მთავარი,სიახლეები

„ოცნების ქალაქში“ კორპუსს სპორტსკოლის დამპროექტებელი კომპანია დააპროექტებს

26.03.2019 • 2663
„ოცნების ქალაქში“ კორპუსს სპორტსკოლის დამპროექტებელი კომპანია დააპროექტებს

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებაზე ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამხანაგობა „ინჟარქიტექტისთან“ გააფორმა. ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულება 320 ათას ერთი ლარია, გუშინ, 25 მარტს გაფორმდა.

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე [ფართობი: 9 327 კვ.მ.] მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაცია ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობამ სამინისტროს 2019 წლის 25 ივნისამდე უნდა წარუდგინოს. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით კი გამოცხადდება ტენდერი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე.

ტენდერში კიდევ ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა, რომლებიც სამინისტროს ანალოგიურ მომსახურებას 321 ათას და 359 867 ლარად სთავაზობდნენ.

ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“ ორმა კომპანიამ დააფუძნა: შპს „გეოანალიტიკამ“ და შპს „სენსონიმ“.

შპს „სენსონიმ“ შეადგინა ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. სპორტსკოლის დაპროექტებაზე ხელშეკრულება „სენსონსა“ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონს“ შორის 2017 წლის 2 მარტს გაფორმდა 420 ათას ერთ ლარზე.

ამ დროისთვის სამთავრობო კომისია აგრძელებს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების რეგისტრაციას. „დღევანდელი მდგომარეობით დარეგისტრირებულია 900-მდე ოჯახი. სულ, სამივე დასახლებაში, აღწერილი გვაქვს 1727 საცხოვრებელი სახლი“, – გვითხრეს კომისიაში.

საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც მეჯინისწყლის დასახლებაში უნდა აშენდეს, ბინებს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ოჯახებს გადასცემენ.

„ოცნების ქალაქი“ და საპროექტო ტერიტორია სადაც საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აშენდეს

ვინ მიიღებს ბინებს პირველ რიგში და რა კრიტერიუმებით შეირჩევა ოჯახები? – ამ კითხვაზე კომისიაში ამბობენ, რომ ყველაფერი განცხადებების მიღების პროცესის პარალელურად დაზუსტდება.

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შესახებ 2019 წლის 6 თებერვალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, 2019 წელს მშენებლობისთვის დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება პოზიტიურია იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, თუმცა გარკვეული რისკები არსებობს. ამ თემაზე: რა რისკებს შეიცავს „ოცნების ქალაქში“ კორპუსების აშენება – შეფასება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: