ვინ წყვეტს, რომელი მცენარე უხდება ქალაქს და სად – გამწვანება დოკუმენტის გარეშე



ვინ წყვეტს და რის მიხედვით, რომელი მცენარე უხდება ქალაქს ან კონკრეტულ ქუჩას? – ამ კითხვებმა ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსი, დავით დიასამიძე გააღიზიანა. თავდაპირველად მან გვითხრა, რომ დოკუმენტი არსებობს, რაც ბათუმში გამწვანების პოლიტიკას განსაზღვრავს. თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ კონკრეტულ შემთხვევებზე მხოლოდ აგრონომების და სპეციალისტების ხედვა არსებობს.

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკეთებთ ამას. ახლა, მაგალითად, ძველ ბათუმზე ვაკეთებთ. უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომელი ხე მოუხდება ზვიად გამსახურდიას ქუჩას – კამელია, თუ ირმის რქა, აგრონომები და სპეციალისტები იტყვიან,“ – გვითხრა დავით დიასამიძემ. მას ვკითხეთ, მხოლოდ სამსახურის აგრონომები იღებენ გადაწყვეტილებას, თუ არსებობს კონკრეტული დოკუმენტი, სადაც გაწერილია გამწვანების კონცეფცია და რეგულაციები.

„სენსაციას თუ ელოდები, მიიღე უკვე ჩემგან, მეგობარო. მეტი როგორ აგიხსნა? 15 ხე გადავაადგილე და მაინცა და მანაც აქ მომადექით?… ნაწყენი ვარ, უსაფუძვლო იყო. კამათში არ შემოვდივარ, ეს თქვენ უნდა იცოდეთ, რა იყო უსაფუძვლო,“ – აღნიშნა დავით დიასამიძემ.

მისი განმარტებით, ის „ბათუმელების“ მიერ გუშინ, 14 მარტს, გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე „განაწყენებულია“, სადაც აღწერილია, როგორ თხრიან ნაძვის ხეებს „აჭარის ტელევიზიის“ შენობასთან. ამ ინფორმაციაში დავით დიასამიძემ თქვა, რომ ხეები ტელევიზიის ხელმძღვანელობის მოთხოვნით გადააქვს სხვა მისამართზე. ტელევიზიის ხელმძღვანელობამ  ხეების ამოთხრაზე კომენტარი არ გააკეთა. დავით დიასამიძე ამჯერად ამბობს, რომ ნაძვის ორი ხის გადატანის შესახებ თავად გამწვანების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება.

„ჩვენ ვიმსჯელეთ და შემდეგ ვუთხარით ჟურნალისტებს, თუ გესიამოვნებათ ეგეთი რაღაც და კიო, ეთიკაა ხო? და თქვენ ეგ ააგორეთ რაღაც საზიზღრობაში… ჩასაფრებული ხართ, რომ ვინმემ რამე ცუდი გააკეთოს, ეგ არის თქვენი ბათუმელობა? “- დასძინა დავით დიასამიძემ.

გამწვანების სამსახურის უფროსს ვკითხეთ, როგორ იმოქმედებს იგივე სამსახური, თუკი, მაგალითად, იგივე ტელევიზიის ახალი ხელმძღვანელობა საკურას ნაცვლად ისევ ნაძვის ხეს მიანიჭებს უპირატესობას.

დავით დიასამიძე: „რა შუაშია ვის რა მოსწონს… ჩვენ ვეყრდნობით ტექნიკურ მონაცემებს, როგორ გამოიყურება დასრულებულ ვარიანტში კონკრეტული ადგილი, მაგალითად, ერთი გამზირი არის ფოთლოვანი, ერთი – წიწვოვანი. ზოგადად, წიწვოვანებს უჭირთ ნესტიან ნიადაგში გახარება. მოვლა-პატრონობაც ჭირს წიწვოვანი ხეების… ტელევიზიასთან ერთ-ერთ ხეს, მარჯვენა მხარეს რომელიც იყო, ოდნავ დაავადებული იყო, 80 პროცენტი შესაძლებელი იყო მაგის გადარჩენა, მაგრამ იქვე ნეკერჩხალია, ფოთლოვანი სხვა ხეები, ეს არ ჯდებოდა ესთეტიკაში…“

ხედავს თუ არა ბათუმის მერია და კონკრეტულად ქალაქის გამწვანების სამსახური გამწვანების კუთხით კონცეფციის საჭიროებას, რომელიც დოკუმენტის სახით იარსებებს და აღარ იქნება პიროვნებებზე დამოკიდებული, სად რომელი ხე დაირგვება ან გადაირგვება? – „ბათუმელების“ მორიგ კითხვაზე გამწვანების სამსახურის უფროსმა, დავით დიასამიძემ მხოლოდ ეს გვიპასუხა:

„კონკრეტულ ლოკაციებზე მიმდინარეობს განხილვა. საერთო დოკუმენტაცია იკვრება საერთო ჯამში, შეაფასეთ ჩვენი გაკეთებული. ინტერვიუ დასრულებულია.“

ხომ არ გახმა რომელიმე ხე, რომელიც გადარგეს? – გამწვანების სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ხეების გახარების მაჩვენებელი დადებითია და არცერთი ხე გამხმარა.

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი