მთავარი,სიახლეები

თამაზ მეჭიაური მერის თანამდებობიდან გადაყენების უფლებას ასაჩივრებს

22.03.2019 • 916
თამაზ მეჭიაური მერის თანამდებობიდან გადაყენების უფლებას ასაჩივრებს

დღეს მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირი წესით არჩეული მერის თანამდებობიდან გადაყენება საკრებულოს უმრავლესობას, ასევე, ამომრჩევლის 20 %-ს შეუძლია. კანონის ამ ჩანაწერს თიანეთის არჩეული მერი – თამაზ მეჭიაური საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. მისი მოტივაცია მარტივია – თამაზ მეჭიაური მმართველ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს და მისთვის უნდობლობის გამოცხადება ნებისმიერ დროს შეუძლია საკრებულოს.

თამაზ მეჭიაურის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 22 მარტს, განიხილავს. მოსარჩელის ინტერესებს გიორგი გოცირიძე დაიცავს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

სადავო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ეს ჩანაწერია: „მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიცირების საფუძველია მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 %-ის წერილობითი ინიციატივა მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ…“

თამაზ მეჭიაურმა სარჩელს 2017 წლის არჩევნების შემაჯამებელი ოქმიც დაურთო, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაურმა მიიღო 3077 ხმა, ხოლო ლელა ქიტესაშვილმა – 3076 ხმა. შემაჯამებელ ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ თიანეთის მერად არჩეულია თამაზ მეჭიაური, რომელიც იმავდროულად არის პარტიის „ერთიანი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი. თიანეთის საკრებულოში 27 წევრია. აქედან 14 დეპუტატს შეუძლია არჩეული თამაზ მეჭიაური თანამდებობიდან გადააყენოს.

მოსარჩელე მიუთითებს იმასაც, რომ საკრებულოს წევრებს დასაბუთების ვალდებულებაც არ აქვთ, ისე შეუძლიათ პირდაპირი წესით არჩეული მერისთვის უნდობლობის გამოცხადება.

„საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს ისე აქვს მერისთვის  უნდობლობის გამოცხადების საკითხის ინიცირების უფლება მინიჭებული, რომ მათ არ ეკისრებათ ამ ინიციატივის სამართლებრივი დასაბუთების ვალდებულება… სადავო ნორმა, პრაქტიკულად, მოქალაქეთა უმცირესობას ანიჭებს უფლებას, უმრავლესობის მიერ არჩეული მერის უნდობლობის ინიცირება მოახდინონ. ეს უკანასკნელი წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული სახელმწიფოს ნორმა-პრინციპთან. დემოკრატია თავისი არსით გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკურ პროცესში გადაწყვეტილება მიიღება უმრავლესობის მიერ.  ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტი არ ქმნის ამგვარ უმრავლესობას,“ – აღნიშნულია კონსტიტუციურ სარჩელში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: