მთავარი,სიახლეები

ქართული ასოები ანბანის კოშკთან ქვაფენილზეც განთავსდება – 2-მილიონიანი პროექტი

15.03.2019 • 5070
ქართული ასოები ანბანის კოშკთან ქვაფენილზეც განთავსდება – 2-მილიონიანი პროექტი

ბათუმის მერია ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 999 987 ლარია.

ტერიტორიის რეაბილიტაცია ქვაფენილზე ქართული ანბანის ასოების განთავსებასაც გულისხმობს. პროექტი, რომლის მიხედვითაც ჩატარდება სამუშაოები, მერიის დაკვეთით, კერძო კომპანიის მიერაა მომზადებული.

ანბანის კოშკის მიმდებარედ ერთ ადგილზე ბეჭდური ფილებით განთავსდება წარწერები „ანბანი“ [ესკიზი, ტიპი I ], ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა ადგილზე – ქართული ანბანის ცალკეული ასოები [ესკიზი, ტიპი II ].

კომპანია „ხობი 2005“-ში, რომელმაც პროექტი მოამზადა, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ იმ ადგილზე, სადაც პროექტში ასოების განლაგებაა მითითებული „შესაძლოა როგორც კონკრეტული ასოები, ასევე მთლიანად სიტყვები ან აფორიზმებიც განთავსდეს. ეს გაკეთდება ბეჭდური ბეტონით და შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ფერიც, რაზეც მერია შეთანხმდება“.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში განაცხადეს, რომ ფერი [ფერები] ტენდერში გამარჯვებულთან შეთანხმდება. რაც შეეხება იმას, ანბანის ასოები განთავსდება თუ სიტყვები ან აფორიზმები, სამმართველოში გვითხრეს, რომ განთავსდება მხოლოდ ანბანის ცალკეული ასოები.

ესკიზის ტიპები და მათი განთავსების ადგილები საპროექტო დოკუმენტიდან:

ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 120 კვ/მ ფართობს მოიცავს. სამუშაოები გულისხმობს არსებული გრანიტის ფილების, ბეჭდური ბეტონის, ველობილიკის, განათების ბოძებისა და დეკორატიული სკამების დემონტაჟს, მათი შემდგომში მონტაჟით; მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, არსებული გრანიტის ფილები გაიწმინდება და დაიგება; აღდგება ველობილიკი.

ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. სამუშაოები უნდა განხორციელდეს ორ ეტაპად. პირველი ეტაპის დაწყება სავალდებულოა ხელშეკრულების დადებისთანავე. მეორე ეტაპის დაწყების თარიღს განსაზღვრავს კეთილმოწყობის სამმართველო, რომელიც მიმწოდებელს აღნიშნულის თაობაზე აცნობებს წერილობით. ყოველ ეტაპზე მითითებული იქნება შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და შესრულების ვადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 23 მარტს დაიწყება და 26 მარტს დასრულდება. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [ბეჭდური ბეტონის საფარის მოწყობა] სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 4 მილიონი ლარის ოდენობით.

შესრულებული სამუშაოს საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.

ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს – ბათუმის მუნიციპალიტეტი [საკუთრების ნაწილი გადაცემულია „ბათუმის ბულვარზე“ მართვის უფლებით], აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ხოლო დიდი ნაწილი ქვაფენილით დაფარული ტერიტორიისა, რეესტრში ჯერ არავის საკუთრებაში არ არის ოფიციალურად რეგისტრირებული.

ამ ტერიტორიაზე ფილები განსაკუთრებით 2016 წელს, Maroon 5-ის კონცერტის დროს დაზიანდა – ფილები დატყდა, ალაგ-ალაგ კი მთლიანად ამოიყარა.

ამ თემაზე: „საოცრებათა პარკი“ კონცერტის შემდეგ

ანბანის კოშკი და მიმდებარე ტერიტორია ბათუმში / ფოტო: „ბათუმელები“, 2018წ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: