მთავარი,სიახლეები

მაღაზიის მესაკუთრე, რომელიც სამჯერ გაქურდეს: რკინის ჟალუზები უნდა გავაკეთო, საშველი აღარაა

15.03.2019 • 1681
მაღაზიის მესაკუთრე, რომელიც სამჯერ გაქურდეს: რკინის ჟალუზები უნდა გავაკეთო, საშველი აღარაა

„რკინის ჟალუზები უნდა დავაყენო ალბათ, სხვა საშველი არაა,“ – ეს გამოსავალი იპოვა მზია რეხვიაშვილმა, რომელსაც ბათუმში, წერეთლის 44-ში ნამცხვრის მაღაზია უკვე 10 წელია აქვს გახსნილი. გასული წლის ნოემბრიდან დღემდე მაღაზია სამჯერ გაქურდეს. სამივეჯერ გაქურდვა ერთნაირად მოხდა – მინის კარი ქვით ჩაამსხვრიეს და მაღაზიაში არასრულწლოვნები შევიდნენ. ბოლოს ნამცხვრის მაღაზია 13 მარტის ღამეს გაქურდეს.

„ნამცხვრებისთვის არც ერთ შემთხვევაში არ უხლიათ ხელი,“ – გვიყვება მზია რეხვიაშვილი. -„პირველ შემოსვლაზე სალაროში დატოვებული დაახლოებით 500 ლარი წაიღეს. შემდეგ თებერვალში გაგვქურდეს და 100 ლარი წაიღეს. ახლა სალაროში აღარ ვტოვებ ფულს და რაც იყო დარჩენილი ხურდები – სადღაც 30 ლარი წაიღეს… კარის აღდგენა ჯდება ძვირი, სადღაც 350 ლარი“, – გვითხრა მან.

ნამცხვრის მაღაზიას ვიდეოსათვალთვალო კამერა არ აქვს. მზია რეხვიაშვილის თქმით, შუშის კარის ჩამსხვრევის დროს სიგნალიზაცია ირთვება, თუმცა ვიდრე დაცვის სამსახური ადგილზე მიდის, სალარო აპარატიდან ფული მიაქვთ.

„კამერას აზრი არ აქვს, რადგან ამჯერად როცა გაგვქურდეს, პოლიციის განყოფილებაში გვითხრეს, რომ თებერვლის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილეს, ვერ დავაკავეთ, არასრულწლოვნები იყვნენო… გამოდის, ვიდეოკამერა რომც დავაყენო, ეს არაფერს შეცვლის, რკინის ჟალუზებით უნდა დავიცვა თავი,“ – აღნიშნავს მზია რეხვიაშვილი.

პოლიციელების დამოკიდებულება და, მათ შორის, სექსისტური გამონათქვამი მზია რეხვიაშვილის დამ – ჟურნალისტმა ნაზი რეხვიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გაასაჩივრა. გენინსპექციამ ამ შემთხვევაზე მოკვლევა უკვე დაიწყო.

„იმ ღამით როცა მივედი, პოლიციელებს დავუსვი კითხვა, რატომ ვერ გამოიძიეს ქურდობის წინა შემთხვევები. მითხრეს, რომ წინა შემთხვევა გამოძიებულია და სასამართლოს გადავეცით საქმეო. ვიკითხე, თუ გადაეცით საქმე, ეს დაზარალებულმა რატომ არ იცის-მეთქი და ამაზე გაღიზიანდნენ, თქვენ უნდა მოგეკითხათო. ვთხოვე პოლიციელებს, მათი სახელ-გვარები ეთქვათ, რადგან გენინსპექციაში უნდა დამერეკა. ერთმა მითხრა, რა იყო, ჩვენს დაშინებას აპირებო? მეორემ კი მიპასუხა, ქალი რომ არ იყო, ვიცოდი რასაც ვიზამდიო… გამირჩევდა საქმეს, თუ რას იზამდა, არ ვიცი…. რეალურად პოლიციელები მუშაობენ ისე, რომ აღარ მოგინდება რამე გამოიძიონ, შენი საქმე თავად უნდა მოიკითხო,“ – ამბობს ნაზი რეხვიაშვილი.

დღეს, 15 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნამცხვრების, ასევე, სურსათის მაღაზიების ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელიც ამ საქმეზე დააკავეს და ამ დროისთვის 15 წლისაა, წერეთლის ქუჩაზე მდებარე ნამცხვრების მაღაზია თებერვალშიც გაქურდა.

რა მოხდა თებერვალში არასრულწლოვნის მხრიდან ნამცხვრის მაღაზიის გაქურდვის ფაქტის დადგენის შემდეგ? – შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ მოზარდები ამხილეს, ხოლო რეაგირება პროკურატურის საქმეა. პროკურატურაში ამ თემაზე განმარტებას მოგვიანებით დაგვპირდნენ.

წერეთლის ქუჩაზე, ნამცხვრის მაღაზიის გვერდით, ტანსაცმელიც იყიდება. ეს მაღაზიაც გაუქურდავთ.

„ჩემი მაღაზიაც გაქურდეს ახალ წლამდე, რამდენიმე ქურთუკი წაიღეს… პოლიცია იყო მოსული, მერე არ ვიცი. მითხრეს, არასრულწლოვანი ბიჭები იყვნენო და აღარ მომიკითხავს“, – გვითხრა მაღაზიის მესაკუთრემ, იოსებ ბოლქვაძემ.

ამ დროისთვის რკინის ჟალუზებს სავაჭრო ობიექტებზე ბათუმში თითქმის ვერ შეხვდებით.

იოსებ ბოლქვაძე

ბათუმი, წერეთლის ქუჩა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: