„შენი ხმა თანასწორობისთვის“-კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის



„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ქსელი“ (NCCE), „ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან“ (NDI) ერთად და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს რეგიონული სკოლების უფროსკლასელებისთვის სახელწოდებით შენი ხმა თანასწორობისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გენდერული თანასწორობის საბჭოს ან მის რომელიმე წევრს უნდა გაუგზავნონ წერილი, რომლითაც საბჭოს კონკრეტულ წევრს გაუზიარებენ თავიანთ შეხედულებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საბჭომ ან ზოგადად, საქართველოს პარლამენტმა ქვეყანაში გენდერული თანასწორობის გასამტკიცებლად.

წერილში შეიძლება განხილული იყოს:

  1. გენდერული საბჭოს პრიორიტეტებთან დაკავშირებული საკითხები. მაგალითად, რა საკითხებზე უნდა გაამახვილოს გენდერულმა საბჭომ ყურადღება პირველ რიგში და რატომ.
  2. გენდერული საბჭოს საქმიანობის ფორმებთან დაკავშირებული საკითხები – მაგალითად, რა მიდგომები უნდა გამოიყენოს გენდერულმა საბჭომ მოქალაქეებთან უკეთესად კომუნიკაციისთვის, დასახული მიზნების უკეთესად მიღწევისთვის და ა.შ.
  3. გენდერული საბჭოს ცალკეულ პრიორიტეტულ სფეროებთან დაკავშირებული საკითხები. მაგალითად, რისი გაკეთება შეუძლია საბჭოს ქალთა და გოგონათა გაძლიერებისთვის, ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდისთვის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისთვის და ა.შ.

საკონკურსო მოთხოვნების მიხედვით, წერილი ასევე შეიძლება შეიცავდეს მოსაზრებებსა და წინადადებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გახდიდა საბჭოს საქმიანობას უფრო საინტერესოს წერილის ავტორი უფროსკლასელისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ IX-XII კლასის მოსწავლეებს, რომლებიც სწავლობენ რეგიონებში.

წერილის შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:

  • კონკურსის თემასთან/მიზანთან შესაბამისობა
  • საინტერესო იდეა/მოსაზრება
  • კრეატიულობა და ინოვაციურობა

წერილის ტექნიკური მოთხოვნები:

სამუშაო ენა, ქართული; დოკუმენტის ტიპი: MS Word; ფონტი: Sylfaen; შრიფტის ზომა: 12; ინტერვალი: 1.15; მოცულობა: მაქსიმუმ 200 სიტყვა.

წერილში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, მისამართი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი და სკოლის დასახელება/ნომერი.

მნიშვნელოვანი პირობები:

პირობების მიხედვით,  ერთ მონაწილეს შეუძლია გამოგზავნოს მხოლოდ ერთი წერილი.

დაგვიანებით მიღებული წერილები არ განიხილება, წერილის ადრესატი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო ან მისი რომელიმე წევრი პერსონალურად, წერილი უნდა გამოიგზავნოს ელ. მისამართზე: info@ncce.ge

სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს: #შენიხმათანასწორობისთვის

წერილების გამოგზავნის ბოლო ვადა: 29 მარტი, 2019 .

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ათი საუკეთესო წერილის ავტორი. გამარჯვებულებისთვის მოეწყობა სპეციალური სასწავლო ტური თბილისში, სადაც საქართველოს პარლამენტის და კონკრეტულად, გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობის გაცნობის პარალელურად, გამარჯვებულებისთვის დაიგეგმება სპეციალური შემეცნებითი ღონისძიებები.

ორგანიზაცია  უფლებას იტოვებს, არ შეარჩიოს გამარჯვებულები, თუ მიღებული წერილები არ დააკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს.

საბჭო მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა და სხვ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com