„ბეიკერის ორმო“ – ხოცავენ თუ არა ქუჩაში მყოფ ცხოველებს გაზაფხულის რეიდებზე ბათუმში



ბათუმში, გონიოს ხიდთან მდებარე ე.წ. „ბეიკერის ორმოს“ ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა დღეს ფეისბუქზე. მოქალაქეები წერენ, რომ ბათუმში ცხოველები ქუჩებიდან მიჰყავთ და სტერილიზაციის შემდგომ ისევ ქუჩაში დაბრუნების ნაცვლად ხოცავენ და ბეიკერის ორმოში ყრიან.

ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, ამბობს, რომ დღეს სწორედ ამ ორმოში იპოვა საკუთარი კატა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიკარგა.

„ეზოში მყავდა, სახლში რომ არ დაბრუნდა, მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. მერე გავიგე ეს ამბავი, რომ გაზაფხულზე აქვთ „რეიდები“, იჭერენ ცხოველებს, მიჰყავთ და კლავენ. მითხრეს ამ ორმოს შესახებ, გავედი და ვნახე ჩემი თვალით“, – გვითხრა მან.

ბათუმში ქუჩაში მყოფი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია და ვაქცინაცია ცხოველთა თავშესაფარში ხდება. თავშესაფარი კომპანია CEBEP-ის დაარსებულია და იგი ბოლო ოთხი წელია ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერს იგებს. თავშესაფარში სტერილიზაციისა და ვაქცინაციის შემდეგ ცხოველები ბუნებრივ არეალში უნდა დააბრუნონ.

თავშესაფრის დამაარსებელი კომპანია CEBEP-ის ნდობით აღჭურვილი პირი, ჯემალ გოგიტიძე გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებას და „პროვოკაციას“ უწოდებს. იგი ადასტურებს, რომ „ბეიკერის ორმოში“ მკვდარ ცხოველებს მარხავენ, თუმცა მხოლოდ იმ ცხოველებს, რომლებიც დაავადებულები არიან და ამის გამო მათი ევთანაზია მოხდა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს. იგი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ გახსნეს „ბეიკერის ორმო“, რომელიც ბოქლომით იყო ჩაკეტილი:

„ალბათ პოლიცია გამოიძიებს, რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე. ე.წ. „ბეიკერის ორმოზე“ ბოქლომები გვაქვს დადებული, საღამოს ბოქლომი ედო და დღეს იყო გახსნილი. მოვიდეს და მანახოს, რომ ეს კატა ამ ორმოში იპოვა.“

ჯემალ გოგოტიძე ამბობს, რომ თანამშრომლებს, რომლებიც ცხოველების დაჭერაზე მუშაობენ, ანაზღაურება გამომუშავებით აქვთ, ანუ თანხას მათ თავშესაფარი თითოეულ დაჭერილ ცხოველზე უხდის. სწორედ ამ გარემოებას უსვამენ ხაზს მოქალაქეები, რომლებიც ეჭვობენ, რომ თავშესაფრის თანამშრომლების ინტერესშია, რაც შეიძლება მეტი ცხოველი დაიჭირონ ქუჩაში.

ასევე, წერენ იმის შესახებაც, რომ ბათუმის ბულვარში თეთრი ფერის უნომრო ფურგონი გადაადგილდება, რომლითაც გადაჰყავთ ცხოველები. ჯემალ გოგოტიძე ამას კატეგორიულად უარყოფს.

„გისვამთ შეკითხვას, მე რომ უნომრო მანქანა გავუშვა ქალაქში, რამდენ მეტრს გაივლის? ამიტომაც ვამბობ, რომ ეს არის პროვოკაცია. ბულვარში ჩვენი მანქანა იმიტომ დადის, რომ არის ბულვარში გამოძახება, იქედან ბირკის გარეშე მყოფი ცხოველები მოგვყავს, კეთდება სტერილიზაცია და ბრუნდებიან ბუნებრივ არეალში. იმედია, გამოძიება დაიწყება და ყველამ აგოს პასუხი, არ შეიძლება ასე“, – ამბობს ის.

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პოლიცია ამ ეტაპზე ფაქტს სწავლობს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, დაიწყება თუ არა გამოძიება.

შპს „სევერთან“ წელს ბათუმის მერიას 314 000 ლარზე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული მაწანწალა ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირებისთვის.

ბათუმის საკრებულოს დადგენილებით, მოკვდინებას ექვემდებარებიან მხოლოდ ის ცხოველები, რომელთაც კომპე­ტენტური ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე დაუდგინდებათ წინამდებარე წესზე თანდართული ადამიანისთვის საშიში ერთ-ერთი დაავადება მაინც. ცხოველის მოკვდ­ი­ნება შესაბამისი ვეტერინარის მიერ დაიშვება ცხოველთა თავშესაფარში.

ცხოველის მოკვდინება თავშესაფრის გარეთ დაიშვება მხოლოდ მათი ტანჯვის შესაწყვეტად, როდესაც ვეტერინარული დახმარების მიღება შეუძლებელია/არაეფექ­ტურია ან ცხოველის აგრესია აშკარა საფრთხეს უქმნის ადამიანს, სხვა ცხოველებს; აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მთავარი ფოტო გავრცელდა „ფეისბუქზე“, სადაც წერენ, რომ ეს არის „ბეიკერის ორმოსთან გადაღებული კადრები

ამავე თემაზე: 

გაზრდილი ჯარიმა და პატიმრობის ვადა – ცვლილებები ცხოველთა წამების წინააღმდეგ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com