კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ინფორმაციას, რომელშიც მერიამ 100 000 ლარი დახარჯა, 4 წელია ორი სამთავრობო უწყება აზუსტებს

13.03.2019 • 2089
ინფორმაციას, რომელშიც მერიამ 100 000 ლარი დახარჯა, 4 წელია ორი სამთავრობო უწყება აზუსტებს

ინფორმაციას, რომლის მოძიებაში ბათუმის მერიამ 100 000 ლარი გადაიხადა, ოთხი წელია ორი სამთავრობო უწყება აზუსტებს. ამ ორიდან ერთის ხელმძღვანელმა, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მეორე – კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო საქმის გაჭიანურებაში [ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონების დამტკიცების საკითხი] 13 მარტს, ერთხელ უკვე დაადანაშაულა.

მეორე შემთხვევაში საკითხი ეხება ბათუმის მერიის მიერ ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილ 24 ობიექტს – მერიის მიერ სააგენტოსთვის მიწოდებულ დოკუმენტებს თან სააღრიცხვო ბარათები და რეესტრიდან ამონაწერები ახლავს. კონკრეტული საკითხის – ვინ აჭიანურებს პროცესს, სააგენტო თუ ბათუმის მერია – გარკვევას „ბათუმელები“ კვლევის დასრულებიდან [2015 წლიდან] დღემდე ცდილობს.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ დღეს, 13 მარტს, სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ბათუმის მერის შენიშვნას არ იღებს. სხვა დეტალების დასადგენად, რაც ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად სააგენტოში 2017 წელს წარდგენილი შენობების ნუსხასა და შესაბამისი დოკუმენტების განხილვა-დამტკიცებას ეხება, მან მოადგილესთან გადაგვამისამართა. მოადგილემ თავის მხრივ გვირჩია სააგენტოს კვლევის სამსახურის ხელმძღვანელს დავკავშირებოდით.

სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი გაგოშიძის ინფორმაციით კი, სააგენტოს ჯერ კიდევ არ მიუღია 2018 წელის აგვისტოში, ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ბათუმის მერიისთვის გაგზავნილ წერილზე პასუხი. შესაბამისად, არც პროცესი წაწეულა წინ. მისივე თქმით, სააგენტო მერიისგან ძეგლის ნიშნის მატარებელი ობიექტების მესაკუთრეების საკონტაქტო ინფორმაციას ითხოვდა, მათი პროცესში ჩართვის მიზნით, როგორც ადმინისტრაციული კოდექსი ითხოვს.

რატომ მოანდომა მერიამ 24 ობიექტის მეპატრონეზე ინფორმაციის მოძიებას რვა თვე და კიდევ რამდენი დრო დასჭირდება ამას? – ვიკითხეთ მერიაში, რაზეც უწყებაში გვითხრეს: „ინფორმაციას გადავამოწმებთ და მოგვიანებით დაგიკავშირდებით“.

მოგვიანებით მერიიდან არა, მაგრამ სააგენტოდან ისევ დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ იპოვეს ბათუმის მერიის შეტყობინება, რომელიც მერიას გასული წლის აგვისტოშივე დაუბრუნებია უკან.

„2017 წელის 13 აგვისტოს გავაგზავნეთ წერილი მერიაში და ვითხოვდით  ამხანაგობების თავმჯდომარეების მონაწილეობას ამ პროცესში… მერიამ გამოგზავნა წერილი, რომელიც სისტემაში შემოვიდა, კანცელარიაში როგორ დატრიალდა ამას მე ვერ ავხსნი – შეიძლება აიტი სამსახურის ჩართვა იყო საჭირო. მაგრამ დღეს, რადგან ასე აქტუალური გახდა ეს საკითხი, გადავამოწმებინეთ და ვიპოვე ეს წერილი“, – გვითხრა სააგენტოს იურიდილი სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ჩიხრაძემ.

წერილით, რომელიც მერიას აგვისტოში გაუგზავნია და სააგენტოში დღეს, 13 მარტს იპოვეს, მერიას მიუწოდებია მოთხოვნილი ინფორმაცია. სააგენტოში ამბობენ, რომ ესიც არასრულია, მაგრამ საქმის მსვლელობის დასაწყებად საკმარისი იქნება.

„რაც გამოგზავნილია, ამას მიეცემა მსვლელობა, განვიხილავთ საკითხებს, ვიმსჯელებთ და შემდეგ მესაკუთრეებსაც დავუკავშირდებით. თუ კი აღარ დაგვრჩა ბერკეტი მათი მოწვევის, მივიღებთ გადაწყვეტილებას მათგან დამოუკიდებლად. სხვა გზა არ გვექნება“, – დააზუსტა ალექსანდრე ჩიხრაძემ.

ბათუმში ძველი შენობებისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ისტორია 2015 წელს დაიწყო: „გეოგრაფიკმა“ აღწერა/შეისწავლა 24 სახლი ბათუმში და რეკომენდაცია გასცა, რომ ისინი ძეგლის ნიშნებს შეიცავენ/ძეგლის სტატუსს იმსახურებენ. შემდეგ კი ბათუმის მერიამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ერთად კიდევ დააზუსტა მონაცემები და 2017 იანვარში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს გადაუგზავნა განსახილველად. ამის შემდეგ შენობებისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცედურა უნდა დაწყებულიყო.

2018 წლის იანვარში ეროვნულ სააგენტოში „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ  მერიიდან სააგენტოში გაგზავნილი ინფორმაცია ისევ არასრული და დასაზუსტებელია.

„წარმოდგენილი სააღრიცხვო ბარათები ვერ პასუხობდა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მოთხოვნებს, არ იყო მოწოდებული სრულყოფილი  ფოტომასალა, რაოდენობა არ იყო რეალურ სურათთან თავსებადი, როგორც სტატუსის მისანიჭებელ, ასევე სტატუსის მოსახსნელ ობიექტებთან მიმართებაში. ამავდროულად, წარმოდგენილ სააღრიცხვო ბარათებში იყო მთელი რიგი უზუსტობები. ამიტომაც, საბჭოს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ მოთხოვნებს ვერ დავეყრდნობოდით,“ – გვითხრეს მაშინ სააგენტოს პრესსამსახურში.

სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, ეროვნულმა სააგენტომ “ბათუმელებს” დაუდასტურა, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაზუსტებული ინფორმაცია ეროვნულ სააგენტოს უკვე გადაუგზავნა.

2018 წლის დეკემბერში ამ თემაზე კიდევ ერთი სტატია მოვამზადეთ – იმ დროისთვის სააგენტო ისევ ამტკიცებდა, რომ პროცედურის დასაწყებად სრული ინფორმაცია არ ჰქონდა.

როცა დოკუმენტი ამბობს ერთს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო კი, ამტკიცებს საპირისპიროს 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: