მთავარი,სიახლეები

როცა ვიღაც შენი სახელით „ფეისბუქში“ ფულს აკეთებს

14.03.2019 • 1893
როცა ვიღაც შენი სახელით „ფეისბუქში“ ფულს აკეთებს

„ამ სქემის  გაკეთება საკმაოდ მარტივია, რადგან ამ დროს გგონია, რომ თითქოს შენი ახლობელი ადამიანი გწერს და დახმარებას გთხოვს…“ – ამას ის ადამიანები ყვებიან, რომლებიც ინტერნეტში კონკრეტული თაღლითური სქემის მსხვერპლნი გახდნენ. მათი სახელებით ყალბი ფეისბუქანგარიშები შექმნეს და მათ ფეისბუქმეგობრებს ფული მოსთხოვეს. ზოგიერთმა, ვისაც ყალბი ანგარიშიდან დახმარების შესახებ შეტყობინება მიუვიდა, ფული მითითებულ ანგარიშზე უკვე ჩარიცხა.

„ესაა თაღლითური სქემა, რომელიც დიდი ხანია მუშაობს და ამ სქემის წარმატებას შსს-ს უყურადღებობა განაპირობებს“, – წერს „ფეისბუქში“ ედო მჟავანაძე. ამ შემთხვევაში ყალბი ანგარიში მისი ძმის – დავით მჟავანაძის სახელით შექმნეს, რომელიც მეზღვაურია და ამ ამბის შესახებ მას შემდეგ გაიგო, როცა ერთ-ერთ პორტში შევიდა, ინტერნეტთან წვდომა ჰქონდა და მის მეგობარს ფული თითქოს დავითის თხოვნით სხვისთვის უკვე ჩარიცხული ჰქონდა.

„რამდენიმე დღის წინ დამირეკეს, ხომ გაქვთ მშვიდობაო, – გვიყვება ედო მჟავანაძე. – „ტელეფონში ახლობელმა მითხრა, რომ ჩემს ძმას პრობლემა ჰქონდა და მისთვის თანხა უნდა ჩაერიცხა. მომწერა შენმა ძმამ, გემზეა და სასწრაფოდ ფული მჭირდებაო… მალევე გაირკვა, რომ ვიღაცას ჩემი ძმის ყალბი ანგარიში შეუქმნია. მერე ფეისბუქში დავწერე ამ თაღლითური სქემის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ერთ ჩემს ახლობელს უკვე ჩაურიცხავს ვითომ ჩემი ძმისთვის 100 ლარი“, – გვითხრა ედო მჟავანაძემ.

თანხა კრისტალბეთის ანგარიშზე ჩაირიცხა. ამ კომპანიაში ედო მჟავანაძემ გაარკვია, რომ ანგარიში მისი ძმის – დავითის პირადი ნომრითაა გახსნილა. „არ ვიცი, საიდან გაიგო ჩემი ძმის პირადი ნომერი“, – დასძენს ედო მჟავანაძე. მისივე თქმით, კრისტალბეთში მითითებული იყო იმ პირის მობილური ტელეფონის ნომერი, ვინც დავით მჟავანაძის სახელით ეს ანგარიში გახსნა, თუმცა ის გამორთული აღმოჩნდა.

ედო მჟავანაძეს პოლიციისთვის არ მიუმართავს. „არ ვიცი, შესაძლოა, მივმართო, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ჩართული ტელეფონი დავკარგე და ის ვერ ვიპოვე პოლიციის დახმარებით“, – გვითხრა მან.

მსგავსი პრობლემა 2018 წლის ოქტომბერში ბათუმში მცხოვრებ ნათია სირაბიძესაც ჰქონდა. მან პოლიციასაც მიმართა, თუმცა გამოძიება ამ დრომდე კონკრეტულ შედეგზე არ გასულა. შსს-ს ცნობით, გამოძიება თაღლითობის მუხლით გრძელდება.

ნათია სირაბიძე: „დამირეკა ახლობელმა, სად მოვიდე, მითხარი, თანხა უნდა მოგცეო. გამიკვირდა, რა ფულს მაძლევს-მეთქი. თურმე, ვიღაცას ჩემი ფოტოები აუღია, ყალბი გვერდი შეუქმნია ჩემი სახელით და ადამიანებს ფულის ჩარიცხვას სთხოვდა: ზოგს 1500 ლარს, ზოგს – 1000 ლარს, 150 ლარს და ასე შემდეგ… ფეისბუქის ადმინისტრაციას მივწერე, რომ ეს პრობლემა მქონდა და 15 წუთში ყალბი ანგარიში დაბლოკეს. პოლიციელებმა მითხრეს, რომ ყალბი გვერდის ფეისბუქანგარიში დაბლოკილია და თან ფული უკვე რომ ჩაერიცხა ვინმეს, იოლად ვიპოვიდითო…“

ნათია სირაბიძემ მისი ყალბი ანგარიშიდან სხვებისთვის გაგზავნილი ტექსტიც გვაჩვენა: „საიდუმლო მინდა გაგანდო… ჩემს ახლობელს გაუტანია სათამაშო პორტალიდან სხვისი თანხა და დასდევენ. დასდევენ ბავშვს. ფული მაქვს, მაგრამ ვერ ვასწრებ ვერაფრით…“ – წერია შეტყობინებაში. ამ შემთხვევაში ნათია სირაბიძის ყალბი გვერდის ავტორი ადრესატებს ფულის ჩარიცხვას „ევროპაბეთზე“ სთხოვდა.

ნათია სირაბიძეც და ედო მჟავანაძეც ამბობენ, რომ კონკრეტული მექანიზმი ვერ იარსებებს, როგორ შეიძლება დავიცვათ თავი მსგავსი თაღლითური სქემიდან. ორივე ამბობს, რომ ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ, როცა მათ ახლობელი ფულის ჩარიცხვას სთხოვს.

„უმჯობესია, თუკი მანამდე ტელეფონზეც დაურეკავენ და გადაამოწმებენ, ნამდვილია თუ არა ის პირი, ვინც ფინანსურ დახმარებას ითხოვს,“ – აღნიშნავს ნათია სირაბიძე.

მსგავს შემთხვევებზე დაწყებული გამოძიებიდან რომელიმე შემთხვევაში დაიწყო თუ არა შსს-მ ვინმეს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა? – შსს-ს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ამის გასაგებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: