როგორ ჩატარდება ჩხრეკა ევროსასამართლოს ახალი გადაწყვეტილების შემდეგ



რა პრაქტიკა არსებობს ამ დრომდე, როცა ადამიანს პოლიციელები ჩხრეკენ და რა შეიცვლება ევროსასამართლოს ახალი გადაწყვეტილების შემდეგ – „ბათუმელები“ ამ თემაზე რამდენიმე დამოუკიდებელ იურისტს ესაუბრა. სტრასბურგის სასამართლომ 14 მარტს არჩილ ლობჟანიძის საქმეზე ევროკონვენციით გათვალისწინებული – სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. ამ შემთხვევაში ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ჩატარდა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩხრეკის კანონიერება ვერ დადასტურდა.

იურისტებს ევროსასამართლოს ახალი გადაწყვეტილება მოსწონთ და იმედი აქვთ, რომ სასამართლოს მიდგომა ჩხრეკის სტანდარტის კუთხით გაიზრდება. პოლიციის ინსტიტუტის მიმართ ნდობის გაზრდამდე, ადვოკატები ჩხრეკის პროცესში ვიდეო გადაღების აუცილებლობასაც ხედავენ.

„განსაკუთრებით დაბალია სასამართლოში ეს სტანდარტი, როცა საქმე ნარკოდანაშაულს ეხება,“ – გვიყვება ადვოკატი ზაზა პაპიძე. „ძირითადად ჩხრეკას ატარებს ორი, ან სამი პოლიციელი გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ანუ მათ მოსამართლის განჩინება არ აქვთ. სასამართლოს ჩვენებას ეს პოლიციელები აძლევენ და სასამართლოც ამას ჩვეულებრივ იღებს, როგორც მტკიცებულებას,“ – ამბობს ადვოკატი.
ზაზა პაპიძის თქმით, აქამდე გამოსავალი ე.წ. დნმ ანალიზი იყო, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა გამოსავალი არც ეს აღარ არის.
„ტარდებოდა ექსპერტიზა იმაზე, რომ, მაგალითად, ბრალდებულს არავითარი ფიზიკური შეხება არ ჰქონია ნარკოტიკთან, ან შეფუთვასთან, რაც პოლიციელებმა ამოიღეს… უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილებით, მხოლოდ დნმ ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს იმას, რომ პირს ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია… ხშირად მსგავს სიტუაციაში სხვა მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელია,“ – აღნიშნავს ზაზა პაპიძე.
ორგანიზაცია „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელი, ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი გამოსავალს ჩხრეკის დროს ვიდეო გადაღებაში ხედავს. მისი თქმით, ამ გზითაა შესაძლებელი გაიზარდოს ნდობა გამოძიების ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის მიმართ.
„ჩხრეკა-ამოღების დროს თუ მოხდება პროცესის ვიდეო ფიქსაცია, რა თქმა უნდა, ეს გაზრდის მტკიცების სტანდარტს და ამით უფრო გამჭვირვალე გახდება ყველა ის პროცესი, რომელშიც სახელმწიფო ძალისმიერი მეთოდით ერევა. უნდა აღინიშნოს, რომ ნარკოტიკულ დანაშაულზე, ბრალდებულთა მხრიდან, მუდმივად არის აპელირება ე.წ „ჩადებებზე“, ხოლო ამ დროს ძირითადი მტკიცებულება არის იმ პირის ჩვენება, რომელიც ბრალდებულის მხრიდან არის დასახელებული მთავარ მოქმედ პირად. სწორედ ამის გამო, მუდმივად არსებობს ნდობის პრობლემა, რომელიც შემდგომ ჯაჭვურად გასდევს ყველა ინსტიტუციურ რგოლს, რომელიც ჩართულია სამართალწარმოების პროცესში,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩხრეკის სტანდარტის ამაღლების მოლოდინი აქვს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტს, არჩილ ჩოფიკაშვილსაც. ის მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროს მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს არ უნდა დაეყრდნოს.
„წესით სასამართლომ უნდა აამაღლოს სტანდარტი: როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ მას ჩაუდეს ნარკოტიკი, მხოლოდ ჩხრეკის ოქმისა და პოლიციელების ჩვენებით არ უნდა დაკმაყოფილდეს სასამართლო. მოლოდინი უნდა გვქონდეს იმის, რომ გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ შემცირდება დაუსაბუთებლად ჩხრეკის ჩატარების ფაქტები და, შესაბამისად, ე.წ. ჩადებების პრაქტიკა,“ – ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი.  მისივე თქმით, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ჩხრეკის ვიდეო გადაღებაც არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას და ვიდეო ჩანაწერი ჩხრეკის ოქმის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს.
როცა პირადი ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ტარდება, პროკურატურა აცხადებს, რომ გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკას თუ არ ჩაატარებდა, მტკიცებულებას დაკარგავდა.
„ამ არგუმენტს თითქმის ყოველთვის იზიარებს სასამართლო, თუმცა პროკურატურა არ ასაბუთებს, რატომ დაიკარგებოდა მტკიცებულება,“ – დასძენს ადვოკატი ზაზა პაპიძე.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი