მთავარი,სიახლეები

რატომ სთხოვენ ქობულეთში მესიმინდეებს საყანეების დათმობას – მინისტრის განმარტება

18.03.2019 • 2312
რატომ სთხოვენ ქობულეთში მესიმინდეებს საყანეების დათმობას – მინისტრის განმარტება

ქობულეთში, ოჩხამურსა და ცეცხლაურში მესიმინდეებს საყანეების დათმობას სთხოვენ. საყანე ფართობებს აქ ქობულეთის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები ოჯახები იყენებენ. ინვესტორი ამ ტერიტორიაზე მესაქონლეობის მასობრივი ფერმის გაშენებას გეგმავს, თუმცა მესიმინდე ფერმერების უმრავლესობა საყანე ადგილების დათმობას არ აპირებს.

„აქ თუ არ შედგა შეთანხმება, ინვესტორი სავარაუდოდ გურიაში წავა,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე. ის ინვესტორთან ერთად მოლაპარაკების პროცესშია ჩართული და რამდენჯერმე შეხვდა მოსახლეობას. მინისტრის თქმით, ინვესტორი ძმები ასკანელების მიერ დაფუძნებული ახალი კომპანიაა. ინვესტორს დაახლოებით 10 წლის ვადით მიწის იჯარით აღება სურს და ავსტრიიდან საუკეთესო ჯიშის საქონლის შემოყვანა ქობულეთში. „ეს არ იქნება უბრალოდ ფერმა, ეს იქნება ერთგვარი ჰაბი,“ – დასძენს ტიტე აროშიძე.

რას სთავაზობენ მიწის დათმობის სანაცვლოდ 40 მესიმინდე ფერმერს ქობულეთში? – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ტიტე აროშიძის თქმით, ყველა ფერმერს ხელისუფლება ალტერნატიულ სასიმინდე ფართობს სთავაზობს და დასაქმებას ფერმერულ მეურნეობაში, ასევე, საკუთარი მეურნეობის განვითარებას. მინისტრის თქმით, ახალი ფერმა დაახლოებით 60 ჰექტარზე უნდა გაშენდეს.

„გარდა ამისა, თითოეული მათგანი მიიღებს ორი წლის მოსავლის კომპენსაციას. დაანგარიშდება, რა მოსავალს იღებენ წლის განმავლობაში და საშუალო საბაზრო ფასი… ამ ფულს ფერმერებს ინვესტორი გადაუხდის. უშუალოდ ჩვენ, სამინისტრო ვთავაზობთ ფერმერებს სპეციალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება თანამონაწილეობის პრინციპით ჯიშთგანახლება – ახალი ჯიშის საქონლის შეძენა და მეურნეობის გაძლიერება….

ისინი [ფერმერები] დაახლოებით ითხოვენ 8 ლარს კვადრატულ მეტრში, რაც არარეალურია. ინვესტორი ვერ გადაიხდის მილიონს იმ ფართობში, რომელიც აჭარის საკუთრებაა და თანაც, მას მიწის შეძენა არ სურს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვცდით მოსახლეობასთან დალაპარაკებას და იმედია, შედეგით დასრულდება ეს პროცესი,“ – გვითხრა ტიტე აროშიძემ.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე, 40 ოჯახიდან დაახლოებით 30 პროცენტია თანახმა სარგებლობაში არსებული საყანე ფართობი ინვესტორს დაუთმოს.

ტერიტორია, სადაც ინვესტორი აპირებს ფერმის მოწყობას, ოფიციალურად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა, მესიმინდეები ამ მიწის მხოლოდ მოსარგებლეები არიან.

მთავარი ფოტო: ერთ-ერთი საყანე ფართობი, სადაც, სავარაუდოდ, ფერმის მოწყობა იგეგმება.

გურამ მურვანიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: