმავლობაში.

ამ გაზეთის ირგვლივ მეგობართა კლუბები იქმნებოდა,  იდეურ მეგობრებს იპოვიდით გორში, ყვირილაში ანუ დღევანდელ ზესტაფონში, ქუთაისში, თბილისში და ეს წერილები სხვადასხვა რაიონიდან იგზავნებოდა.

კატო მიქელაძე დაიბადა კულაში, დაამთავრა წმინდა ნინოს სასწავლებელი ქუთაისში, შემდეგ ჟენევაში გაემგზავრა, სადაც მან დაამთავრა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ამის შემდეგ ის დაბრუნდა საქართველოში, დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა და სწორედ ამ დროიდან გამოსცემს  გაზეთს „ხმა ქართველი ქალისა“, რომლის 50 ნომერი გამოვიდა.

ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე, ქალთა უფლებების დაცულობაზე, თუმცა კატო მიქელაძეს ჰქონდა პრობლემები რესპუბლიკის მთავრობასთანაც, გაზეთის რამდენიმე ნომერი არ გამოსცეს, რაც შეიძლება განპირობებული ყოფილიყო იმით, რომ რაღაც პოლიტიკური დაპირისპირება არსებობდა კატო მიქელაძესა და იმ დროს ძალიან გავლენიან აკაკი ჩხენკელს შორის, რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი  გახლდათ.

კატო მიქელაძის გაზეთმა დაასწრო მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას, თბილისის უნივერსიტეტის დაარსებას. ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით, დამოუკიდებლობის გამოცხადებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ საქართველოში შეიქმნა ახალი საგანმანათლებლო სივრცე, თბილისის უნივერსიტეტი, რომელიც შემდგომ გახდა სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო ორი განსაკუთრებული მოვლენა მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიაში.

შესაძლოა, რომ არა უნივერსიტეტი, რომ არა საგანმანათლებლო სივრცის არსებობა, დამოუკიდებელი საქართველოც ვერ მიგვეღო  და მოხდა ისე, რომ 1918 წელს ახდა ჩვენი ქვეყნის უამრავი მოქალაქის ნატვრა და ამიერკავკასიაში შეიქმნა პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც სწავლა იყო ქართულ ენაზე, ეს არის სწორედ 1918 წლის ფოტო, სადაც უნივერსიტეტის პირველი კორპუსია გადაღებული.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ბევრისთვის არ არის ცნობილი უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი იყო ქალი და ეს ქალი იყო მედეა ღამბაშიძე. წლების შემდეგ როდესაც ის იხსენებს უნივერსიტეტში სწავლას, აღნიშნავს, როგორ შეიტანა საბუთები უნივერსიტეტში პირველად, როგორ გადაიხადა ასი მანეთი სწავლის საფასური, როგორ ჩაეწერა აკაკი შანიძისა და ივანე ჯავახიშვილის ლექციებზე , თუმცა სამწუხაროდ მან ვერ მოახერხა უნივერსიტეტის დასრულება, რადგან ის ენის შესასწავლად გაემგზავრა ინგლისში. ძალიან მალე საქართველოში მოხდა ოკუპაცია და ის აღარ დაბრუნებულა. ემიგრაციაში წასვლა მოუხდა მის ოჯახსაც. მისი მამაც და დედაც უნივერსიტეტის ლექტორები იყვნენ, დედა კი იყო უნივერსიტეტის პირველი ლექტორი ქალი, რომელიც ასწავლიდა ინგლისურ ენას ახალგახსნილ უნივერსიტეტში და ერთ-ერთ ფოტოზე სწორედ დედასთან ერთად, ვანდა-ჰოპე ღამბაშიძესთან ერთად არის წარმოდგენილი.

უნივერსიტეტთან არის ასევე დაკავშირებული კიდევ ერთი ქალის სახელი. ეს არის ელისაბედ ორბელიანი, მთარგმნელი, პოეტი , ჟურნალისტი, თბილისის უნივერსიტეტის ფრანგული ენის პედაგოგი და მისი საქმიანობა 1918 წელს განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ კუთხითაც, რომ ეს ადამიანი წერდა წერილებს ფრანგულ და რუსულ ენაზე, ხელმძღვანელობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცემას, ფრანგულად და ინგლისურად და სწორედ მისი წერილების მეშვეობით იგებდნენ უცხოეთში, რა ხდებოდა საქართველოში 1918-1921 წლებში, თუმცა სამწუხაროდ მისი ეს საქმიანობა დღემდე ბევრისთვის უცნობია.

ამ დროს საქართველოში ძალიან ბევრი რამ მოხდა, პირველად პირველი მხატვრული ფილმი „ქრისტინე“ სწორედ საქართველოს რესპუბლიკაში გამოვიდა ასპარეზზე, ასევე, პირველი ქართული ოპერები ამ პერიოდიდან იღებენ სათავეს, პირველად ამ პერიოდში ქალები პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდიან მასშტაბურად.

ქრისტინე, დაჩაგრული გაუბედურებული ქალის ისტორია ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ დროის საზოგადოებისთვის.  გერმანე გოგიტიძის სახელი, გარდა იმისა, რომ უკავშირდება პირველი მხატვრული ფილმის გადაღებას,  არსებობს ასევე მოგონებები ფილმის გადაღების პროცესის და ზოგადად გერმანე გოგიტიძის ცხოვრების შესახებ. მან გადაიღო იმ პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენები და ის ქართული კინოცხოვრების პიონერად შეიძლება მოვიხსენიოთ.

ვისაუბრებთ ასევე ევა ბრუნელზე, რომელიც იყო წარმოშობით იტალიელი იყო, თუმცა მანგლისში დაბადებული. დღესაც კი ძალიან იშვიათია ქალი დირიჟორი, ქალი ლოტბარი, თუმცა ერთი საუკუნის წინ ევა ბრუნელი გამოდიოდა თბილისის სცენაზე, მისი სასცენო ნაბიჯების შესახებ ბევრად უფრო ცნობილია ევროპაში.

ასევე მინდა გესაუბროთ მარია პერინზე, რომელსაც უკავშირდება პირველი საბალეტო სკოლის დაარსება თბილისში. ის საქართველოში ჩამოვიდა და ცხოვრობდა მეუღლესთან, ჰენრიხ რინევსკისთან ერთად. მარია პერინის მოსწავლეები იყვნენ სუხიშვილები, სოლიკო ვირსალაძე და ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი. მარია პერინი არის „ვერის უბნის მელოდიებში“ კახი კავსაძის გმირის მეუღლის პროტოტიპი.

ელენე ახვლედიანიც, როგორც მხატვარი ამ პერიოდიდან იწყებს მოღვაწეობას. ის ბეჭდავდა თავსი ნამუშევრებს „ეშმაკის მათრახში“, რომელიც იყო ამ პერიოდის  ყველაზე მწვავე გამოცემა. მათი კარიკატურების მსხვერპლნი იყვნენ იმ დროის ძალიან ცნობილი პოლიტიკოსები.

ახლა კი მინდა გითხრათ რა ხდებოდა ბათუმში თეატრალური თვალსაზრისით. შეიძლება თქვენთვის ცნობილია ქეთევან ჟურული, მის სახელთან არის დაკავშირებული 1879 წელს პირველი თეატრალური წარმოდგენის გამართვა ბათუმში.

ასევე მინდა გითხრათ ანა-ოლღა სოლოღაშვილზე, რომელიც იმ ხუთ დეპუტატს შორის იყო, რომელიც შედიოდა პარლამენტში, მისი საქმიანობა დაიწყო ბათუმიდან. მან ბათუმში დაარსა ბიბლიოთეკა -სამკითხველო.

ბათუმის თეატრალურ ცხოვრებას უკავშირდება ასევე ელისაბედ ჩერქეზიშვილის სახელიც. ის იყო ცნობილი მსახიობი და ლეკურის მოცეკვავე,  ხანუმას როლის შემსრულებელი. ის იყო ძალადობის მსხვერპლი და ამაზე შემონახულია მისი არაერთი მოგონება და წერილი. ის არის ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელიც საქართველოში სცენაზე გამოვიდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: