მთავარი,სიახლეები

ევროპაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა საქართველოდან 18 ათასამდე გაიზარდა – დისკუსია

20.03.2019 • 1941
ევროპაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა საქართველოდან 18 ათასამდე გაიზარდა – დისკუსია

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ანუ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან დღემდე, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მაჩვენებელი 18 ათასამდე გაიზარდა – ამ მაჩვენებელზე დღეს, 20 მარტს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უფროსმა, გოგა ტაბატაძემ ისაუბრა. „შეჩერების მექანიზმზე საუბარი არ არის, მაგრამ არ გვინდა, რომ ამის წინაპირობა შეიქმნას. ამაზე მინდა გესაუბროთ,“ – უთხრა სტუდენტებს გოგა ტაბატაძემ.

უვიზო მიმოსვლის თანამედროვე გამოწვევებზე უნივერსიტეტის სტუდენტებს გოგა ტაბატაძესთან ერთად მიხეილ უკლება შეხვდა, რომელიც დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარია. შეხვედრა ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.

მომხსენებლების თქმით, უვიზო მიმოსვლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი მაჩვენებელია, რაც უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის წინაპირობა შეიძლება გახდეს.

„თანაც ეს იმ ფონზე ხდება, როცა საქართველო ევროპამ აღიარა, როგორც უსაფრთხო ქვეყანა… უკრაინა, სადაც რუსეთთან კონფლიქტის გამო, თითქმის ყოველდღე კვდება, ან ზიანდება ადამიანი, იქედან არ ითხოვს ამდენი ადამიანი თავშესაფარს. ეს არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა… ბოლო ორი წლის განმავლობაში, 600 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა უვიზო რეჟიმით. ეს 18 ათასი ადამიანი საფრთხეს უქმნის ამ 600 ათასს“ – უთხრა სტუდენტებს მიხეილ უკლებამ.

„იქნებ იმ პრობლემებზე გვესაუბრა, რის გამოც ტოვებენ ადამიანები ქვეყანას. ვფიქრობ, ადამიანებს არ უხარიათ ქვეყნის დატოვება….“ – თქვა სტუდენტმა, ლია ირემაძემ.

მიხეილ უკლება: „თქვენი აზრით, ვის უნდა ყველაზე მეტად, რომ ჩვენ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერდეს, რუსეთს ხომ? ასე რომ, არ უნდა დავასხათ წყალი სხვის წისქვილს… თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს“.

სტუდენტს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უფროსმაც უპასუხა. გოგა ტაბატაძემ თქვა, რომ ბოლო პერიოდში საფრანგეთში გახშირდა საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შემთხვევები.

„ისინი მიდიან სხვადასხვა დაავადებით და იმ მოტივით, რომ იქ მიიღონ თავშესაფარი… რეალურად იზრდება საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების მაჩვენებელი,“ – აღნიშნა გოგა ტაბატაძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ჩასული მოქალაქეები აღარ ამბობენ, რომ ისინი იდევნებიან პოლიტიკური ნიშნით, ან მაგალითად, სექსუალური ორიენტაციის გამო.

გოგა ტაბატაძე: „ეს აღარ ჭრის, ახალ მიდგომებს იყენებენ, მაგალითად, ახალი ტრენდია ორსული ქალის წასვლა, რომელიც იქ ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, პოლიცია ვერ იცავს მის უსაფრთხოებას და ასე შემდეგ. ახალი ტრენდია ასევე მცირეწლოვანი ბავშვების წაყვანა. ევროპის ქვეყნებში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც, ბავშვს ქუჩაში ვერ დატოვებენ. საქართველოს მოქალაქეები იქ ეუბნებიან, რომ სისხლის აღების ეშინიათ, თითქოს ბავშვებით ამიტომ გაიხიზნენ ევროპაში…“

საკონსულო დეპარტამენტის უფროსის მონაცემებით, ბოლო პერიოდში დღის წესრიგში აღარ დგას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან კრიმინალის ჩადენის შემთხვევები. გოგა ტაბატაძე ირწმუნება, რომ ეს მაჩვენებელი არც წინათ იყო მაღალი და ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია.

„იყო ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს 15 მოქალაქე დააკავეს და შემდეგ გაირკვა, რომ მათი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქე იყო… მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული ნაბიჯი, რომ დარტყმა მოეყენებინა ჩვენთვის, ეს იყო რუსული პროპაგანდის ნაწილი,“ – მიიჩნევს გოგა ტაბატაძე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს „უსაფრთხო ქვეყნის სტატუსზე“ შეკითხვა სტუდენტმა გიორგი ბოლქვაძემ დაუსვა. „თქვენ რა კვლევებს ეყრდნობით, როცა ამბობთ, რომ უსაფრთხო ქვეყანა ვართ?  კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოში ისევ არსებობენ მოწყვლადი ჯგუფები და შევიწროების ფაქტებიც არსებობს…“ – იკითხა მან.

„შესაძლოა, სადმე არსებობს, მაგრამ ასეთი შემთხვევები რომც იყოს, შეუძლებელია ეს 18 ათას აღწევდეს… ეს ძალიან მაღალი ციფრია,“ – უპასუხა მას გოგა ტაბატაძემ.

ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს რამდენ მოქალაქეს უთხრეს უარი თავშესაფრის მიღებაზე და რამდენს მისცეს სტატუსი? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე საგარეო საქმეთა სამინსიტროს წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ზუსტი მონაცემები არ არსებობს და იგი მარტის ბოლოსთვის, ანუ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან ორი წლისთავის გასვლის შემდეგ გვექნება.

სტუდენტმა გიორგი ბოლქვაძემ ასევე დასვა შეკითხვა ხიჭაურის უნივერსიტეტზე, სადაც მიმდინარე წლის 4 მარტს მემორანდუმი რუსულ უნივერსიტეტთან გააფორმეს. სტუდენტს დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა უპასუხა, რომ „მუდმივი ომი არ არსებობს“.

„ჩვენ დღეს არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, სხვათა შორის, უკრაინას ხუთწლიანი ომის მიუხედავად, აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა… მუდმივი ომი ხომ არ არსებობს. რომ გადახედოთ ევროპის ისტორიას, ნახეთ, საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი, სულ ომებში იყვნენ, მაგრამ შეიცვალა რეალობა… რუსეთთან მიდის პროცესი ახლა, აღდგა მიმოსვლა, რამდენი რეისია ნახეთ, ბათუმიდან სრულდება ბევრი რეისი, გაიხსნა საავტომობილო მიმოსვლა, ვაჭრობა გაიზარდა – პირველ ადგილზეა რუსეთთან, პარალელურად ტურისტები შემოდიან, მილიონ 400 ათასი რუსი ტურისტი იყო შარშან, თუმცა როდესაც ქვეყანა არის ოკუპანტი, ესეც უნდა გაითვალისწინო, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად…“ – აღნიშნა მიხეილ უკლებამ.

სტუდენტს იქვე მყოფმა მერაბ ხალვაშმაც უპასუხა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა:

„მე დავაზუსტებ, საუბარია ერთ-ერთ უნივერსიტეტზე, რომელმაც გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ამ შემთხვევაში ეს არ არის დიპლომატიური ხასიათის მემორანდუმი, ეს არის სამეცნიერო და უნივერსიტეტი არის ავტონომიური, მაგრამ აქ დგება უნივერსიტეტის პასუხისმგებლობის საკითხი: სად სხვაგან, თუ არა უნივერსიტეტში, უნდა იყოს უმაღლეს დონეზე ეროვნულობის და სახელმწიფოებრიობის განცდის დაცვა?“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: