მთავარი,სიახლეები

უნდა სჭირდებოდეს თუ არა პარტიის შექმნას 1000 ადამიანის ხელმოწერა

19.03.2019 • 985
უნდა სჭირდებოდეს თუ არა პარტიის შექმნას 1000 ადამიანის ხელმოწერა

პოლიტიკური პარტიის შექმნას შესაძლოა 1000 ადამიანის ხელმოწერა აღარ დასჭირდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქე გიორგი ლაბაძის სარჩელს დააკმაყოფილებს. სარჩელს სასამართლოს პლენუმი დღეს, 19 მარტს არსებითად განიხილავს.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმით გაუმართლებლად იზღუდება პოლიტიკური პარტიის შექმნის კონსტიტუციური უფლება. „პარტიის წევრთა სავალდებულო რაოდენობად არანაკლებ 1000 წევრის განსაზღვრა არათანაზომიერია, რადგან პოლიტიკურმა პარტიამ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, შესაძლებელია, განახორციელოს წევრთა გაცილებით მცირე რაოდენობითაც,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

დავის საგანია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თუკი პარტიის დაფუძნებას 1000 პირის თანხმობა აღარ დასჭირდება, ეს მრავალპარტიულობას შეუწყობს ხელს.

„ეს მიდგომა იქნება მრავალპარტიულობისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი, რაც მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია სახელმწიფოში დემოკრატიის ჯეროვნად განვითარებისათვის. თუკი პოლიტიკური პარტიის დაარსება გარკვეული ფუფუნების საგანი აღარ იქნება და მოქალაქეებს გაცილებით მარტივად, ნაკლები რესურსებით მიეცემათ სახელმწიფო პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობა, ეს სწორედაც რომ იქნება მნიშვნელოვანი სვლა გამჭვირვალე, ღია და პლურალისტური მმართველობისკენ, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი თავისთავად და აუცილებლად უნდა შეუწყოს სასამართლომ,“ – აღნიშნავს მოსარჩელე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: