მთავარი,სიახლეები

„ეკონომია“ ბათუმის გარეგანათებაში და მერიის შეუსრულებელი გეგმა – აუდიტის ანგარიში

17.03.2019 • 2477
„ეკონომია“ ბათუმის გარეგანათებაში და მერიის შეუსრულებელი გეგმა – აუდიტის ანგარიში

ბათუმის მერიის გარეგანათების ქსელის განვითარებისა და მოვლა-პატრონობის 2017 წლის პროგრამით დაგეგმილი 5 384 300 ლარის ნაცვლად 4 938 081 ლარი დაიხარჯა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საბიუჯეტო გეგმის 446 219 ლარით შეუსრულებლობა მერიის მიერ „შესყიდვების განხორციელების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ, გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების არასრულად შესრულებამ და გარეგანათების სისტემის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის სახით გამოყოფილი სახსრების არასრულად ათვისებამ განაპირობა“.

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „შპს „აჭარგანათებასთან“, გარეგანათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 1 068 225 ლარს შეადგენდა [2017 წელში], ითვალისწინებდა 17 619 განათების წერტის მომსახურებას. წარმოდგენილი ანგარიშების შესაბამისად კი ირკვევა, რომ ყოველთვიურად, საშუალოდ, 1 863 წერტი გაუნათებელია, რამაც გაწეული მომსახურების მოცულობა შეამცირა. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში აუთვისებელი დარჩა 81 ათასი ლარი“.

ბათუმის ბიუჯეტიდან გარე განათების სისტემის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის სახით 2017 წელს გადახდილია 2 349 158 ლარი [გეგმა 2 534 400 ლარი], ანუ მიღებულია 185 242 ლარის ეკონომია.

„მიღებული ეკონომია ზემოთ აღნიშნული გარეგანათების გაუნათებელი წერტების არსებობამ და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის არასწორმა აღრიცხვამ განაპირობა. კერძოდ, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებული და მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირის მიერ დამოწმებული ელექტრომრიცხველების ჩვენებების შესაბამისად შედგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე ხდებოდა. აღნიშნული ანგარიშფაქტურების მონაცემების ანალიზით დადგენილია, რომ რიგ შემთხვევებში, ელექტრომრიცხველების მონაცემების დაფიქსირება არა ყოველთვიურად, არამედ რამდენიმეთვიანი ინტერვალებით ხორციელდებოდა, რაც მოხმარებული ელექტროენერგიის არასწორ აღრიცხვას იწვევდა,“ – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი.

შესაბამისი პასუხისმგებელი პირების განმარტებით, მრიცხველების მონაცემების გადამოწმება არსებული რესურსის შესაბამისად, შერჩევითი წესით ხორციელდებოდა, თუმცა, აგარიშში აღნიშნულია, რომ აუდიტის პერიოდში ასეთი შეუსაბამობები მათ მიერ არ არის გამოვლენილი.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გარეგანათების მოწყობისა და მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით ბათუმის მერიის მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულია ისეთი პირობები, რომლებიც გარკვეულ ბარიერს ქმნის შესაბამის მიწოდების ბაზარზე ოპერირებადი სხვა მიმწოდებლებისათვის,  რაც შესაძლოა კონკრეტულ პრეტენდენტებზე იყოს მორგებული.

აუდიტის ანგარიშში განხილულია ხუთი ტენდერი, რომლებიც გარეგანათებას [მათ შორის ქალაქის საახალწლო დღეებში გაფორმებას] უკავშირდება: „ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოთა შესრულების მოთხოვნილი გამოცდილებისა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულების თანაფარდობა ხუთიდან სამ შემთხვევაში 3,9-დან 12,8-მდე მერყეობს, რაც მუნიციპალიტეტში დამკვიდრებულ პრაქტიკას საშუალოდ, 3,6-ჯერ აღემატება [ბათუმის მერიის მიერ 2017 წელს განხორციელებული ტენდერების უმრავლესობაში, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და მოთხოვნილი გამოცდილების თანაფარდობა 1,9-ს არ აღემატება]“.

ამასთან, შობა-ახალი წლის დღეებში ქალაქის გაფორმების სამუშაოების შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციით დამატებით მოთხოვნილია აღნიშნულ დღეებში ქალაქის გაფორმების სამუშაოების ჩატარების არანაკლებ, 700 ათასი ლარის გამოცდილება, „რომლის განსაზღვრის შესახებ სათანადო არგუმენტები აუდიტის პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი. აღსანიშნვია, რომ გარეგანათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციის სახელმწიფო შესყიდვის ტექნიკური პირობით განსაზღვრულია გარეგანათების წერტების განათების საათობრივი გრაფიკი, რომელიც აუდიტის პერიოდში მოპოვებული მტკიცებულების შესაბამისად, უმეტესწილად ავტომატურ რეჟიმში „ფოტორელეთი“ [ჩართა-გამორთვის ავტომატური სისტემა შებინდების სენსორის საშუალებით] რეგულირდება. აღნიშნულის შესახებ კი არავითარი მინიშნება სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის გაკეთებული.

ასევე, ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობისათვის დადგენილია შეუსაბამოდ დიდი ოდენობის პირგასამტეხლო: გარეგანათების გრაფიკის დარღვევის თითოეულ ფაქტზე − 100 ლარი, ხოლო გარეგანათების წერტის ორ დღეზე მეტი ვადით გაუნათებლობის შემთხვევაში − თითოეულ დღეზე − 20 ლარი.

მოპოვებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ მუნიციპალიტეტის გარეგანათების მართვის სისტემა განთავსებულია შპს „აჭარგანათების“ კუთვნილ ფართში. ზემოთ აღნიშნული შესაძლოა ასევე იყოს დამაბრკოლებელი გარემოება სხვა შესაძლო პრეტენდენტებისთვის. აღნიშნულ პირობებში, მითითებულ ხუთივე შემთხვევებში შესყიდვები უკონკურენტო გარემოში, მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით ჩატარდა და ყველა შემთხვევაში გამარჯვებულად „აჭარგანათება“ დასახელდა“.

ანგარიშის მიხედვით:

„აჭარგანათებასთან“ გარეგანათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 1 068 225 ლარს შეადგენდა, ითვალისწინებდა 17 619 განათების წერტის მომსახურებას, აუდიტისთვის წარდგენილი ანგარიშების შესაბამისად კი ირკვევა, რომ ყოველთვიურად, საშუალოდ, 1 863 წერტი გაუნათებელი იყო;

მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების განმარტებით, აღნიშნული გაუნათებელი წერტებიდან 644 წერტის გაუნათებლობა, ქალაქის შესაბამის უბნებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას უკავშირდება, ხოლო 1 219 განათების წერტი სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა და მათი აღდგენა, მოვლა-ექსპლუატაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, „აჭარგანათების“ ვალდებულებას არ წარმოადგენდა.

თუმცა, აუდიტის შეფასებით, ბათუმის მერიის „აღნიშნული არგუმენტი ვერ ჩაითვლება მისაღებად, რადგან დაზიანებული სანათების აღდგენა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით არ იყო გათვალისწინებული და შესაბამისად, მომსახურების ჩამონათვალში არ უნდა ყოფილიყო შეტანილი“.

„ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ 2017 წელს არაობიექტური მიზეზებით, ყოველთვიურად გაუნათებელი იყო 1 219 წერტი, რაც გარეგანათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ყოველთვიურად კონტრაქტორი კომპანიის [„აჭარგანეთების“] 731 400 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებდა, რაც არ განხორციელებულა“ აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

„აჭარგანათება“, რომელიც მერიის ტენდერებს ხშირად იგებს, ბათუმის საკრებულოს წევრის, ბათუმში რუსთაველის დასახლებაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარის, ირაკლი თოფურიძის ოჯახს ეკუთვნის.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში, ასევე აღნიშნულია, რომ ანალოგიური „დარღვევა-ნაკლოვანებები ასახულია აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ წინა პერიოდის აუდიტის ანგარიშებში და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები, თუმცა მდგომარეობა არ გამოსწორებულა და საკითხი კვლავ აქტუალურია“.

აუდიტის ბოლო ანგარიში 2017 წელს ეხება. „აჭარგანათებას“ კი მას შემდეგ, ანუ 2018 და 2019 წლებშიც ბათუმის მერიის არაერთი ტენდერი აქვს მოგებული, რაც ქალაქის გარეგანათებას უკავშირდება:

[checklist]

  •  ბათუმში, კახაბრის ქუჩის გარე განათების, მარკოზ აჭარელის მე-4 შესახვევის გარე განათების, და მარკოზ აჭარელის მე-3 შესახვევის მონაკვეთის განათების მოწყობის სამუშაოები – ხელშეკრულება 2018 წელს „აჭარგანათებასთან“ გაფორმდა 164 819 ლარზე;
  •  ბათუმში, 39 მისამართზე, მრავალსართულიანი სახლების ეზოებში გარეგანათების მოწყობის სამუშაოები – ხელშეკრულება 2018 წელს – 93 972.46 ლარზე;
  • საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმების სამუშაოები – 2018 წელს, ხელშეკრულება 428 422.60 ლარზე;
  • გარეგანათების წერტების მოვლა-ექსპლუატაცია – 2019 წელს, ხელშეკრულება 1 214 168 ლარზე;
  • ბათუმში, ქუჩების გარეგანათების სამუშაოები – 2019 წელს, ხელშეკრულება 317 651.83 ლარზე;
  • ბათუმში, 23 მისამართზე, მრავალსართულიანი სახლების ეზოებში გარეგანათების მოწყობის სამუშაოები – 2019 წელს ხელშეკრულება „აჭარგანათებასთან“ – 61 086.57 ლარზე.

[/checklist]

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის – „ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება“ შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წლის 14 მარტს გამოაქვეყნა.

ამ ანგარიშში გარეგანათებასთან ერთად არაერთ სხვა დარღვევა-ნაკლოვანებებზეა საუბარი ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან. ანგარიშის მიხედვით, მერიის 2017 წლის პროგრამის საბიუჯეტო გეგმის შესრულებას მთლიანობაში 4 039 610 ლარი დააკლდა.

 

მთავარი ფოტო  – „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: