უვადო პატიმრობის განაჩენი სააპელაციომ 20-წლიანით შეცვალა – ტრეფიკინგის საქმე



ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ტრეფიკინგში მსჯავრდებულ ქალს ნ.რ.-ს უვადო თავისუფლების აღკვეთა 20-წლიანი პატიმრობით შეუცვალა. გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს, 15 მარტს, გამოაცხადა.

საუბარია აჭარაში, ბეშუმის ტყეში, 2013 წელს მოკლული უზბეკი გოგოს საქმეზე, რომელზეც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2014 წელს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო და ბრალდებულ ქალს, ასევე, უზბეკეთის მოქალაქეს, უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განსასჯელს „ინტერპოლის“ წითელი ცირკულარით ეძებდნენ. რამდენიმე თვის წინ მსჯავრდებული რუსეთში დააკავეს. ის ახლა უკვე საქართველოში, საპატიმრო დაწესებულებაშია მოთავსებული.

იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჰქონდა გამოტანილი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კი განსასჯელის დაკითხვის შესაძლებლობა მიეცა, მეორე ინსტანციის სასამართლომ მტკიცებულებები ხელახლა გამოიკვლია. სწორედ ამის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, თუმცა უვადო თავისუფლების აღკვეთა შეცვალა ვადიანით.

პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურდა, რომ 2012 წლის 24 ივნისიდან,2013 წლის 31 მაისამდე უზბეკეთის მოქალაქე ნ.რ.-მ ბათუმში უზბეკეთის 5 მოქალაქის მიმართ ახორციელებდა ტრეფიკინგს.

გამოძიების მტკიცებით, ტრეფიკინგის ერთ-ერთი მსხვერპლი ქალი ნ.რ.-ს ემუქრებოდა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდგომ უკანონო საქმიანობის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებში დაასმენდა. ნ.რ.-მ ამ ქალის მკვლელობა უზბეკეთის მოქალაქეს ხ.რ.-ს და საქართველოს მოქალაქე კ.დ.-ს 2 ათასი დოლარის სანაცვლოდ სთხოვა.

2013 წლის 23 მაისს, ღამის ორ საათზე, ხ.რ.-მ და კ.დ.-მ ხულოში, კურორტ ბეშუმში, ,,შქერნალის“ ტყეში,  ფიზიკური ძალადობითა და ქვის თავში ჩარტყმით განზრახ მოკლეს რ.ხ., ხოლო გვამი იქვე გადამალეს.

მსჯავრდებულმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა. ჯერჯერობით უცნობია, სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება სასჯელის ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლომ ზედმეტად მკაცრად მიიჩნია უვადო თავისუფლების აღკვეთა ტრეფიკინგში მსჯავრდებულისთვის.

ამ თემაზე:

ტრანზიტულ დერეფანში მოკლული ქალები 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი