"ბათუმელების“ არქივიდან,სიახლეები

1921 წლის მარტი ბათუმში მაზნიაშვილისა და რუსი გენერლის ჩანაწერების მიხედვით

21.03.2010 • 5604
1921 წლის მარტი ბათუმში მაზნიაშვილისა და რუსი გენერლის ჩანაწერების მიხედვით

ავტორი: ფრიდონ ქარდავა, აჭარის საარქივო სამმართველოს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და პუბლიკაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი

მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენები ვითარდებოდა ბათუმში 1921 წლის მარტში. უკვე სრულდებოდა წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაცია, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ბათუმში იყო გადმოხვეწილი და ერთის მხრივ ქემალისტური თურქეთის ემისართა ხრიკებსა და აშკარა აგრესიას უმკლავდებოდა, მეორეს მხრივ კი ცდილობდა საბჭოთა ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლის ხაზი შეენარჩუნებინა. ამ პერიოდში ქართულ ჯარს ღირსებასა და სახეს გენერალი მაზნიაშვილი თუ უნარჩუნებდა და ჯერაც სამხედრო წესრიგით აკავებდა მტერს სადღაც რიონთან.

მთავარი საკითხი მაინც ბათუმისთვის ბრძოლები იყო. ამ ბრძოლის შესახებ საკმაოდ გაურკვეველი სურათი იხატება. საბჭოთა ოკუპანტი ქართულ ჯარს ებრძოდა ბათუმისთვის. ქიაზ ბეი და თურქეთი კი ქართულ ძალებს ებრძოდნენ, ასევე ბათუმისთვის. მაგრამ ისე უნდა გამოჩენილიყო, რომ თითქოს რუსები და თურქები ერთმანეთს არ ებრძოდნენ. ურთულესი ვითარება იყო შექმნილი, ბოლშევიკები არ დათმობდნენ, მენშევიკები კი გარბოდნენ და არავინ იცოდა, ვის ხელში უნდა დარჩენილიყო გაჭირვებით შემოერთებული აჭარა.

ეს ვითარება საინტერესოდ არის გადმოცემული ორ მოგონებაში. ერთის ავტორია ოკუპანტი, 33-ე დივიზიის 98-ე ბრიგადის 292-ე პოლკის მეთაური, მაიორი ზოლოტოვი, მეორის კი – საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი.

გაგაცნობთ ნაწყვეტებს ზოლოტოვის მოგონებებიდან და თან შევეცდებით მაზნიაშვილის მოგონებებიდან ციტატებით ნათელი სურათი შევქმნათ ბათუმისთვის
ბრძოლაზე.

ძირითად თხრობას ზოლოტოვის ტექსტიდან წარმოგიდგენთ:

„პირველმა ასეულმა გადალახა ჩაქვისწყალი და განახორციელა მტკიცე შეტევა, შეუპოვრად ეკვეთა მტერს, გაანადგურა
და ტყვედ აიყვანა მოწინააღმდეგე. მოწინააღმდეგე პანიკით იხევდა. ცდილობდა რა გამაგრებულიყო მწვანე კონცხის გვირაბთან, მაგრამ სწრაფმა შეტევამ
იქიდანაც განდევნა. მე-2 ბატალიონი შეტევაში მყოფ პირველ ასეულს  ფეხდაფეხ მიჰყვებოდა.  თამართან ჩვენი ნაწილები შეხვდა ტყვიამფრქვევისა
და სხვა იარაღის ძლიერ ცეცხლს. პატარა სამებიდან გრიალებდა მოწინააღმდეგის არტილერია. გაჩაღდა ბრძოლა.

შავ ზღვაზე გამოჩნდა ნაღმოსანი საფრანგეთის დროშით. ის მოგვიახლოვდა ტყვიამფრქვევების სასროლ მანძილზე და გაგვიხსნა ცეცხლი“.

ეს უკვე ის პერიოდია, როცა ბათუმის რევკომის მიერ დანიშნული გენერალი მაზნიაშვილი მეთაურობს ფრონტს. ასე რომ, ნაკლებსავარაუდოა საფრანგეთის გემებს რუსებისთვის გაეხსნათ ცეცხლი. ასევე ტრაბახს გავს ზოლოტოვის ტრიუმფით სვლის ბატალიები.

როგორც შემდეგ გამოჩნდება მაზნიაშვილის მოგონებებიდან, ბრძოლები სწორედ მისი მითითებებითა და სარდლობით ხორციელდებოდა.

„ამასობაში კი 2 ბატალიონი უკვე ჩამოსხდა და შემოვლითი გზით დაიძრა ბათუმისაკენ ყარა-დერეს, პატარა სამების ფორტის ჩრდილოეთ ნაწილისა და დიდი სამების ფორტის შორის, ბარცხანის ბატარეას შემოვლით. ბატალიონს აქ უშუალოდ მე ვმეთაურობდი. მოწინააღმდეგემ, აწარმოებდა რა ბრძოლას პირველ ბატალიონთან, შეასუსტა თავისი ძალები მეორე ბატალიონის მიმართულებით. მეორე ბატალიონმა, ჩემი პირადი მეთაურობით, საათნახევრიანი მტკიცე მიწოლით შემოუარა მცირე სამების ფორტს ჩრდილოეთიდან და დაარტყა ზურგში, აიღო ფორტი მცირე სამება. შემდეგ მე დავიძარი იმ ნაწილების ზურგისკენ, რომლებიც აწარმოებდნენ ბრძოლას ჩვენს პირველ ბატალიონთან. მოწინააღმდეგის ნაწილები ამ გზით აღმოჩნდნენ ალყაში. ისინი პანიკაში ჩავარდნენ და დაიწყეს უკანდახევა ბარცხანის ბატარეის ყაზარმებისკენ. პირველი და მეორე ბატალიონის მეგობრულმა ძალისხმევამ სწრაფად გადაწყვიტა საქმე. ქიაზილ ბეის ნაწილები განადგურებული და ტყვედ იქნა აყვანილი. ჩვენ დავიპყარით ბარცხანის ბატარეა“.

აქაც გადამეტებული ჩანს ზოლოტოვის ღვაწლი, რადგან მაზნიაშვილი პირდაპირ წერს:

„შემდეგ მოველაპარაკე გენერალ წულუკიძეს და ართმელაძეს და ციხის რაიონი გავყავი ორ მებრძოლ უბნად: ნაწილი ქალაქისა, ბარცხანა და კახაბრის ფორტები დავუქვემდებარე გენერალ წულუკიძეს, ხოლო ქალაქის მეორე ნაწილი, სტეფანოვკა და ანარიის ფორტები – გენერალ ართმელაძეს“ (ასე რომ, ბარცხანისათვის ბრძოლებს მეთაურობდა წულუკიძე და არა – ზოლოტოვი. ავტორის შენიშვნა).

„წულუკიძე თავისი რაზმით გამოვიდა პაკგაუზებიდან, გარშემოერტყა ფორტს და გაღებული ალყაფის კარებთან შეიჭრა თვით ფორტში. ნახევარი საათის შემდეგ ბარცხანის მთელი გარნიზონი განადგურებულ იქნა; ნაწილი ამოხოცეს, ნაწილი კი, რიცხვით 218 ასკერი, დაატყვევეს  და ჩემს შტაბში გამოგზავნეს“, – ეს მაზნიაშვილის სიტყვებია.

ზოლოტოვი კი წერს:

„ბარცხანასა და მცირე სამების ფორტების რაიონში მოქმედი შტაბი ავიყვანეთ ტყვედ. ტყვედ ავიყვანეთ ყველა ეს ნაწილები. ქიაზილ ბეის ნაწილებთან ომისას ისმოდა სროლა ქალაქ ბათუმიდან ქიაზილ ბეის მიმართულებით. მას შემდეგ, რაც ჩვენ ავიღეთ ბარცხანისა და სამების ყაზარმები, ქალაქ ბათუმიდან ეს სროლები შეწყდა. ბათუმიდან გამოემგზავრა დელეგაცია ამხ. გაბელიას მეთაურობით. ამ დელეგაციამ თავი გამოაცხადა ქალაქ ბათუმის რევოლუციურ სამხედრო საბჭოდ. მალე ამის შემდეგ გამოემართნენ მენშევიკური ნაწილები გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით წითელ არმიასთან შესახვედრად.

გენერალმა მაზნიაშვილმა მალე მოგვცა სრული თანხმობა რევკომსა და პირადად მე ქალაქ ბათუმის ჩაბარებაზე და რომ ყველა მენშევიკური ჯარი დაექვემდებარებიან რევკომს და როგორც მაზნიაშვილი, ასევე მენშევიკური ნაწილები იბრძოლებენ ანგორის ხელისუფლების წინააღმდეგ, ქიაზილ ბეის წინააღმდეგ, რომელიც ოცნებობდა შეიარაღებული ძალებით დაეპყრო ბათუმი“.

გენერალი მაზნიაშვილი კი იხსენებს:

„გამთენიისას, 4 საათზე, მე და თ. ჟღენტი წავედით ავტომობილით რევკომის თავმჯდომარე – ს. ქავთარაძესთან, რათა მოგვეხსენებინა ჩვენი გადაწყვეტილება და რაც შეეხება ჩვენ მიერ მიღებულ ზომებს, ვთხოვეთ – მოეწერნა ხელი ბრძანებაზე, რომლითაც მე ვირიცხებოდი საქართველოს წითელი ჯარის სარდლად და ბათუმის ოლქის გენერალგუბერნატორად. დილის 6 საათზე ქალაქის ყველა ქუჩაზე უკვე გაკრული იყო ბრძანება ჩემი დანიშვნის შესახებ“.

ცენტრში გენერალი გიორგი მაზნიაშვილი

შესაბამისად, მაზნიაშვილი ვერაფრით ვერ ჩააბარებდა ქალაქს ზოლოტოვს.

„ყველა სახელმწიფო დაწესებულება, ტელეგრაფი, ბანკი, ფოსტა, სადგური, პორტი, კახაბრის ციხესიმაგრე, კაიადიბა (каядыба) სტეფანოვკა, შავი ზღვის ბატარეა, ბურუნ ტაბიე, ბარცხანა, დიდი და პატარა სამება – ყველა ესენი უკვე ჩვენს ხელთ იყო. ქიაზილ ბეის მიეცა წინადადება, ორ საათში გაეთავისუფლებინა ყველა დაკავებული სახელმწიფო დაწესებულება და გადმოეცა ყველა პოსტი ბათუმის რევოლუციურ სამხედრო საბჭოსთვის. ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ტელეფონით უშუალოდ რევკომის თავმჯდომარის – გაბელიასა და ქიაზილ ბეის შორის“.

აქაც ცდება მაიორი, რევკომის თავმჯდომარე იყო ქავთარაძე და არა – გაბელია.

„ქიაზილ ბეიმ კატეგორიული პროტესტი გამოთქვა, განაცხადა რა, რომ ანგორას ხელისუფლების განკარგულების გარეშე არ ჩააბარებდა ბათუმს. ქიაზილ ბეი ყოველნაირად ცდილობდა დაეყოვნებინა ქალაქის გადმოცემა და გვთავაზობდა, ექსცესების თავიდან ასაცილებლად შემოგვეღო ერთობლივი დაცვა. ბათუმის სამხედრო რევოლუციურმა კომიტეტმა ქიაზილ ბეის ისევ ულტიმატუმი წაუყენა და ვადის ამოწურვამდე ქიაზილ ბეიმ თანხმობა განაცხადა, მოეხსნა  თავისი პოსტები სახდაწესებულებიდან და გადმოეცა ჩვენთვის. მიეცა განკარგულება წითელ 292-ე პოლკს, შესულიყო ბათუმში.

19 მარტს, 18 საათზე, ნაშუადღევზე, 33-ე დივიზიის  98-ე ბრიგადის 292-ე პოლკმა დაიკავა ქალაქი ბათუმი. მოსახლეობა აღფრთოვანებით შეგვხვდა ჩვენ. ქალაქმა საჩქაროდ მიიღო საზეიმო სახე. ყველგან წითელი დროშები იყო. როცა ჩვენი ნაწილები მიდიოდნენ ქალაქში, მათ ესროდნენ ყვავილებს“.

მოკლედ, რაღა ხატაელებთან გამარჯვების შემდეგ დაბრუნებული ტარიელი, „ქალაქი ქუჩა და ბანი“ აღფრთოვანებით რომ ხვდებოდა და რა ზოლოტოვი. ზოლოტოვი ომახიანად ბრძანებს: „ასე იქნა აღებული ბათუმი, ასე დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება აჭარისტანში“.

მაზნიაშვილის მიერ სამდღიანი თავგანწირული ბრძოლებით განთავისუფლებულ ბათუმში შევიდა ზოლოტოვი, თავისი პოლკით და მაინც იმას ამბობს, მე ავიღე ქალაქიო. იგი ჟლობასაც კი არ ახსენებს, ვისაც ნამდვილად მიუძღოდა გარკვეული წვლილი მაზნიაშვილის მეთაურობით ბათუმის განთავისუფლების ოპერაციაში.

მაგრამ ისტორიამ მაინც ხომ იცის სინამდვილეში ვინ მეთაურობდა ბათუმის განთავისუფლების საქმეს, ვისი სამხედრო ნიჭისა და პატრიოტიზმის ნაყოფიც იყო ეს ბრწყინვალე გამარჯვება? გავიხსენოთ რა ბედი ეწია მათ:

„20 მარტს მოვიდა ბათუმში სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი, ამხ. შალვა ელიავა, რომელსაც დაწვრილებითი მოხსენება წარვუდგინე სიტყვიერად ოსმალებთან ახლად დამთავრებული სამი დღის ბრძოლის შესახებ. შემდეგ მოვახსენე საჯავახოსა და ბათუმში მყოფ ქართული ჯარის მდგომარეობა, მისი რიცხვი, შემადგენლობა, მოკაზმულობა, შეიარაღება და სხვა. სახალხო კომისარმა მოისმინა ჩემი მოხსენება და მიბრძანა, მაშინვე გამეცა განკარგულება საქართველოს ჯარების დაშლის შესახებ“.

უკვე არც მაზნიაშვილი სჭირდებოდა ვინმეს და არც ქართველი ჯარისკაცები. გენერალ მაზნიაშვილს სამშობლოსთვის დაცემული მამულიშვილების გვამების პატრონობაღა ანდეს: „დასასრულ ჩვენ შევეხეთ ოსმალებთან სამი დღის ბრძოლებში მოკლულ ჯარისკაცთა დამარხვის საკითხს. ამ დაღუპული გმირების რიცხვი 84 კაცამდე ადიოდა. სამხედრო კომისარმა ბრძანა, დაემარხათ ისინი აზიზიეს მოედანზე დიდი ზეიმით, რაც მეორე დღეს სისრულეში იქნა მოყვანილი“.

ცხადია, მტერი და დამპყრობელი არ გაგიხსენებს შენს გმირებს, მაგრამ ჩვენ რაღა გვიშლის ხელს ყოფილ აზიზიეს მოედანზე დაკრძალული გმირების საფლავებს მაინც მივაგოთ ღირსეული პატივი და მათ ხსოვნას ერთი ღირსეული მონუმენტი რომ მივუძღვნათ, მათი თავგანწირვის დაუვიწყარი გმირობის ძეგლად?!

გადაბეჭდვის წესი


ასევე: