ჩხრეკა ქუჩაში ნარკოტიკის ამოსაღებად – ევროსასამართლოს ახალი გადაწყვეტილება



„ჩხრეკის ბრძანებაში არ იყო ახსნილი, რამ განაპირობა გადაუდებელი აუცილებლობა,“ – ეს ერთ-ერთი არგუმენტია, რის გამოც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ არჩილ კობიაშვილის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა. არჩილ კობიაშვილი საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის 2005 წელს გაასამართლეს. ის ქუჩაში გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით გაჩხრიკეს. არჩილ კობიაშვილი მიიჩნევდა, რომ მას არ მიეცა პირადი ჩხრეკის გასაჩივრების „ადეკვატური შესაძლებლობა“, ხოლო სასამართლოებმა „უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებები გამოიყენეს“, როცა მის წინააღმდეგ გამამატყუნებელი განაჩენი გამოიტანეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მოსარჩელის აზრით, დაირღვა ევროკონვენციის მე-6 მუხლი, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლებას გულისხმობს.

ევროსასამართლოს დასკვნით, ჩხრეკის კანონიერება შიდა სასამართლოებმა არასათანადოდ განიხილეს, რადგან პირადი ჩხრეკა იყო საკვანძო მომენტი, რომელმაც მოსარჩელის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება განაპირობა.

„ოპერატიული ინფორმაცია, რის საფუძველზეც გადაუდებელი ჩხრეკა ჩატარდა, არ განხილულა სასამართლოების მიერ… ჩხრეკის ფაქტობრივი გარემოებები იყო საეჭვო და ასევე დარჩა მთელი პროცესის განმავლობაში… დამსწრეების ჩვენებები იყო არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი. ორი დამსწრეთაგან ერთმა ჩვენება შეცვალა, ხოლო მეორე ყოფილი პოლიციელი იყო… ამდენად, მოსარჩელეს არ მიეცა სათანადო შესაძლებლობა, რომ ედავა ჩხრეკის კანონიერებასა და მის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების გამოყენებაზე. პირადი ჩხრეკის ოქმი იყო მთავარი მტკიცებულება და არც ერთი სხვა მტკიცებულება არ იყო საკმარისი განაჩენის დასაყენებლად,“ – აღნიშნავს ევროსასამართლო.

„ვისურვებდი, რომ  მეტი დაცულობისთვის ჩხრეკისას აუდიო-ვიდეო გადაღებაც აუცილებლად  ხორციელდებოდეს. კობიაშვილის საქმეზე ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმედია მალე ითარგმნება და ქართველი მოსამართლეები მას პრაქტიკაში გაითვალისწინებენ,“ – მიიჩნევს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, დამოუკიდებელი ექსპერტი ნონა წოწორია. მისივე თქმით, ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილებით სავალდებულოდ არ მიუჩნევია ჩხრეკის დროს აუდიო, ან ვიდეო გადაღების სავალდებულობა, რადგან ეს ევროსაბჭოს თითოეული წევრი სახელმწიფოს გადასაწყვეტია.

„საკითხი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობის, ანუ სასამართლოს ბრძანების გარეშე ჩატარებულ პირად ჩხრეკას ეხება, რომლის შედეგადაც მოპოვებული მტკიცებულება გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების და მოგვიანებით განაჩენის საფუძველი ხდება. ამ შემთხვევებში, როგორც წესი, ჩხრეკის დროს აღმოჩენილი საგანი [ნარკოტიკი, იარაღი და ა.შ] საქმის მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს და მის გარეშე სისხლის სამართლის საქმე ვერ წარიმართება. შესაბამისად, ჩხრეკისას აუცილებელია სათანადო საპროცესო გარანტიები არსებობა, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა არ გადაამეტონ უფლებამოსილებას და უდანაშაულო ადამიანი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არ მისცენ. სამწუხაროდ, საზოგადოებას ხშირად სმენია ამგვარი  საჩივრების შესახებ,“ – აღნიშნავს დამოუკიდებელი ექსპერტი ნონა წოწორია.

საქართველოს მთავრობამ მოსარჩელე არჩილ კობიაშვილს, არამატერიალური ზიანის კომპენსაციის მიზნით, 3500 ევრო უნდა გადაუხადოს.

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი