მთავარი,სიახლეები

სოფელ კვირიკეში ლოდებით დატვირთული სატვირთო გადაბრუნდა

16.03.2019 • 2141
სოფელ კვირიკეში ლოდებით დატვირთული სატვირთო გადაბრუნდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში, ძველ მეჩეთთან/ჯამესთან ახლოს, ლოდებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა გადაბრუნდა. ენმ-ის წევრის, რეზო ხარაზის თქმით,  სოფელში არსებული კარიერიდან ლოდებს ეზიდებიან, როგორც ლიცენზიანტი, ისე არალიცენზიანტი [ვადა გაუვიდათ] კომპანიები. სატვირთო, რომელიც დღეს გადაბრუნდა, სწორედ ერთ-ერთი კომპანიის დაკვეთას ასრულებდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი არ დაშავებულა.

რეზო ხარაზის თქმით, სოფლის მოსახლეობა დღეს ამ მანქანის ამოტანის შესაძლებლობას არ აძლევდა კომპანიას – სოფელში კლდის დაშლის შეწყვეტას ითხოვენ. აქ მიაჩნიათ, რომ არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვის გამო ზიანდება როგორც სახლები, ისე სოფლის ახალმოასფალტებული გზა.

კვირიკეს მოსახლეობას დღეს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ხვდებიან საქართველოს პარლამენტის წევრი, ქობულეთის მაჟორიტარი კობა ნაკაიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. ენმ-ის წევრის, რეზო ხარაზის თქმით, მოსახლეობამ სწორედ მათ სთხოვა დღეს, რომ შეწყდეს სოფელში კლდის დაშლის პროცესი და მათგან მიიღეს კიდეც ამის დაპირება.

დაჰპირდა თუ არა კობა ნაკაიძე მოსახლეობას კარიერზე სამუშაოების შეწყვეტას? – „ბათუმელები“ მაჟორიტარი დეპუტატის განმარტებას მის მოპოვებისთანავე, აქვე შემოგთავაზებთ.

პარლამენტარი კობა ნაკაიძე სტატიის გამოქვეყნებიდან ერთ საათში დაგვიკავშირდა და შემდეგი განაცხადა:

სოფლის პროგრამის ფარგლებში ვხვდებით დღეს კვირიკეში მოსახლეობას. გზაზე დაგვხვდა ეს ლოდებით დატვირთული მანქანა, რომელიც გადავარდა. იქ იყო ხალხი შეკრებილი და შემდეგ შეხვედრაზეც ვისაუბრეთ კარიერის შესახებ. მართალი გითხრათ, სოფელში აზრი არის ორად გაყოფილი – ერთი ნაწილი ითხოვს კარიერის სრულად გაუქმებას, მეორე ნაწილი – ვინც დასაქმებულია, ისინი ამბობენ, რომ სამუშაოები გაგრძელდეს, ოღონდ უნდა გაკონტროლდეს ტექნიკური სტანდარტები.

ამბობენ, რომ აქ მანქანებს 20-25 ტონის ნაცვლად 45 ტონა და მეტი ტვირთი გააქვს, რაც აზიანებს გზებს და სახიფათოა, ანუ ტექნიკური სტანდარტები არის დარღვეული.

გამგებლის მოადგილემ მოსახლეობას უთხრა, რომ ეს საკითხი გადაეცა აჭარის მთავრობას. შესაბამისი კომისია შეისწავლის საკითხს, რომლის დასკვნის საფუძველზეც მიიღებენ გადაწვეტილებას. მე ჩემი მხრივ დავპირდი მოსახლეობას, რომ ჩავერევი, რათა დროულად მომზადდეს დასკვნა და იმის მიხედვით გადავწყვიტოთ.

კვირიკეში, კარიერზე მოპოვებული ლოდები ბათუმსა და ფოთში უკვე რამდენიმე წელია გააქვთ, სანაპიროს გამაგრების მიზნით.

ამავე თემაზე:

აფეთქებული კლდე ზღვაში მიმდინარე მშენებლობისთვის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: