მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიის პასუხი ენმ-ს, ქუჩების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით

15.03.2019 • 1005
ბათუმის მერიის პასუხი ენმ-ს, ქუჩების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის [ენმ] აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლის, მიშა ბოლქვაძის განცხადებით, შპს „ვი აი პი“-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დროულად არ დაასრულა. ხოლო ის სამუშაოები, რაც მერიამ ჩაიბარა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არ აკმაყოფილებს.

მიშა ბოლქვაძის თქმით, მერიამ კომპანიას ოთხი ქუჩის კეთილმოწყობისთვის 474 221 ლარი გადაურიცხა, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2018 წლის ნოემბერში, თუმცა დღემდე არ დასრულებულა.

„ტაოს, ხიხანისა და ახალგაზრდობის ქუჩები დღემდე მოუწესრიგებელია. ტაოს ქუჩაზე, სადაც არხი უნდა გაეკეთებინა, მხოლოდ ნაწილობრივ არის გაკეთებული და ამის მიუხედავად, მერიამ სამუშაოები მაინც ჩაიბარა. სადაც გააკეთეს, არც იქ გადის წყალი და ქუჩა მაინც იტბორება.

მერიამ ხუთჯერ შეუცვალა ვადები და მოარგო პირობები, მარტის დასაწყისში უნდა დასრულებულიყო ყველა სამუშაო, თუმცა კომპანია პირობებს არ ასრულებს,“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე.

მისი თქმით, ამ ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს, რადგან სანიაღვრე არხების გაკეთების შემდეგ მაინც იმაზე მეტი წყალი დგება, ვიდრე მანამდე.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ბათუმელები“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დაუკავშირდა.

„ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმდა 18 ოქტომბერს და სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 25 დეკემბერს, მაგრამ კომპანიამ ვერ შეძლო აღნიშნულ ვადაში სამუშაოების დასრულება, რის გამოც ის 5 310 ლარით დაჯარიმდა. თუმცა კომპანიამ სამუშაოები უკვე დაასრულა,“- გვითხრა კეთილმოწყობის სამმართველოს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა თენგიზ კორძაძემ.

მისივე განმარტებით, კომპანიას ქუჩების კეთილმოწყობა არ ევალებოდა, მას მხოლოდ მიწისქვეშა სამუშაოები უნდა შეესრულებინა.

„ხიხანის ქუჩაზე მოეწყო 180  მეტრი გრძივი სანიაღვრე სისტემა, ტაოს ქუჩაზე მოეწყო 451 მეტრი გრძივი სისტემა და დამონტაჟდა 19  მიმღები ჭა. პროექტში რაც იყო გათვალისწინებული, ყველაფერი შესრულებული აქვს,“ – ამბობს კორძაძე.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ქუჩების მოასფალტებისთვის ტენდერი ცალკე გამოცხადდება.

 

ენმ-ს წარმომადგენლის თქმით, ტაოსა და ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოებს იწუნებს.

ტაოსა და ხიხანის ქუჩის მცხოვრებლები.

ხიხანის ქუჩა ამ დროისთვის.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: