მთავარი,სიახლეები

კომპანია, რომელიც „ორბი ჯგუფი ბათუმმა“ იყიდა მახინჯაურში ხეების მოჭრას ითხოვს

23.03.2019 • 2907
კომპანია, რომელიც „ორბი ჯგუფი ბათუმმა“ იყიდა მახინჯაურში ხეების მოჭრას ითხოვს

„ჯეო დეველოპმენტს“, მახინჯაურში, პირობებით შეძენილ ტერიტორიაზე კოტეჯების მშენებლობა 2 წლის წინ უნდა დაეწყო. კომპანიას სამუშაოები დღემდე არ დაუწყია, მიზეზად კი მიწის ნაკვეთზე არსებულ მრავალწლოვან წიწვოვან ხეებს ასახელებს. ეს ის ტერიტორიაა [ყოფილი სანატორიუმი „კოლხიდა“], სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის რამდენიმე ხე ამოთხარეს და შეკვეთილში გადაიტანეს. აქ არაერთი ხე მოჭრეს კიდეც.

„ჯეო დეველოპმენტმა“ რომ უზრუნველყოს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება უნდა მოხდეს მიწის ნაკვეთზე განლაგებული მრავალწლიანი წიწვოვანი ხეების დიდი ნაწილის მოჭრა. ამ მიზნით საჭიროა სხვადასხვა საექსპერტო შეფასებები, რათა ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიზნით მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული ჯანსაღი ხეების ჭრა, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, სასურველია მოხდეს სამინისტროს მიერ სახელშეკრულებო პირობების გადახედვა“, – ნათქვამია კომპანიის დირექტორის ირაკლი სირაძის მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძისადმი გაგზავნილ წერილში.

„წინასწარ ცნობილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შპს „ჯეო დეველოპმენტი“ ვერ უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას“, – აღნიშნულია კომპანიის დირექტორის წერილში.

წერილი სამინისტროში 2018 წლის დეკემბერშია გაგზავნილი. ვალდებულებები კი კომპანიამ 2017 წლის იანვარში აიღო. კომპანია 2 წლის შემდეგ აცხადებს, რომ სამუშაოს დაწყებაში ხელს ხეები უშლის, მაშინ, როცა ეს ხეები იქ ხელშეკრულების გაფორმების, ანუ ვალდებულებების აღების დროსაც იდგა. ვალდებულების შესრულებამდე „ჯეო დეველოპმენტს“ ცოტა დრო დარჩა – ბოლო ვადა 2020 წლის 13 იანვარია.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვალდებულებას ვერ შეასრულებს [დარჩენილ ვადაში ეს შეუძლებელია], მთავრობა მას პირგასამტეხლო ჯარიმას დააკისრებს. ხეებით გამოწვეული ხელშეშლა და ამ მიზეზით ვადის გაგრძელების მოთხონა, შეიძლება იყოს ერთგვარი გზა დაჯარიმებისგან თავის ასარიდებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში „ჯანსაღი ხეების“ ბედზე და „საექსპერტო შეფასებებზე“ კომპანიას მაშინაც უნდა ეზრუნა, როცა არაერთი ხე მოჭრეს და ამოთხარეს იმ ტერიტორიაზე, რომელიც „ჯეო დეველოპმენტის“ საკუთრებაა. ამ ტერიტორიიდან ამოღებული ხეები თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადაიტანეს. 

ზემოთ აღნიშნული წერილით კომპანიის დირექტორმა მინისტრს მაშინ მიმართა, როცა კომპანიის წილის 100% უკვე „ორბი ჯგუფი ბათუმზე“ გაასხვისა [ამ კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძეა, მფლობელი კი ზვიად ზოიძე].

„ჯეო დეველოპმენტი“ ითხოვს, მისცენ უფლება საკუთრებაში გადაცემულ ტერიტორიაზე ადრე ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს 2022 წლამდე – მოაწყოს 40 საწოლზე გათვლილი არანაკლებ 10 კოტეჯი; კაფე-ბარი შესაბამისი ინფრასტრუქტურით; კემპინგი, სასეირნო ბილიკები და მიწის ნაკვეთის 50% გამოიყენოს რეკრეაციული დანიშნულებით.

„აღნიშნულს არ ვაცხადებთ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების თავიდან აცილების მიზნით, რადგან მათი შესრულება ჩვენი კომპანიისთვის, რომელიც შედის „ორბის ჰოლდინგურ ჯგუფში“, ნამდვილად არ წარმოადგენს არანაირ სირთულეს“, – წერს კომპანიის დირექტორი მინისტრ ჯაბა ფუტკარაძეს.

აჭარის მთავრობას კომპანიის დირექტორისთვის პასუხი ჯერ არ გაუცია.

„ჯეო დეველოპმენტის“ 100% წილი 2018 წლის დეკემბერში შეისყიდა „ორბი ჯგუფი ბათუმმა“. ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი სირაძე და ირაკლი კვერღელიძე აწერენ, აღნიშნულია, რომ ფასი და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა დამატებითი შეთანხმებით.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ორბი ჯგუფი ბათუმის“ გენერალურ დირექტორს. ირაკლი კვერღელიძეს გვითხრა, რომ გაერკვევა დეტალებში და შემდეგ დავუკავშირდეთ.

ყოფილ სანატორიუმ „კოლხიდას“, 413 კვ/მ ფართობის ორსართულიან შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე [32 171 კვ/მ მიწის ნაკვეთი] აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობადებული აუქციონი 2016 წლის დეკემბერში გამოაცხადა. აუქციონი ამავე თვის ბოლოს დასრულდა და ქონება 1 მილიონ 125 ათას ლარად გაიყიდა. ამასთან, მყიდველმა უნდა განახორციელოს 2 მილიონი ლარის ინვესტიცია.

ყოფილი „კოლხიდას“ ტერიტორიაზე ნასყიდობის ხელშეკრულება 2017 წლის 13 იანვარსაა გაფორმებული აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ჯეო დეველოპმენტს“ შორის. 13 იანვრის ამონაწერის მიხედვით, ტერიტორია უკვე ამ კომპანიის საკუთრებაში იყო.

შპს „ჯეო დეველოპმენტი“ კი აუქციონის დაწყებამდე 4 თვით ადრე, 2016 წლის 13 ივლისს დაარეგისტრირა უკრაინის მოქალაქემ ნატალია ტოვკაჩმა. 2 თვის შემდეგ, 2016  წლის 7 ოქტომბრის ამონაწერის მიხედვით, „ჯეო დეველოპმენტის“ 100% წილის მფლობელიც და დირექტორიც უკვე ირაკლი სირაძე გახდა. რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, მან კომპანიის მთლიანი წილი ნატალია ტოვკაჩიდან 100 ლარად იყიდა.

პირობებით გასხვისებულ ტერიტორიაზე ხეების მოჭრა-ამოთხრასთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ კომენტარი მაშინდელ მინისტრს სთხოვა.

„ჯამში მაქ არის 32 ათასი კვ/მ ტერიტორია… მთელი ტერიტორიის ნახევარს, როგორც რეკრეაციულ ზონას, იქ არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, წარმოდგენილი იქნება აუდიტის დასკვნა, სადაც ნაჩვენები იქნება ეს ყველაფერი და თუ აღმოჩნდება, რომ რაღაც დარღვევაა, შესაბამისი რეაქცია გვექნება…“ – გვითხრა 2017 წლის მარტში მაშინდელმა მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.

ხეები ყოფილ სანატორიუმ „კოლხიდას“ ტერიტორიაზე ამოთხარეს [ფოტოზე მარჯვნივ], ხეებთან მისასვლელი გზის მოსაწყობად კი ყოფილი სანატორიუმ „მზიურის“ ტერიტორიას იყენებდნენ. ამ სამუშაოებისთვის აქ რამდენიმე ძირი მრავალწლოვანი ნაძვი და მაგნოლია მოჭრეს / სატელიტის ფოტოები

„ჯეო დეველოპმენტს“ აჭარის მთავრობის წინაშე სხვა ვალდებულებაც აქვს.

ბათუმში, ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების კვეთაში მდებარე 3769 კვ/მ მიწის ნაკვეთი „ჯეო დეველოპმენტმა“ 2016 წელს პირობიან აუქციონზე შეიძინა. მშენებლობა არც ამ ნაკვეთზეა დაწყებული, კომპანიასა და სამინისტროს შორის კი უკვე შეთანხმება გაფორმდა და ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებებიც შევიდა.

ამ ნაკვეთზე „ჯეო დეველოპმენტმა“ 2021 წლის 12 დეკემბრამდე უნდა აამოქმედოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა [სასტუმრო], ამ ნაგებობაში  არანაკლებ 2 000 კვ.მ ფართობზე სამინისტროსთან შეთანხმებით მოაწყოს ერთ-ერთი მაინც შემდეგიდან: საკონფერენციო დარბაზი, საგამოფენო დარბაზი, რესტორანი; გასართობი ცენტრ(ებ)ი; ასევე არანაკლებ ერთ-ერთი მაინც შემდეგიდან: ღამის კლუბი, კაზინო, ბილიარდ კლუბი, სპორტული კაფე.

 

მთავარი ფოტო: „ჯეო დეველოპმენტზე“ პირობებით გადაცემული მიწის ნაკვეთი [ყოფილი სანატორიუმი „კოლხიდას“ ტერიტორია], სადაც ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანად მრავალწლოვანი ხეები ამოთხარეს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: