მთავარი,სიახლეები

როგორი იქნება „ბათუმობა“ წელს, 28 აპრილს

13.03.2019 • 2116
როგორი იქნება „ბათუმობა“ წელს, 28 აპრილს

ბათუმის კულტურის ცენტრმა „ბათუმობა 2019“-ის ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა. წელს ბათუმობა“ 28 აპრილს გაიმართება ზღვისპირა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 219 300 ლარია.

ტექნიკური დავალების თანახმად, „ბათუმობის“ მთავარი სცენა ბულვარის კოლონადასთან იქნება, თეთრი და ცისფერი აფრებით მოირთვება და გამჭვირვალე პოლიკარბონატით გადაიხურება.

რაც შეეხება გასართობ პროგრამას, ბათუმის კულტურის ცენტრში გვითხრეს, რომ ამ დროისათვის მუსიკოსებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. პროგრამაში წარმოდგენილი იქნება სიმღერები ბათუმზე, ცოცხალი შესრულებით, ნიკა მემანიშვილის ორკესტრთან ერთად.

საზაფხულო თეატრის შესასვლელში მოეწყობა სცენა, სადაც წარმოდგენილი იქნება მუსკომედიის სპექტაკლი Welcome To Georgia, რომლის დასრულების შემდეგაც გაიმართება ბათუმელი ბენდების კონცერტი.

როგორც კულტურის ცენტრში გვითხრეს, წელს „ბათუმობის“ თემატიკაა ბათუმს დამეგობრებული ქალაქები. „ბათუმობაზე“ წარმოდგენილი იქნება ბათუმს დამეგობრებული 28 ქალაქის მთავარი შენობის მაკეტი, ასევე, დამეგობრებული ქალაქების  ნაციონალური ტანსაცმლის ფოტოსტენდი, ტერიტორიაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე კი გავა ამ ქალაქების შესახებ დამზადებული ვიდეო მასალა.

„ბათუმობაზე“ გაიმართება ბაზრობა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებსა და კაფე-ბარებს ექნებათ შესაძლებლობა წარმოადგინონ და გაყიდონ სუვენირები და საკუთარი ნაწარმი.

ტექნიკურ დავალებაში წარმოდგენილი დანართი

„ბათუმობაზე“ გაიმართება ფრანების შოუ, 14-მდე სპორტული ღონისძიება, საკუთარ თავს წარადგენენ მუზეუმები, ასევე, შედგება ფოტოგამოფენა – „კინო ბათუმში“.

„ბათუმობის“ ფარგლებში ლედ ეკრანზე აჩვენებენ ვიდეოკოლაჟებს ან ფილმს. აქვე იქნება პუფებიც – სულ 50 ცალი.

წელს ბათუმობა აღდგომის დღესასწაულს ემთხვევა. ტექნიკურ დავალებაში მითითებულია, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც „ბათუმობა“ გაიმართება, უნდა იყოს რვა ცალი, პასტელის ფერებში შეღებილი დეკორატიული კვერცხი, ყვავილებითა და სააღდგომო კვერცხებით მორთული 12 დეკორატიული ფეხსაცმელი, ფერადი ლენტებითა და დეკორატიული კვერცხებით მოირთვება ხეები, იქნება ცალკე კუთხე, სადაც შესაძლებელი იქნება სახისა და სააღდგომო კვერცხების მოხატვა. როგორც ბათუმის კულტურის ცენტრში ამბობენ, ეს კუთხე, ძირითადად, ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი.

ტექნიკურ დავალებაში წარმოდგენილი დანართი

საღამოს, ღონისძიების მიწურულს, გაიმართება ფოიერვერკი, „ბათუმობას“ კი  დიჯეის მიერ წარმოდგენილი მუსიკალური პროგრამა დაასრულებს.

ტენდერში წინადადებების მიღება 22 მარტს დაიწყება და 25 მარტს დაიწყება. ტენდერში მონაწილეს უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს ანალოგიური კულტურული ღონისძიების ორგანიზების შესრულების გამოცდილება.

______________

მთავარ ფოტოზე: „ბათუმობა 2018“. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: