ენმ: ქობულეთის საკრებულოს წევრის ძმისშვილი მილიონიან ტენდერში ქვეკონტრაქტორია



დღეს, 18 მარტს, ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის წევრმა, რეზო ხარაზმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქობულეთის მერიის მიერ გამოცხადებული მილიონიანი ტენდერის სამუშაოებს ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის „ქართული ოცნებიდან“  ვაჟა შავიშვილის ძმისშვილის კომპანია ასრულებს. 

2018 წელს ქობულეთის მერიამ გამოაცხადა ტენდერი 1 მილიონ 077 995 ლარზე, სადაც გაიმარჯვა შპს „შარაგზამშენი პირველმა“. მან, თავის მხრივ, ქვეკონტრაქტორად აიყვანა კომპანია შპს „ჯორჯტრანსი“, რომელიც ხარაზის თქმით, საკრებულოს წევრის, ვაჟა შავიშვილის ძმისშვილის, დავით შავიშვილის კომპანიაა. სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანიას ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობა ევალება ქობულეთის სანაპიროზე.

„გვინდა, ვკითხოთ აჭარის მთავრობას, არის თუ არა ეს ინტერესთა კონფლიქტი, კორუფცია და მაღალჩინოსნებზე გადაცემული ტენდერი?“ – აცხადებს რეზო ხარაზი.

ძმები შავიშვილები და ქობულეთის მერი სანაპიროზე სამუშაოებს ათვალიერებენ.
ფოტო: ენმ

მან ბრიფინგზე წარმოადგინა ფოტომასალა, სადაც ძმები შავიშვილები, ქობულეთის მერთან, მირიან ქათამაძესთან ერთად, ნაპირსამაგრ სამუშაოებს ათვალიერებენ.

რეზო ხარაზი იმასაც დასძენს, რომ სამუშაოები სანაპიროზე შეუფერხებლად მიმდინარეობს. „ქვეკონტრაქტორის აყვანა, რა თქმა უნდა, შეიძლება, თუმცა ეს ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი“, – ამბობს რეზო ხარაზი.

„ბათუმელები“ შპს „შარაგზამშენი პირველს“ დაუკავშირდა. კომპანიის დირექტორის, გულადი ბერაიას თქმით, ნაპირსამაგრ სამუშაოებზე აღნიშნული კომპანია მუშაობს, შპს „ჯორჯტრანსისგან“ კი კომპანიას მხოლოდ ტექნიკა აქვს დაქირავებული.

„ტექნიკა გვაქვს ნაქირავები „ჯორჯტრანსისგან“. ორივე ვმუშაობთ ფაქტიურად შერეულად, სპეციალისტები იმასაც ჰყავს და ჩვენც. მაგრამ, ძირითადად მაინც ტექნიკა გვაქვს მათგან ნაქირავები“, – გვეუბნება ის.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ნაპირსამაგრი სამუშაოები დაახლოებით 4 მაისს უნდა დასრულდეს.

რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, შპს „ჯორჯტრანსის“ 100%-ს დავით შავიშვილი ფლობს, კომპანიის დირექტორი კი  – თენგიზ შავიშვილია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com