მთავარი,სიახლეები

რატომ და როგორ უნდა მისცეთ ხმა ბათუმს? – კონკურსი World Travel Awards

21.03.2019 • 1683
რატომ და როგორ უნდა მისცეთ ხმა ბათუმს? – კონკურსი World Travel Awards

ბათუმისთვის ხმის მიცემის პროცესი https://www.worldtravelawards.com/vote-ზე უკვე დაიწყო. კონკურსს ორგანიზაცია World Travel Awards-ი ატარებს. თუკი ბათუმი ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, მას წლის განმავლობაში ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების ქალაქის ტიტული მიენიჭება. საერთაშორისო კონკურსში ბათუმის კონკურენტები არიან: სოფია [ბულგარეთი], მატერა [იტალია], ბაქო [აზერბაიჯანი], ლუბლიანა [სლოვენია] და კუტნა ჰორა [ჩეხეთი].

რა შეიცვლება ბათუმელების მცხოვრებლებისთვის, თუკი ბათუმი ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების ქალაქის სტატუსს მიიღებს და როგორ გავიდა ბათუმი ამ ნომინაციაზე? – „ბათუმელები“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სულხან ღლონტს ესაუბრა.

ბატონო სულხან, World Travel Awards-ი რის გამო შეარჩიეს ბათუმი ერთ-ერთ ნომინანტად? 

ეს არის ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია და 1993 წლიდან ატარებს დაჯილდოების ცერემონიალს. ეს არის დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ასევე ტურიზმის მიმართულებით ცნობილ სახეებს, მრჩევლებს. ისინი არიან ჟიურის წევრებიც. საბოლოო გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს, თუმცა წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ხმის მიცემა ინტერნეტში სპეციალურ პლატფორმაზე.

World Travel Awards-ი ყოველწლიურად ატარებს კონკურსებს და იგი ძალიან პოპულარულია, მას „ტურიზმის ოსკარსაც“ უწოდებენ, რადგან ეს ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ყველაზე დიდ მედიაპლატფორმებთან. კონკურსში გამარჯვება ავტომატურად ნიშნავს დიდ რეკლამას და ბათუმის ცნობადობის გასაზრდელად წინ გადადგმულ სერიოზულ ნაბიჯს. იყო კითხვები, რომ ჩვენ თითქოს სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ფული გადავიხადეთ, მაგრამ ეს არაა სიმართლე. რეალურად ამ ორგანიზაციამ თავისი დაკვირვების შედეგად შეგვარჩია. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც გვითხრეს, რომ ნომინირებული ვიყავით და გადმოგვცეს ამის დასტურად ოფიციალური დიპლომი. ეს ნომინირებაც ძალიან პრესტიჟულია, მაგრამ ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, საქმე ბოლომდე მივიდეს.

რა გითხრეს ბერლინის გამოფენაზე, რის გამო გააკეთეს ბათუმზე არჩევანი?

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც მივიღეთ ეს ნომინაცია, იყო ბათუმზე საერთაშორისო მედიაკამპანიები… ბათუმი გახდა ევროპისთვის ახალი, მიმზიდველი, სწრაფად მზარდი მიმართულება. თუკი ბათუმს მიანიჭებენ ამ ტიტულს, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ბათუმს ექნება ეს ტიტული. ხმის მიცემა 28 აპრილამდეა შესაძლებელი, დაჯილდოების ცერემონიალი კი, 8 ივნისს, პორტუგალიაში, მადეირაზე გაიმართება.

როგორც იმუშავა ამ ტიტულმა იმ ქალაქებისთვის, რომლებმაც წინა წლებში მოიპოვეს წარმატება, თუ არსებობს კვლევები? 

კი, პორტუგალიის მაგალითზე მინდა გითხრათ – ამ ტიტულმა იმუშავა და არსებობს სახელმწიფო მდივნის განმარტებაც, რომ 20-პროცენტიანი ტურისტების ზრდა დაფიქსირდა იმ წელს… ეს გამარჯვება ნიშნავს უდიდეს საინფორმაციო მხარდაჭერას მსოფლიო მასშტაბით. World Travel Awards – ში რეალურად ათასობით მოთხოვნა შედის ნომინაციაზე. არსებობს შემთხვევები, როცა თავად ქალაქები ითხოვენ ნომინირებას. ბათუმის შემთხვევაში კი, ორგანიზაციამ შეგვარჩია.

როგორც ჩემთვის ცნობილია, ბათუმის „შერატონიც“ იქნება ნომინირებული სასტუმროების კატეგორიაში… ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ხშირად გაჟღერდეს ბათუმის სახელი.

როგორ უნდა მისცენ ადამიანებმა ხმა ბათუმს? 

ტურიზმის დეპარტამენტმა მოამზადა ვიდეოინსტრუქცია, სადაც მარტივად არის ახსნილი, როგორ უნდა მივცეთ ხმა ბათუმს. მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ ხმის მიცემა რეგისტრაციის გავლის გარეშე შეუძლებელია, რადგან არსებობს დაცვის მექანიზმები, რომ არ შეიქმნას ყალბი ანგარიშები. მჯერა, საზოგადოების აქტიურობის და მხარდაჭერის.

ვიდეინსტრუქცია

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: