განათლება,მთავარი,სიახლეები

სამი სკოლა აჭარიდან ნიკო კეცხოველის პრემიის კონკურსის ფინალში

21.03.2019 • 2678
სამი სკოლა აჭარიდან ნიკო კეცხოველის პრემიის კონკურსის ფინალში

სამი სკოლა აჭარიდან: თხილნარის პირველი [ხელვაჩაური] , ბობოყვათის [ქობულეთი] და ქობულეთის პირველი საჯარო სკოლები  ნიკო კეცხოველის პრემიის სასკოლო კონკურსის ფინალში მოხვდა. კონკურსის წლევანდელი თემაა მდგრადი განვითარების მიზნები.

კონკურსში 700-მდე სკოლა მონაწილეობდა, თუმცა ფინალში მხოლოდ 32 სკოლა გადავიდა. დღეს, 21 მარტს, შეირჩევა სამი ფინალისტი მოსწავლე, რომლებიც „მომავლის ბანაკის“ საგზურით დაჯილდოვდებიან.

„ბათუმელები“ აჭარაში ფინალისტი სკოლების წარმომადგენლებს ესაუბრა.

თხილნარის სკოლაში პროექტის ხელმძღვანელი დაწყებითი საფეხურის პედაგოგი დიანა ბერიძეა:

„ბევრი გარემოსდაცვითი აქტივობა გვქონდა, აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კოლხური ბზის დაკალმება და გავრცელება მოსახლეობაში. კოლხურ ბზას დაავადება აქვს, ამიტომ მისი გადარჩენა მნიშვნელოვანია. 2017 წლიდან ჩვენ ვაკალმებთ ბზას“.

როგორც დიანა ბერიძე გვეუბნება, სკოლამ ხელვაჩაურის მერიიდან მოიპოვა დაფინანსება და 400 ძირი ბზა დააკალმეს. „უვლის მოსახლეობა და კიდევ ვაპირებთ ამ აქციის გაგრძელებას, ახლაც დაკალმების პროცესში ვართ“ – გვითხრა მან.

ბზის დაკალმება მოსწავლეებმა ჯერ სკოლის ეზოსთვის დაიწყეს, შარშან 80 ძირი ნერგი დააკალმეს და დაარიგეს მოსახლეობაში, წელს კი უფრო მეტის დაკალმებას აპირებენ.

მეორე პროექტი, რომელიც თხილნარის სკოლამ კონკურსის ფარგლები გააკეთა, იყო ნარჩენების მდგრადი მართვა:

„ვნახეთ პარტნიორი ორგანიზაციები, სოფელ ჭარნალისა და ახალსოფლის საზღვართან არის თურქულ-უკრაინული კომპანია, რომელიც პლასტმასის ნარჩენებს იბარებს და მათ ვაბარებდით ამ ნარჩენებს, რომ გარემო გაგვეთავისუფლებინა. მოსწავლეები სწავლობენ ნარჩენების დახარისხებას, რომ ყველა ნარჩენი ნაგავი არ არის და მისგან შეიძლება მეორადი მასალის წარმოება“.

მოსწავლეებმა სოფლის მასშტაბით დაარიგეს ბროშურები, გამოავლინეს და დაასუფთავეს თვითნებური ნაგავსაყრელები.

ფინალში გადავიდა ბობოყვათის საჯარო სკოლაც. მეცხრე კლასის მოსწავლე მარიამ მანელიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში სკოლამ ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა სოფელში, როგორც მოზარდებში, ასევე ზრდასრულებში.

მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის ნაწილი არ იკვებოდა სწორად, მოზარდები კი თამბაქოს იმიჯის გამო მოიხმარდნენ. „ცნობიერების ამაღლების მიზნით მოსახლეობას დავურიგეთ ბუკლეტები გარემოს დაცვაზე, ნარჩენების მართვაზე და გამონაბოლქვის პრობლემაზე“ – ამბობს მარიამ მანელიშვილი.

ფინალისტი სკოლები წარმოადგენენ იმ კონკრეტულ აქტივობებს, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში  გლობალური გამოწვევების საპასუხოდ მთელი ქვეყნის, ქალაქის ან სოფლის ფარგლებში ახორციელებდნენ.

კონკურსის ორგანიზატორია CENN (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (Austrian Development Cooperation), პარტნიორები კი – საქართველოს პარლამენტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ნიკო კეცხოველის სასკოლო გარემოსდაცვითი პრემია.

_________

მთავარ ფოტოზე: ბზების დაკალმება თხილნარის სკოლაში. ფოტო: forestry.cenn.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: