ბათუმის სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპზე გამოცხადებულ ტენდერშიც „ანაგმა“ გაიმარჯვა 



აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად კომპანია „ანაგი“ გამოაცხადა.  „ანაგი“ შპს „სტადიონს“ მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულებას ყველაზე დაბალ ფასად, 20 მილიონ 780 ათას ლარად სთავაზობს. სატენდერო თანხა 21 922 803 ლარი იყო.

„ანაგთან“ ხელშეკრულება მეორე ეტაპის სამუშაოებზე ჯერ გაფორმებული არ არის. სატენდერო კომისიამ კომპანიას დამატებითი დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვა, რაც „ანაგმა“ გუშინ, 22 მარტს სრულად წარადგინა. ტენდერის პროცედურების მიხედვით კომისია შეისწავლის ამ დოკუმენტებს და კომპანიასთან ამის შემდეგ გააფორმებს ხელშეკრულებას. ტენდერი აუქციონის გარეშე ჩატარდა, ამიტომ უცნობია მონაწილეობდა თუ არა მასში სხვა პრეტენდენტი.

შპს „ანაგი“ სტადიონის მშენებლობის პირველ ეტაპზე გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულია, რომელმაც სტადიონის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მშენებლობა, ასევე, ლითონის სახურავის მოწყობა მთლიანად დაასრულა. ამჟამად მიმდინარეობს გადახურვა. სტადიონზე ყველაზე ბოლოს უნდა დამონტაჟდეს სკამები და მოეწყოს მინდვრის საფარი.

მშენებლობის მეორე ეტაპზე შესასრულებელია გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის, მათ შორის გამწვანების, პარკინგის, ელექტრომომარაგების სისტემისა და განათების, ასევე, IT ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები; უნდა მოეწყოს დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების ინფრასტრუქტურული (საინჟინრო კომუნიკაციების) ქსელები და სხვა.

ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე [პირველი ეტაპი] კომპანია „ანაგთან“ ხელშეკრულება 99 448 408 ლარზეა გაფორმებული [დღგ-ს გარეშე].

მშენებლობის პირველი და მეორე ეტაპები, ანუ მთლიანად საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, 2020 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილი, თუ რა ფერის სკამები დამონტაჟდება სტადიონზე; ვისი სახელობის იქნება ბათუმის ახალი სტადიონი ან საერთოდ, იქნება თუ არა ვინმეს სახელობის.

აჭარის მთავრობას არც ის აქვს გადაწყვეტილი, თუ ვინ გაუწევს მენეჯმენტს ახალაშენებულ სტადიონს.

ბათუმის სტადიონი / რენდერი

მთავარი ფოტო: ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონი / შპს „სტადიონის“ ფოტო
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com