მთავარი,სიახლეები

აჭარის ტელევიზიის წინ ორი ნაძვი მოთხარეს

14.03.2019 • 1438
აჭარის ტელევიზიის წინ ორი ნაძვი მოთხარეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, ორი ახალგაზრდა ნაძვი მოთხარეს. როგორც ბათუმის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი, დავით დიასამიძე ამბობს, ნაძვების მოთხრის გადაწყვეტილება ტელევიზიის ხელმძღვანელებთან ერთად მიიღეს.

“ეს ხეები იმიტომ მოითხარა, რომ უკეთეს ადგილას გადავიტანოთ. ხვალ დილით აქ უკეთესი ხეები დაირგვება. საერთო ჯამში ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, ტელევიზიამ და ჩვენ, რომ გადაირგოს. იმიტომ, რომ ნაძვი ნაკლებად სახიანი ხეა. ახლა სანერგეში მიგვაქვს, მერე უკვე ადგილს გამოვუძებნით შესაბამისს, სადაც მოუხდება კონკრეტული წიწვოვანი. ნახეთ, არ უხდება ამ ტერიტორიას. პროპორციულად არ ჯდება არანაირ ჩარჩოში,” – უთხრა “ბათუმელებს” დავით დიასამიძემ.

დავით დიასამიძის თქმით, ნაძვების ადგილას ტელევიზიის წინ საკურა დაირგვება. ჯერჯერობით არ არის შერჩეული ადგილი, თუ სად გადარგავენ ნაძვებს. გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჯერ ხეებმა სანერგეში სარეაბილიტაციო პერიოდი უნდა გაიარონ, ფესვები მოძლიერდეს, შემდეგ კი ადგილს შეარჩევენ და გადარგავენ.

კითხვაზე, რამდენად მართებული იყო ნაძვების გადარგვა, დიასამიძე პასუხობს:

“ნებისმიერი ხის გადარგვა მართებულია, თუ რაღაც შედეგი მოაქვს. ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ფოთლოვანი რომ იყოს, გაცილებით უკეთესია. ჟურნალისტები სამსახურში რომ შევლენ, კარგ გარემოში, უფრო კარგად იმუშავებენ”.

დავით დიასამიძის ინფორმაციით, ნაძვები ტელევიზიის წინ 2006 წელს დარგეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: